კომენტარი

ნაცვლიშვილი: უნდა ვიცოდეთ, რა ნიშნით წარადგინეს და აირჩიეს საკონსტიტუციოს თავმჯდომარე

22 ოქტომბერი, 2016 • 1948
ნაცვლიშვილი: უნდა ვიცოდეთ, რა ნიშნით წარადგინეს და აირჩიეს საკონსტიტუციოს თავმჯდომარე

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთთან” საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ როგორი იქნება ახალი თავმჯდომარე, ამაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იმეტყველებს.

ზაზა თავაძე ერთ-ერთია იმ ხუთი მოსამართლიდან, რომლებმაც 2016 წლის 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს ზოგიერთი საქმის, მათ შორის, “რუსთავი 2”-ის საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ ზაზა თავაძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათთვის “ყველა საქმე არის ერთი და იგივე”.

ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ კონკრეტული საქმეებისთვის პრიორიტეტის მინიჭება შეიძლება ლეგიტიმური იყოს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმი. მაგალითად, იმ საქმეებს, რომლებზეც ადამაინები ციხეში სხედან, სტრასბურგი უფრო დაჩქარებული ტემპით განიხილავს.

“ასევე, სტრასბურგს აქვს ნამსჯელი თავის გადაწყვეტილებებში, რომ სავსებით შესაძლებელია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, მიუხედავად იმისა, რიგითობით ის ადრე შევიდა თუ გვიან, პრიორიტეტულად განიხილოს ქვეყნის შიგნით მართლმსაჯულების სისტემამ. ისეთი ტიპის საქმე, როგორიც არის კაბელების საქმე, როდესაც ადამიანები ციხეში სხედან, სადაც, საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია უფრო ძლიერია, საკონსტიტუციო სასამართლოს უფრო სწრაფად რომ განეხილა, არ მოვიდოდა წინააღმდეგობაში იმავე სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. პირიქით, ასეც უნდა მომხდარიყო, ჩემი აზრით. ის ხელოვნული შეფერხებები, რაც ჩნდებოდა სასამართლოში და რომელშიც მონაწილეობდა თავაძე – ძალიან ცუდად მოქმედებდა სასამართლოს იმიჯზე,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ იმის თქმა, რომ ყველა საქმე არის ერთი, არ არის სწორი და როდესაც საქმეს აქვს პოლიტიკური კონტექსტი, ხშრად სწორედ ამ ტიპის საქმეები არის ლაკმუსის ქაღალდი, თუ როგორი საკონსტიტუციო სამართალწარმოება არსებობს კონკრეტულ ქვეყანაში.

“საკონსტიტუციო სასამართლოს როლი პოლიტიკური კონტექსტის მქონე ან პოლიტიზიბულ საქმეებში არის, რომ იმდენად სამართლებრივად გამართული პოზიცია ჩამოაყალიბოს საქმესთან მიმართებაში, იმდენად დასაბუთებული, იმდენად თანმიმდებრული, ქვეყანაში მოქმედი კარგი სტანდარტების გათვალისწინებით, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს საქმის პოლიტიკური ელფერი. თუ სასამართლო ამას ვერ მოახერხებს თავისი დასაბუთებული, მაღალი სტანდარტის მქონე სამართლებრივი მსჯელობით, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პოლიტიზებას, რისი მაგალითებიც საქართველოში ვნახეთ. პოლიტიზების შემცირების ნაცვლად  გაზარდა, მათ შორის, შეიძლება, განხილვის დროით მანიპულირებით. ყველა საქმის ერთ თარგზე მოჭრა, რომ ყველა საქმე თანასწორია, სასამართლოს ამ მნიშვნელოვან ფუნქციას აკნინებს იმიტომ, რომ სწორედაც, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან აწეულია ქვეყანაში კონკრეტული საქმის გამო, ძალიან რთული გამოწვევაა ეს სასამართლოსთვის, მაგრამ მაშინ აქვს მნიშვნელობა, რომ მაშინ დააცხროს ეს ტემპერატურა სასამართლომ. ყველა საქმის ერთ ქვაბში მოხარშვის ლოგიკა, ვფიქრობ, რომ სასამართლოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას არ აღიარებს, რომ მას აქვს პოლიტიკური ტემპერატურის დაწევის ვალდებულება პოლიტიზებულ საქმეებში. ეს უნდა გააკეთოს კანონის და სტანდარტების სწორი გამოყენებით,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნეტგაზეთთან მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დამსახურებების გამო ინიშნება ესა თუ ის ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამის დასაბუთების ვალდებულება არ არსებობს.

“ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა ინსტიტუტების იმედზე უნდა იყოს, მაგრამ ინსტიტუტები, მათ შორის, იქმნება კონკრეტული ადამიანების მხრდან და ვიდრე ამ კონკრეტულ ადამიანებს ვინმე ნდობას გამოუცხადებს, ძალიან ბევრი უნდა იფიქროს. ეს ფიქრი წარსულშიც ნაკლები იყო და, ვფიქრობ, დღესაც არ იქნებოდა ურიგო პროცედურების დახვეწა იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომპეტენტური და მაქსიმალურად პრინციპული ადამიანები იკავებდნენ ასეთ თანამდებობებს… თავის დროზე რა დამსახურებების და რა ნიშნის გამო იყო ეს ადამიანი, რა ნიშნით გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ახლა რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა წარდგენილი და არჩეული, ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს ინტერესი და კარგი იქნება, თავის დროზე დანიშვნის საფუძვლებზე და ახლა თავმჯდომარედ არჩევის საფუძვლებზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა საზოგადოებას თავიანთი პოზიციები მიაწოდონ,”- განაცხადა მან.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც მაგალითები გვიჩვენებს, ამ თანამდებობაზე ყველაზე პრინციპული ადამიანები არ ინიშნებიან:

“მნიშვნელოვანი რჩება დღესაც, რომ მაქსიმალურად კომპეტენტური და პრინციპული ადმიანები იყვნენ წარდგენილი ამ თანამდებობაზე. ჩვენ თავაძის და სიჭინავას მაგალითებზეც ვნახეთ, რომ ვერც ძველად ვერ იყვნენ პრინციპული ადამიანები წარდგენილი და მათ ძალიან სწრაფად იცვალეს ფერი, პოლიტიკურმა სიომ სხვა მიმართულებით რომ დაუბერა და ასევე არ არის გამორიცხული, რომ დღეს მოქმედი შემადგენლობაც ვერ გაუმკლავდეს პოლიტიკურ გავლენებს, იქნება ეს ხელისუფლებიდან თუ რაიმე სხვა მიმართულებიდან წამოსული პოლიტიკური გავლენები,”- ამბობს საიას თავმჯდომარე.

“მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმსაჯულება განახორციელოს იმგვარად, რომ გარე დამკვირვებლებს და  მოდავე მხარეებს არ დარჩეთ განცდა, რომ არის გარკვეული შერჩევითობა თუ დიფერენციაცია. მით უმეტეს, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მაღალი პოლიტიკური ინტერესი, ან განსაკუთრებით სენსიტიურია საქმე დავის დავის საგნიდან გამომდინარე, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ განხილვაც, შედეგიც იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული, სამართლებრივ ჩარჩოებში და არანაირ შიდა თუ გარე არასათანადო ჩარევების, მაგალითად, პროცესების ხელოვნურად შეფერხება, არმისვლა, ძაღლების გასეირნება და ასე შემდეგ, ამის განცდები არ გაჩნდეს და ასეთ ფაქტები არ შედგეს,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საუბრობს, რომ 30 ოქტომბერს ჩატარებული მეორე ტურის არჩევნების შედეგად შესაძლოა “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესიბა მოიპოვოს, რაც დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. საიას თავმჯდომარეს ვკითხეთ, რამდენად მოახდენს გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობაზე გავლენას, თუ ერთი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებას შეძლებს.

“ალბათ ყველას გვახსოვს, როდესაც შეკრების და მანიფესტაციის კანონში იყო არაკონსტიტუციური დებულებები, ნაციონალური მოძრაობის დროს გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დებულებები სწორად გამოაცხადა არაკონსტიტუციურად, მაგრამ პარლამენტმა მაინც არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებები და კვლავ პრობლემური კანონი დატოვა. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემა არ გამოიჩინა და ეს ცუდად აისახა ადამიანის უფლებებზე იმიტომ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების სტანდარტი დარჩა დაბალი. ეს არის მაგალითი, თუ როგორ დაიჭირა საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი პოზიცია და თუ როგორ გადალახა, ცუდი გაგებით, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს სწორი პოზიცია და დადგა მასზე მაღლა. ამიტომ, რა თქმა უნდა, გაიზრდება რისკები იმისა, რომ საკონსტიტუციო სამართლწარმოება აღარ იყოს ისეთი ეფექტური, როგორიც არასაკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, და ამას ემატება ის ძალიან რთული კონტექსტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიქმნა,”- განაცხადა მან.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მოწყვლადია პოლიტიკური გავლენების მიმართ, კონსტიტუციური უმრავლესობა საფრთხეს ქმნის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარლამენტი პოლარიზებული და არაპლურალისტურია. ის ამბობს, რომ პროდასავლური ფლანგის შექმნაზე პრეტენზიის მქონე პარტიებმა უნდა გაიაზრონ, თუ რატომ მივიღეთ ორპოლუსიანი პარლამენტი იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში მონაწილეობას ბევრი პარტია იღებდა და პლურალისტური გარემო იყო.

ana

მასალების გადაბეჭდვის წესი