კომენტარი

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო ევროინტეგრაციაზე, არამედ – ევროკავშირში გაწევრიანებაზე

23 დეკემბერი, 2016 • 6626
ვანო ჩხიკვაძე: ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო ევროინტეგრაციაზე, არამედ – ევროკავშირში გაწევრიანებაზე

20 დეკემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების უკვე რიგით მე-3 ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის. რას ნიშნავს ეს ჩანაწერი როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით და ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი გააკეთოს? – ნეტგაზეთის შეკითხვებს ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელი, ევროპათმცოდნე ვანო ჩხიკვაძე პასუხობს:

ეს არის ერთ-ერთი და, მე მგონი, ერთადერთი [საქართველო-ევროკავშირის] ერთობლივი კომიტეტი, სადაც მსგავსი განცხადება გაკეთდა. ასეთი რამ  სხვა ერთობლივი ინსტიტუტების დოკუმენტებში, როგორიც არის ასოცირების საბჭო და ასოცირების კომიტეტი, არ დაფიქსირებულა… ყოველ შემთხვევაში იმ ინფორმაციით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რადგან მათი შეხვედრის ოქმები დახურულია. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი იმდენად საკრალურია, რომ მისი ხსენება და ორმხრივ ურთიერთობებში შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ამას ასე ადვილად არ აკეთებს. კარგი ის არის, რომ 2016 წლის იანვარში მიღებულ რეზოლუციაშიც, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას ეხება, 49-ე მუხლი ნახსენებია. იმედია, ასეც გაგრძელდება. რაც შეიძლება ხშირად უნდა იყოს რეფერენსი ამ მუხლზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს წარმომადგენელი პოლიტიკოსების გამოსვლაში შეიცვალოს სიტყვათა წყობა [ე.წ. ვორდინგი]. უფრო ხშირად უნდა იყოს აპელირება ამ 49-ე მუხლზე, ანუ იმაზე, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი  ევროკავშირში გაწევრიანებაა.

თავის დროზეც, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება შედგა, იქაც ცდილობდა ქართული მხარე ამის დაფიქსირებას…

დიახ. აქ ლაპარაკია ევროპული პერსპექტივის მიცემაზე. მაშინაც იყო საუბარი ამაზე, რომ ევროპული პერსპექტივა ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებულიყო. უშუალოდ ამ საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი ბოლო მომენტამდე მიმდინარეობდა.

თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

დიახ. ევროპული პერსპექტივა, ძალიან უხეშად რომ შევადაროთ, ფაქტობრივად, ნიშნავს იმავეს, რაც ჩვენ გვაქვს ნატოსთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ალიანსის  წევრი ქვეყანა გახდება. თითქმის იგივეა ევროპული პერსპექტივა, ოღონდ ევროკავშირთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ამის მოპოვება ვერ ხერხდება. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საქართველო გამუდმებით ასრულებს სავარჯიშოს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწეროს ეს ორი  ჯადოსნური სიტყვა: ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული შედეგი არ გვაქვს.

აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ იანვრის რეზოლუცია, რაც თქვენ ახსენეთ, არ არის საკმარისი?

საპარლამენტო რეზოლუციას  სამართლებრივად სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა არ აქვს. ცხადია, ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ მისი მნიშვნელობა, რადგან ძალიან კარგია, როცა  ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუცია ასე უყურებს საქართველოსთან ურთიერთობების მომავალს, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს [რეზოლუცია] გადამწყვეტია, ნამდვილად არ იქნება სწორი.

იგივე ითქმის ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივ განცხადებაზეც?

დიახ, აქაც იგივეა. მართლაც ძალიან კარგია ეს ჩანაწერი, მაგრამ იმის თქმა, რომ ამით ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვაქვს და გაგვაჩნია დაპირება იმის შესახებ, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება, სიმართლე არ იქნება.

ანუ ამას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამართლებრივი?

დიახ, ზუსტად ასეა.

ეს განცხადებები საკმარისია, თუ უფრო მეტს უნდა ეცადოს საქართველო?  არსებობს მოსაზრება, რომ საქართველომ უკვე უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე?

[ევროკავშირში გაწევრიანებაზე] განაცხადის გაკეთება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე. ამაზე სამართლებრივად შეზღუდვა არ არსებობს. სახელმწიფოს, რომელიც თვლის, რომ 49-ე მუხლით გაწერილ ვალდებულებებს შეასრულებს, შეუძლია განაცხადი გააკეთოს. აქ მთავარია, რომ განაცხადს მოულოდნელობის ეფექტი არ ჰქონდეს. ანუ წინასწარ უნდა მოხდეს შემზადება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა იქნება ამაზე რეაქცია [ევროკავშირის მხრიდან].

რამდენად არის ახლა კარგი დრო ასეთი განაცხადისთვის, როდესაც ევროკავშირში არსებობს ლტოლვილების ე.წ. კრიზისი, ასევე, ძლიერდებიან ევროსკეპტიკოსი პარტიები და ა.შ.

განაცხადის გაკეთებაზე ჩვენთან მსჯელობა საერთოდ არ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება რამის თქმა. ამაზე საუბარს კანტიკუნტად თუ გავიგონებთ ხოლმე, სოციალურ ქსელში თუ დაწერს ვინმე რაიმეს ან მედია თუ შეეკითხება… აქ მხოლოდ ხელისუფლებაზე არ ვსაუბრობ, ვგულისხმობ სამოქალაქო საზოგადოებასაც, მედიასაც და ხელისუფლებასაც. ამაზე დისკუსია არ არის დაწყებული.

მე ამ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად არის ამ პერიოდში მიზანშეწონილი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება?

ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, რომ  ვიზალიბერალიზაციის საკითხის დასრულებას დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ ამ თემაზე. დრო, როგორც ასეთი, და  შესაძლებლობის ფანჯარა ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ და არ დაველოდოთ იმას, რომ ამ ფანჯარას ვიღაც გააღებს. არა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, საჭიროა [პროცესის] შემზადება. ამ წუთას ამ ნაბიჯის გადადგმას, როცა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი მინიშნებასაც კი არ აკეთებს ამაზე, მოულოდნელობის ეფექტი ექნება და ძალიან ბევრს გაუკვირდება [ევროკავშირში], ეს რომ ახლა გავაკეთოთ. ქვეყნის შიგნით ჩვენს შორისაც კი არ არსებობს ამაზე საუბარი და, ცხადია, მზადყოფნაც.

როგორ უნდა შეიქმნას ეს ფანჯარა? ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ახორციელებს თავისი კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას. ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება საკმარისი იქნება, თუ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უფრო მეტი რაღაცის გაკეთებაა საჭირო?

არა, საკმარისი არ არის. ჩვენ არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ თუ ასოცირების ხელშეკრულებას შევასრულებთ, გაწევრიანება/არგაწევრიანების თაობაზე საქართველოზე ევროკავშირს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაღა ექნება მისაღები.

ასოცირების ხელშეკრულების შესრულება აუცილებელია, მაგრამ ეს არის ერთი გზა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულიად სხვა მიმართულებაა. როგორც ვიზალიბერალიზაციის პროცესი განსხვავდება ასოცირებისგან და ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ (თუმცა შეგიძლია ყველაფერი დააკავშირო,) ისევეა აქაც. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით ნამდვილად წინ მივდივართ, მიუხედავად პრობლემური საკითხებისა, მაგრამ გაწევრიანების კუთხით მოძრაობაც კი არ გვაქვს დაწყებული.

ანუ, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაიწყებს, უფრო მეტი რაღაც იქნება შესაცვლელი მის კანონმდებლობაში?

რა თქმა უნდა, ეს ცოტა განსხვავებული პროცესია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვთვლიდეთ, რომ 49-ე მუხლის კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ და შემდეგ იწყება, ასე ვთქვათ, აპლიკაციის პროცესი.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას პროცესის დაწყება უნდა დაავალოს, ანუ ქვეყანა კანდიდატ სახელმწიფოდ ჩაითვალოს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ უკვე მოლაპარაკებები იწყება. ამ პროცესში ფიგურირებს კანონმდებლობის სქრინინგი, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების  შემთხვევაში 2-4 წელიც კი დასჭირდა ამ პროცედურას. აქ საუბარია დაახლოებით 3000 შეკითხვაზე, რომელზეც ევროკავშირის წევრობის მსურველმა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს. მაგალითად, არის ასეთი შეკითხვა: რა რაოდენობის ნარჩენები იწარმოება ქვეყნაში და როგორ ხდება მათი დახარისხება და გადამუშავება. არ არსებობს სფერო, რომელსაც ეს კითხვარი არ ეხება. კითხვარი ეგზავნება ქვეყანას და ამის მიხედვით ის იწყებს სქრინინგს, ანუ საკუთარი თავის შეფასებას. შემდეგ იწყება მოლაპარაკების რაუნდი და ბოლოს გაწევრიანების პროცედურა. ანუ საჭიროა ევროპარლამენტის  და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, რასაც, საბოლოო ჯამში, წლები სჭირდება. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თუ ავიღებთ, მათ 10-14 წელი დასჭირდათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

სქრინინგის წინასწარ დაწყება და საქმის წინ წაგდება ხომ შესაძლებელია?

ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის არის ხოლმე ეს [სქრინინგის წინასწარ განხორციელება]. ამას ვერავინ  დაგვიშლის და არავის თანხმობა არ გვჭირდება. სხვათა შორის, ზოგიერთ პოლიტიკური პარტიას ეს ამ არჩევნებზე თავის საარჩევნო პროგრამაში ჩაწერილი ჰქონდა. ჩვენ შეგვიძლია ეს კითხვარი ავიღოთ და თვითონ შევაფასოთ ჩვენი თავი, რამდენად ვართ მზად სხვადასხვა მიმართულებით. მე ველი, რომ გარკვეულ სფეროებში დიდწილად ყველაფერი გაკეთებული გვექნება თუნდაც იმის გამო, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ბევრი ვალდებულება გვქონდა აღებული, რომელიც შევასრულეთ [ყოველ შემთხვევაში ასეთია შეფასება]. ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ამ 2500 კითხვიდან  ყველაზე  ნეგატიური პასუხი გვექნება. ჩემი აზრით, შესაძლოა, კითხვების 25%-ზე  დადებითი პასუხი გვქონდეს. არის სფეროები, სადაც, შესაძლოა, ბევრ სექტორალურ ნაწილზე მოგვიწიოს დაფიქრება, რას ვაპირებთ. თუ ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, ვფიქრობ, რომ ეს არის დავალება, რომლის გაკეთებაც წინმსწრებად შეგვიძლია.  მაგალითად, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში [რომელიც საქართველოს 2013 წელს გადაეცა]  ჩადებული იყო ბიომეტრიული პასპორტების მოთხოვნა, საქართველოში კი ამ ტიპის პასპორტების გაცემა 2010 წლიდან დაიწყო. ეს მაშინ ხომ არავის მოუთხოვია ჩვენთვის?! ქვეყანამ თვითონ ჩათვალა საჭიროდ ამის გაკეთება, იგივე შეგვიძლია ამ სქრინინგის პროცედურაზეც.

და ალბათ საჭიროა დიპლომატიური და პოლიტიკური პრესინგი…

ცხადია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში საქართველოს გაცხადებულ სურვილს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით სიხარულით შეხვდებიან. ეს ასე ნამდვილად არ იქნება, ამას სჭირდება ძალიან აქტიური მუშაობა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს გასაკვირი, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ საქართველო საერთოდ არ არის ევროპა, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ საქართველო ჯერ ამისთვის მზად არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ  არ ვითხოვთ ამ წუთას გაწევრიანებას, ჩვენ გვსურს პროცესის დაწყება, რომელიც არავინ იცის, როდის დასრულდება. ზუსტ თარიღს ზეპირად ვერავინ იტყვის. შეიძლება ვიღაცას სასაცილოდაც არ ეყოს ის, რომ საქართველო  ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს, უბრალოდ, ამაზე ჩვენ თვითონ არ გვაქვს ქვეყნის შიგნით დისკუსია დაწყებული. პირველ რიგში, სწორედ ესაა გასაკეთებელი. ამ პროცესში ძალიან დიდი როლი გვაქვს ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. რაღაც ეტაპზე ჩვენ ეს საკითხი უნდა დავაყენოთ.

ჩემი აზრით, კარგი იქნება რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ, ჩვენ სერიოზულად დავიწყოთ ამ თემაზე მსჯელობა და ვილაპარაკოთ არა მარტო ევროინტეგრაციაზე, რომლის დეფინიციაც, ცოტა არ იყოს, რთულია, არამედ ვისაუბროთ [ევროკავშირში] გაწევრიანებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში შეიცვალოს რიტორიკა, რომ საბოლოო მიზანია არა ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, არამედ  49-ე მუხლის გამოყენება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ვინმესთვის სიურპრიზი არ იქნება, მაგრამ რაც უფრო მალე ვიტყვით ამას და მალე გავბედავთ, მით უფრო კარგი იქნება, ჩემი აზრით.

და ეს უნდა მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პარალელურად?

დიახ. ეს არის ორი სხვადასხვა მიმართულებით სამოძრაო გზა. ძალიან ბევრ თემაზეა საფიქრი. მაგალითად, ამ მიმართულებით მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ვაპირებთ მოძრაობას, თუ ინდივიდუალურად? ამას შეიძლება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ საკითხებზე ჩვენთან დისკუსია არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი