კომენტარი

მოსალოდნელი საინფორმაციო ომი

17 ოქტომბერი, 2012 • 1863
მოსალოდნელი საინფორმაციო ომი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ სულ უფრო მეტად იკრებს ძალას მოსაზრება, რომ ექვსი თვის შემდეგ დამარცხებულები ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდებიან. ყოფილი მმართველი გუნდის ძალაუფლებისადმი ლტოლვას თუ გავითვალისწინებთ, ეს მოსაზრება არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული, თუმცა აბსურდულად მიმაჩნია ის აზრი, თითქოს ისინი დაკარგული ძალაუფლების დაბრუნებას ძალისმიერი მეთოდებით შეეცდებიან. მათ ძალის გამოყენების საშუალება რომ ჰქონოდათ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არჩევნების პერიოდშიც სიამოვნებით გამოიყენებდნენ. რეინკარნაციის ყველაზე რეალურ შანსს „ნაციონალთა“ გუნდს საინფორმაციო ომის დაწყება და მასში გამარჯვება აძლევს.

 

უკანასკნელი დღეების განმავლობაში სატელევიზიო მედიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ოპოზიციაში გადასული გუნდი აქცენტს სწორედ საინფორმაციო ომის სტრატეგიაზე აკეთებს. მოჩვენებითი სიმშვიდის უკან ამ „ომისთვის“ მზადების დიდი მცდელობები შეინიშნება. არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გაცხადებული ცესკოს მიერ, რომ უკვე გავრცელდა ინფორმაცია კეზერაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის 40 %-ის შეძენასთან და შემდეგ კვალის არევის მიზნით მის გადაყიდვასთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია „საქართველოს“ კუთვნილი მაუწყებლობის ლიცენზია თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაფუძნებულ და მართულ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ გადასცა.

 

პარალელურად „იმედის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ  ტელეკომპანია წყვეტს გასართობ გადაცემებს და საინფორმაციო ფორმატზე გადადის. ამას 15 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის მიერ გაკეთებული განცხადება დაემატა, რომლის მიხედვითაც „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს დაგროვილი დავალიანება ჩამოეჭრებათ. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყოფილი მმართველი გუნდი სატალევიზიო სივრცეში სერიოზულ გადაჯგუფებებს ახდენს და ხელისუფლების გადაბარებამდე ცდილობს სახელმწიფო რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს ამ მიმართულებით.

 

მართალია, ეს ტელევიზიები საზოგადოების ლობოტომიის ჩატარების მცდელობებს არ შეწყვეტენ, მაგრამ შეიცვლება მუშაობის სტრატეგია და შინაარსი. თუკი აქამდე ძირითადი დატვირთვა მოდიოდა ე.წ. „ინფოთეირტმენტზე“ (გართობა + ინფორმაცია), ახლა ყურადღება პოლიტიკურ შოუებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს დაეთმობა. თუკი აქამდე  ქვეყნის წარმატებულად წარმოჩენას და გასართობი შოუებით ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას ცდილობდნენ, ამჯერად ეცდებიან, რაც შეიძლება წინ წამოწიონ სოციალური საკითხები და ამით დააჯერონ მოსახლეობა, რომ წარსულში ვბრუნდებით, კრიმინალის დონემ მოიმატა, შევარდნაძის კადრები ბრუნდებიან და ა.შ.  ეს ყოველივე კი არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს.

 

თუმცა „ნაციონალური“ გუნდის მიზნების განხორციელება არ იქნება იოლი საქმე, რადაგანაც ზემოხსენებულ ტელევიზიათა ხელში ჩაგდება და შემდეგ მათი მართვა ხდებოდა არასამართლებლივი და  ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ძალაუფლების ბერკეტების შემცირების შემთხვევაში კი “ნაციონალთა” მხრიდან მედიის კონტროლიც შესუსტდება. მაგალითად, სამართლიანობის აღდგენის იმედით „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა უკვე დაიწყეს ბრძოლა საკუთრების დასაბრუნებლად. თუმცა საეჭვოა, ეს საკითხი ახლო მომავალში მოგვარდეს. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში „რუსთავი 2“ კვლავ ყოფილი მმართველი გუნდის სრული გავლენის ქვეშ იქნება. ეს ტელევიზია კი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

 

რაც შეეხება „იმედს“, ის უკვე დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს, მაგრამ ამ ნაბიჯმა გამოიწვია საზოგადოების დაეჭვება, რომ „ნაციონალები“ ცდილობენ შექმნან ილუზია, თითქოს ტელეკომპანიამ მათ მარწუხებს თავი დააღწია და მოგვიანებით ის ისევ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. თუმცა მესაკუთრის მოთხოვნით ტელეარხზე საინფორმაციო გამოშვებების დროებით შეწყვეტამ ეს ეჭვები გარკვეულწილად გაფანტა და გააჩინა მოსაზრება, რომ ახალი ხელისუფლება „ნაციონალთა“ საინფორმაციო ომის სტრატეგიას წარმატებულად უპირისპირდება და კიდევ ერთ ფრონტზე დაამარცხა. უდავოდ დადებითი მოვლენაა ტელეკომპანიის მესაკუთრისთვის დაბრუნება, თუმცა კარგი იქნებოდა, ეს პროცესი უფრო გამჭვირვალედ მომხდარიყო, რათა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საზოგადოება სრულად ინფორმირებული იყოს და ამით თავიდან ავიცილოთ უსაფუძვლო თუ საფუძვლიანი ეჭვების წარმოქმნა.

 

სწორედ ამ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება „საზოგადობრივი მაუწყებლის“ საკითხს. მნიშვნელოვანია მისი გათავისუფლება „ნაციონალური“ ერთგულებისგან და ხალხისთვის დაბრუნება, ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის დანიშვნას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელებს და არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი. ის ყალბი ნეიტრალურობა, რომელსაც არხი წლების განმავლობაში პროპაგანდის შესაფუთად იყენებდა, საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირების პოლიტიკამ უნდა ჩაანაცვლოს.

 

თავის მხრივ, სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნა მოქმედების არეალს გაუფართოებს „მაესტროსა“ და „მეცხრე არხს“ და საშუალებას მისცემს, დაარღვიონ ნაციონალური არხების მონოპოლია ინფორმაციის გავრცელებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამით მათ უნდა შეძლონ ხელისუფლების მიერ 9 წლის მანძილზე კარგად გამართული დეზინფორმაციის მანქანისთვის ხელის შეშლა, რასაც გარკვეულწილად ახერხებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, სახელმწიფო ტერორისგან გათავისუფლების შემდეგ კი ამის მეტი საშუალება მიეცემათ.

 

ნაციონალური არხების საპირწონედ ჩამოყალიბებისთვის კი აუცილებელია ამ არხებმა მოსახლეობის ნდობა შეინარჩუნონ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე არხი პირდაპირ ასოცირდება ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან, ის არ უნდა იქცეს ახალი ხელისუფლების ჯიბის ტელევიზიად. ჯერჯერობით მათდა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ არ უცდიათ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ ჩამოყალიბება და  ინარჩუნებენ კონკრეტულ პოლიტიკური ჯგუფზე ორიენტირებულ, მაგრამ არა დეზინფორმაციულ ნიშას.

 

დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში კი მნიშვნელოვანია მედიის საბოლოოდ გათავისუფლება სახელმწიფოს მარწუხებისგან. საქართველოს მსგავს მცირერიცხოვან ქვეყანაში, სადაც სატელევიზიო სივრცეში ინვესტიციის ჩადება კომერციულად არც ისე მომგებიანია, ეს რთულად მისაღწევია, მაგრამ შესაძლებელია სერიოზულ რეგულაციების საშუალებით, რაც შეამცირებს ნებისმიერი ჯგუფის მიერ ტელევიზიების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ალბათობას.

 

მართალია, რეგულაციები გარკვეული ჯგუფების მხრიდან აღიქმება როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვა, თუმცა, მეორე მოსაზრების თანახმად, რეგულაციების და საერთო სტანდარტების გარეშე მედია მარტივად შეიძლება იქცეს დეზინფორმაციის საშუალებად. ორივე მოსაზრებაში არის სიმართლის მარცვალი, ამიტომაც მათ შორის ოქროს შუალედის დასაცავად და გადაცდომების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მედიასფეროში სერიოზული რეფორმის ჩატარება, რომელიც საზოგადოების მხრიდან არჩეული ნდობით აღჭურვილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ უნდა შემუშავდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი