კომენტარი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი

9 დეკემბერი, 2016 • 8471
რას ნიშნავს საქართველოსთვის ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის პარალელურად ევროსტრუქტურები ამტკიცებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ე.წ. სწრაფი შეჩერების ახალ მექანიზმს. რას ნიშნავს ეს მექანიზმი და რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ქვეყანას ევროკავშირთან დადებული უვიზო რეჟიმი შეუჩერონ? – ნეტგაზეთის კითხვებს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე პასუხობს:

შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას 4 ძირითადი კომპონენტის საფუძველზე.

  1. თუ ქვეყნიდან საგრძნობლად გაიზრდება  იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან.  ან გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ.
  1. თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება.
  1. თუ ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით.
  1. თუ ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადობეირვი წესრიგსა და უსაფრთხოებას.

თუ ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა აღმოაჩენს, რომ ამ 4 პუნქტიდან არსებობს ერთი საფუძველი მაინც, ანუ თუ ერთი მაინც ირღვევა [უვიზო რეჟიმის პირობებში], მას შეუძლია მიმართოს ევროკომისიას, წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში, რომ ასეთი მდგომარეობაა ამ ქვეყნაში. ამას შეისწავლის კომისია და პარლამენტთან და საბჭოსთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას შეჩერების შესახებ.

[უვიზო რეჟიმის] შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთი თვის ვადაში, ან შეაჩერებენ, ან- არა. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის ავტომატურად შევა ძალაში. მას აღარ სჭირდება გამოქვეყნება, დაბეჭდვა და ა.შ. უვიზო მიმოსვლის შეჩერება 9 თვის ვადით მოხდება, თუმცა ის შეიძლება 18 თვემდეც გაიზარდოს, თუ ვითარება არ შეიცვლება.

თქვენ როდესაც 4 საფუძველი ჩამოთვალეთ, პირველ პუნქტში თქვით, თუ საგრძნობლად გაიზრდება   იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც საზღვარიდან გამოაბრუნებენო, რას ნიშნავს აქ სიტყვა საგრძნობლად?

ამ წუთის მდგომარეობით, [შეჩერების მექანიზმის] პროექტის სამუშაო ვერსიაში ძალიან ზოგადი ჩანაწერია, როცა ის საბოლოოდ დამტკიცდება, შეიძლება შეიცვალოს.  არ ვიცი, მაგრამ ახლა ძალიან ზოგადი ჩანაწერია. რას გულისხმობს საგრძნობი ზრდა, ამის კონკრეტიკა არ არსებობს.

ანუ თუ ასე დარჩება, ამას გადაწყვეტენ ევროსტრუქტურები?

ეს  ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრ მხოლოდ ერთ სახელმწიფოში დაარღვევს ზემოხსენებული 4 პუნქტიდან ერთ-ერთს, უვიზო რეჟიმი ევროკავშირის უშუალოდ ამ ქვეყანაში შეჩერდება, თუ მთლიანად შენგენის ზონაში?

ეს ეხება მთლიანად შენგენის ზონას.

ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერების ერთი მექანიზმი უკვე აქვს მიღებული 2013 წელს [რომელიც ჯერ არავის წინააღმდეგ არ გამოუყენებია], რით განსხვადვება ახალი ძველისგან?

საფუძველები, ანუ ეს 4 კომპონენტი იგივეა. აქ საუბარია ვადებზე. ადრე იყო 6-თვიანი შეჩერების ვადა, ახლა გაიზარდა 9 თვემდე. 18 თვემდე გაგრძელების  ვარიანტიც ახალია. ამასთან, ადრე არ იყო დაკონკრეტული, რა ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება კომისიას და ახლა ესეც დაკონკრეტდა – მიმართვიდან ერთ თვეში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება.

ამ ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმზე ძალიან დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ ევროკავშირის შიგნით, კონკრეტულად რა საკითხზე მიმდინარეობდა დისკუსია?

[დისკუსია იყო იმაზე] ვის ექნებოდა ამის გამოყენების უფლება. ეს შიდა ინსტიტუციონალური პრობელმა იყო. ვიღაცას უნდოდა, რომ მხოლოდ მას მიეღო [უვიზო რეჟიმის შეჩერების] გადაწყვეტილება. მეორე თვლიდა,  რომ პროცესში სხვა ინსტიტუტებიც უნდა ჩართულიყვნენ. ამის გამო გაიწელა პროცესი დროში.

კონკრეტულ ქვეყნებს სურდათ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება თვითონ მიეღოთ ევროსტრუქტურების გვერდის ავლით?

კონკრეტულ ქვეყნებს უნდოდათ, რომ ევროინსტიტუტებთან ნაკლებად ჰქონოდათ შეხება, ანუ ინსტიტუტების ნაკლები ჩართულობა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებაში.

რაც ასე არ მოხდა… და უფრო კონსენსუსური გადაწყვეტილება მიიღეს, ხომ საბოლოოდ?

ასე არ მოხდა. გამორიცხული იყო, რომ მხოლოდ წევრ ქვეყნებს მიეღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ყოფილიყო ამ ინსტიტუციების მხრიდან ჩართულობა.

მართალია, საქართველოს ჯერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არ მიუღია, თუმცა საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს მალე მოხდება. რა რეკომენდაციას მისცემდით საქართველოს ხელისუფლებას, რათა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანას არ შეექმნას ის პრობლემები, რომლებზეც მანამდე ვსაუბრობდით?

მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ძალიან მასიური სიანფორმაციო კამპანია იმაზე, თუ რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა, რათა საქართველოს მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ არასწორი მოლოდინები და არ ეგონოთ, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში ლეგალურად დასაქმების საშუალებასაც იძლევა. ასევე, საჭიროა კამპანია იმისათვის, რომ ამ პროცესს არ მოჰყვეს უკუეფექტი, ანუ ადამაინებს არ ეგონოთ, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში  ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე შეუძლიათ ევროკავშირში შესვლა. შედეგად კი, ამას არ მოჰყვეს ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანი მოაბრუნონ საზღვრიდან უკან და  არ გაჩნდეს საფრთხე, რომ ვიღაცას ევროკავშირში [საქართველოს მხრიდან] ზემოხსენებული 4 პუნქტის დარღვევაზე აპელირების საფუძველი მიეცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი