კომენტარი

კორნელი კაკაჩია: დღეს ენმ საკუთარი, განსაკუთრებით კი სააკაშვილის რიტორიკის ტყვე აღმოჩნდა

11 ოქტომბერი, 2016 • 2430
კორნელი კაკაჩია: დღეს ენმ საკუთარი, განსაკუთრებით კი სააკაშვილის რიტორიკის ტყვე აღმოჩნდა

უნდა შევიდეს თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში, მას შემდეგ, რაც მისმა ლიდერებმა არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები გააკეთეს? რამდენიმე დღეა რაც ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს ენმ-ის მომხრეებსა და პარტიის წევრებს შორის. ნეტგაზეთის შეკითხვებს პოლიტოლოგი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია პასუხობს.

ახლა ყველაზე მნიშნელოვანი არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ემოციები გვერდზე გადადონ და პრგამტული გადაწყვეტილება მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება მათთვის. ეს უნდა გააკეთონ არა მხოლოდ პარტიის, არამედ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეც, რადგან დღევანდელი რეალობის გათვალისიწინებით, მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მანდატებზე ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე უარი თქვან. ეს მანდატები მათ ქართველმა ხალხმა მისცა და ისინი 4 წლის ვადით დაიქირავა. ამაზე უარის თქმა სრულიად არასწორი ნაბიჯი იქნება, რამაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას თვითონ ენმ-ს.

რა პრობლემები?

პირველი – საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ აკრიტიკებდა ენმ ქუჩაში მყოფი ოპოზიციის ქმედებებს, როცა ისინი კარვებს შლიდნენ და ა.შ. ენმ-ს აქვს ამბიცია, რომ ევროპული ტიპის შემდგარი პარტიაა საერთაშორისო კონტაქტებით,  მყარი ამომრჩევლით, საერთაშორისო  ცნობადობით და ა.შ. ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნება, თუ ისინი დაემსგავსებიან იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც თვითონ აკრიტიკებდნენ. ამან შეიძლება პარტიის მარგინალიზაცია და იმიჯის დაკნინება გამოიწვიოს, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე ქვეყნის შიგნით. ქუჩა – ეს არ არის ის ნიშა, რასაც საზოგადოება ენმ-ისგან ელის.

მეორე – თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, დაკარგავენ ტრიბუნას. გარდა ამისა, სწორედ პარლამენტზე გადის ის არაერთი საერთაშორისო ტრიბუნა საპარლამენტო ასამბლეების სახით, რომელიც პოლიტიკურ პარტიას არაერთ შესაძლებლობას აძლევს განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირების თვალსაზრისით. ევროსაბჭოს, იმავე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების ტრიბუნები პარტიებს ძალიან სერიოზულ ბერკეტებს ანიჭებს.

მესამე – იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან, შეიძლება გარკვეული ნაპრალი გაჩნდეს საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც ხმა მისცა.

ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში. მომავალში გარკვეული გადაჯგუფება მოხდება გამომდინარე იმ შედგებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს. შემდეგ მათ შეძლებათ შეცვალონ ბრძოლის ტაქტიკა, გამოიყენონ თუნდაც ბოიკოტი, რასაც აქამდე აკეთებდნენ, მაგრამ პარლამენტში არშესვლა სრულიად კონტრპროდუქტულია და ამას, ალბათ, ვერც საერთაშორისო და ვერც ქართული საზოგადგოება გაიგებს.

ნაციონალური მოძრაობის არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ შორის ზოგიერთმა ახსენა ტოტალური და მასობრივი გაყალბებაც, რამაც, ცხადია, მუხტის თვალსაზრისით გარკვეული გავლენა იქონია ენმ-ის ამომრჩეველზე. დღეს მათი ნაწილი პარტიის მისამართით სვამს შეკითხვას, თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ შედიხართ პარლამენტში და რატომ აკეთებთ სიყალბის ლეგიტიმაციასო. ხომ არ არ ფიქრობთ, რომ ამ დისკუსიაში ენმ-მ უფრო მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს?

პირველ რიგში, პრობლემა არის ის, რომ ეს არის კერძო  მოსაზრებები და ჩვენ თუ გადავახედავთ საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, სამოქალაქო სექტორის შეფასებებს, ასეთი მძიმე სურათი არ იხატება..

ეს, ცოტა არ იყოს, გარკვეულ სითამამეს მოითხოვს იგივე ენმ-ის ლიდერებისგან. ყველას (რამდენიმე ინდივიდის გარდა) უჭირს აღიაროს, რომ ისინი დამარცხდნენ. აქ სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ისინი საკუთარი, განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკის ტყვეები აღმოჩნდნენ. სააკაშვილმა ძალიან მაღლა აწია მოლოდინები. მთელი რიტორიკა ააგო იმაზე, რომ ისინი იმარჯვებენ, დაალხოებით იგივე გააკეთა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რამაც შემდეგ გარკვეული ფრუსტრაცია გამოიწვია. ეს  მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს. დღეს ისინი ამ რიტორიკის მძევლები აღმოჩნდნენ. როცა ამბობ, რომ ვიმარჯვებ, საქართველოში მოვდივარ, უკვე პორტში ვარ და ა.შ. ეს სრულიად კონტრპროდუქტიული იყო და დღეს უკვე ბევრი აღნიშნავს, ამან სერიოზული როლი ითამაშა საბოლოო შედეგში. ამის შემდეგ მათ, ცოტა არ იყოს, გაუჭირდებათ აუხსნან ამომრჩეველს, რომელიც მართლაც მობილიზებული იყო… მათი ამომრჩვეელი ყოველთვის გამოირჩევა ამ თვისებით… მათ მართლა დაიცვეს ხმები უბნებზე და ბევრი რამ გადაიტანეს… ამ დროს [წაგება] რომ აღიარო, ამას დიდი გამბედაობა სჭირდება. დიდი ლიდერები ამას ყოველთვის ახერხებენ. სხვა პარტიის ლიდერებმა ეს მოახერხეს, მაგრამ მათთვის ეს გაცილებით იოლი იყო, რადგან ძალიან დიდი სხვაობით დამარცხდნენ, მაგრამ,  მე მგონი,  აქაც არ უნდა იყოს პრობლემა. პოლიტიკაში ასეთი რაღაცები ხდება. თუ პრეტენზია გაქვს ევროპული ტიპის პოლიტიკაზე და ჩვენი პარტიები ამბობენ, რომ ამ ფორმატში მუშაობენ, მაშინ უბრალოდ უნდა აღიარო, მით უმეტეს, როცა საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოაგდოება შეთანხმდა, რომ მართალია იყო დარღვევები, მაგრამ არჩევნები შედგა. ამის შემდეგ მომავლისთვის უნდა მოემზადო. ამ არჩევნებით ხომ არ მთავრდება პოლიტიკური ცხოვრება?! მათ კიდევ ექნებათ შანსი.

ახლა პრობლემა არის ის, როგორ უნდა მოხდეს ამ მესიჯის კომუნიკაცია, რადგან ენმ-ში საკმაოდ რადიკალური ჯგფებიც არსებობს, რომლებისთვისაც სრულიად მიუღებელია ეს შედეგები გამომდინარე იმ მოლოდინებიდან, რომელიც ძალიან მაღლა იყო აწეული. ადამიანებმა გარისკეს, იბძროლეს და მათთვის ამის თქმა ადვილი არ იქნება. [სააკაშვილმა] სტრატეგიულ კომუნიკაციაში სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ასე აწია [მოლოდინები]. ის ახლა უკრაინაშია, მაგრამ აქ მყოფი ლიდერები  უხერხულ მდგომარეობაში  ჩააყენა.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი თვითონ უნდა მოიფიქრონ, თან ისე, რომ პარტია არ გაიხლიჩოს, რისი რისკიც გარკვეულწილად არსებობს.

ასევე მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ენმ ამ არჩევნების შემდეგ. საუაბრია იმაზე, რა როლი უნდა ჰქონდეს სააკაშვილს პარტიაში. გამოითქვა მოსაზრება, რომ ის უნდა ჩამოშორდეს პარტიის ხელმძღვაენლობას, თუმცა არსებობს ამის საწინააღმდეგო მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ენმ-ის რეიტინგის დიდი წილი უშუალოდ ექსპრეზიდენტის სახელს უკავშირდება და თუ ის პოლიტიკურ პროცესს ჩაეხსნება, ეს სერიოზულად დააზარალებს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს.

ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ ენმ-ის მიერ ნაჩვენებ შედეგში სააკაშვილის წვლილი არ იყოს, განსაკუთრებით რეგიონებში. ის არის ქარიზმატული ლიდერი, თუმცა მას აქვს პოლარიზაციის უნარი, რაც გამოამჟღავნა როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში. სააკაშვილი ან მოსწონთ, ან სძულთ, საშუალო პოზიცია არ არსებობს. ცხადია, მან მოაგროვა ხმების რაოდენობა და ეს არ ნიშნავს, რომ პარტია არ ეხმარებოდა… მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გადაიღალა მიხეილ სააკაშვილით. ის მთელი 10 წელი დომინირებდა ქართულ პოლიტიკაში. მისი ლექსიკა, გამოსვლები, განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე, საიდანაც ის საათობით საუბრობდა… ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. წიგნი, რომელიც ერთი პერიოდი მოგწონდა, 10-ჯერ გაქვს წაკითხული და მეთერთმეტედ გთხოვენ გადამეორებას, იქნებ რამე ახალი აღამოაჩინოო – დაახლოებით ასეთი სიტუაციაა.

ენმ-მ და მიხეილ  სააკაშვილმა ვერ მოახერხეს ახალი ნარატივის შექმნა. კი, ამბობენ, რომ გამოვსწორდით და ასე შემდეგ, ეს გასაგებია, მაგრამ მათ ახალი ნარატივი ვერ შემოიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა ჰქონდათ.

მესმის, რომ პარტიის და მისი მხარდამჭერების წინაშე დილემა დგას, მაგრამ თუ გადავხედავთ პოლიტიკის ისტორიას, ყველა დიდ პარტიას ჰქონია ასეთი არჩევანი გასაკეთებელი: კონსერავტორებს ინგლისში, როდესაც ჩერჩილის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ  მის გარეშე არც წარმოედგინათ პარტია. იგივე ტეტჩერი, დე გოლი ავიღოთ…  ქვეყნის ინსტიტუციონალურ განვითარებას გარკვეული სერიოზული გადაწყვეტილებები სჭირდება. ხანდახან პოლიტიკოსი  დიდი ლიდერი მაშინ ხდება, როცა ხვდება, რომ უნდა წავიდეს, ან გვერდზე გადგეს. მე მგონი, ეს ისაა,  რაც სააკაშვილს დღეს სჭირდება. მე მესმის, რომ ის ახალგაზრდაა, მაგრამ აუცილებელი არ არის  მაღალი პოსტი და პოლიტიკა იმისათვის, რომ ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეები აკეთო.  თუ ამას არ გააკეთებს და ისევ დაიჟინებს, გამომდინარე მისი პოლარიზებადი ხასიათიდან,  შეიძლება უფრო მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგან საქართველოში მისი მოწინააღმდეგეების რაოდენობაც საკმაოდ დიდია. პარტიის ინტერესებისთვის ალბათ საჭიროა, რომ სააკაშვილის ჩრდილიდან გამოვიდნენ. ეს პარტიას გაძლიერებისათვის სჭირდება, რადგან რეალურად არჩევნების წინ ცოტათი მოემატა მხარდამჭერების რაოდენობა. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მომავალაში გაიმარჯვონ. ამ ტრანსფორმაციის თვალსაზრისით პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილი თავისი გავლენით ძალიან დიდია და  სხვა ლიდერებს სრულ თავისუფლებას არ აძლევს.  ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს, რომ საჭიროა ტრანსფორმაცია, რათა ეს პარტია დაეფუძნოს პლატფორმას, მათ ფასეულობებს, იდეოლოგიას და არა პიროვნული ბელადის როლს. ამას რამდენად მოახერხებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.

თქვენი აზრით, რამდენად აქვს ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ის ყველაფერი შეფასებული, გაანალიზებული თუ გადაფასებული, რაც მოსახლეობის ნაწილის თვალში მიხეილ სააკაშვილთან და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ ნეგატივთან და პოზიტივთან ასოცირდება. ის ყველფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ხომ მხოლოდ ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის [პოლიტიკაში] ყოფნა- არყოფნის საკითხს არ უკავშირდება, მიხეილ სააკაშვილი ხომ მხოლოდ ერთი ადამიანი და სახელი და გვარი არ არის, ეს არის ძალიან კონკრეტულ წლებში არსებული მმართველობის სისტემა, რომლის შესახებაც სხვადასხვა აზრი არსებობს. თუ ხედავთ ენმ-ის შიგნით ამ ტიპის დისკუსიებს, დებატებს… რა იყო ნეგატივი, რა იყო პოზიტივი, რა შეცდომები…

კორნელი კაკაჩია © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

კორნელი კაკაჩია © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მგონია, რომ ნახევარს ნაწილობრივ ეს ესმის,  ღია დებატების დონეზე არ ვიცი, პარტიის შიგნით თუ იყო, მაგრამ ამას ღიად ვერავინ ბედავს… ამან შეიძლება მართლა გახლიჩოს პარტია, თუ შიგნით დებატები დაიწყება ამ თემაზე… მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, როცა სააკაშვილი კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარტიის სამქიანობაში. აქედან გამომდინარე, ასეთი გულწრფელი დიალოგი, მე მგონი, არ მომხდარა… მიუხედავდ იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ იმის ჩვენებას, რომ აი, ჩვენ არ ვართ მარტო სააკაშვილზე დამოკიდებულიო. რამდენიმე ლიდერმა სააკაშვილისგან განსხვავებული განცხადებები გააკეთა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტაციაა. აქედან გამომდინარე, სანამ გულწრფელად არ გაიხსნება ეს დებატები პარტიის შიგნით და შიდა პარტიული დემოკრატიული პროცესები არ წამოიწევა… ენმ-ის ლიდერები თვლიან, რომ მათ აქვთ შიდაპარტიული დმეორკატია, მაგრამ მოსახლოება ამაში დარწმუნებული არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ შედეგები ჯერ არ ჩანს. საბოლოოდ ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებების მიღება მაინც სააკაშვილთან ასოცირდება და მიშა არის ადამიანი, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს. ეს დებატები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უნდა შევიდნენ თუ არა პარლამენტში, შეიძლება ლაკმუსის ქაღალდი გახდეს იმ თვალსაზრისით, რომ ახლა გამოჩნდება,  აქვს თუ არა ნება პარტიას, რომ წინ აღუდგეს მისი ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერის   შეხედულებას. თუ პარტია აღუდგა წინ, თან ისე, რომ არ დაიშალა, ის დააადასტურებს, რომ არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც უნარი აქვს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელვოანი აქტორი ქართულ პოლიტიკაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი