კომენტარი

ჰილარი კლინტონის ევროპული ტურნე

7 ივნისი, 2012 • 1630
ჰილარი კლინტონის ევროპული ტურნე

გავისტუმრეთ ჰილარი კლინტონი აზერბაიჯანში და მთელი საქართველო იმის განსჯას შეუდგა, რა “გზავნილი” ჩამოგვიტანა სახელმწიფო მდივანმა ვაშინგტონიდან. როგორც ხშირად ხდება ხოლმე მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ ქვეყანაში, „რასიომონის ეფექტის“  ხანა დადგა, რომელშიც მხარეები რეალობას სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ. თუმცა მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა რჩევები ჩამოგვიტანეს ვაშინგტონიდან, არამედ ის, თუ როგორ ვღებულობთ ამ რჩევებს. საოცარია და თურმე, როდესაც სახელმწიფო მდივანი „მასთ ქერის“ პრინციპზე საუბრობდა, ხელისუფლების მომხრეები სამარშრუტო ტაქსებში რადიოებს თიშავდნენ. ქართულად სამართლიანი არჩევნები კი ალბათ კონტროლის პალატის მიერ აბსურდული ბრალდების საფუძველზე პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მუქარას ნიშნავს.

სანამ საქართველოსთვის ვიზიტის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ, ყურადღებას კლინტონის ვიზიტის გლობალურ მხარეებზე გავამახვილებ, რადგანაც ქართულ მედიაში  მისი განხილვა ძირითადად შიდა პოლიტიკურ ჭრილში მოხდა. არადა, პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი მისი რვადღიანი ტურის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენდა. კავკასიაში ჩამოსვლამდე კლინტონი სკანდინავიის ქვეყნებს ესტუმრა, ტურნე კი თურქეთში საერთაშორისო ტერორიზმისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობით დასრულდება. თუკი სახელმწიფო მდივნის მარშრუტს დავაკვირდებით, იოლად დავაკავშირებთ მას ვაშინგტონის წინაშე დღეს მდგარ უმთავრეს ამოცანებთან.

ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

რუსეთში პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ ვაშინგტონი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. გადატვირთვის პოლიტიკის კრახმა და მოსკოვის აგრესიულმა ნაბიჯებმა აშშ-ს ახალი კურსის აღებისკენ უბიძგა. რუსეთი, ცენტრალურ აზიასა და უკრაინა-ბელარუსიაში მიღწეული წარმატებების შემდეგ, საგრძნობლად გააქტიურდა ბალტიის რეგიონში, გარდა ამისა, კრემლი სულ უფრო მეტად ცდილობს არქტიკის რეგიონში გაბატონებას და იქ არსებული რესურსების დაპატრონებას. სწორედ ამ გამოწვევებმა განაპირობეს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი სკანდინავიაში.

სკანდინავიელები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ყველაზე მჭიდრო კავშირით გამოირჩევიან. ფინანსური დახმარების პარალელურად, ისინი ბალტიის ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ზურგს უმაგრებენ. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნებს, გეოგრაფიული მდებარეობიდან და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არქტიკის რეგიონში დიდი წვდომა გააჩნიათ და რუსეთთან დაპირისპირებაში ვაშინგტონისთვის შეიძლება პლაცდარმის როლი  შეასრულონ.

რაც შეეხება კავკასიას, აქ საქმე შედარებით რთულადაა. სკანდინავიის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მდგრადი რეგიონისგან განსახვავებით, კავკასია მსოფლიოს ერთერთ ურთულეს რეგიონად რჩება, რამდენიმე რეგიონული კონფლიქტისა და უსასრულოდ გაწელილი ტრანზიციული პერიოდის გამო. არასტაბილური ვითარების მიუხედავად, კავკასია ვაშინგტონისთვის საკმაოდ საინტერესოა. ამაზე ჯერ კიდევ 90-იან წლებში საკუთარ წიგნში „საჭადრაკო დაფა“ ხაზგასმით წერდა ზბიგნევ ბრძეჟინსკი, ადამიანი, რომლის გავლენა დღესაც დიდია აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთთან ურთიერთობის გართულების პირობებში კი კავკასიას კიდევ მეტი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკისთვის.

ინტერესიდან გამომდინარე, აშშ-მა სერიოზული ოდენობის რესურსი ჩადო რეგიონში, თუმცა, მიუხედავად ვაშინგტონის დიდი იმედების, დახმარებებისა და თანადგომისა, კავკასია  ოცი წლის შემდეგაც ნახევრად ავტორიტარულ ჭაობში ჩაფლულ რეგიონად რჩება. სწორედ ამიტომაც კლინტონის ვიზიტის მთავარ თემად რეგიონში დემოკრატიის დაბალი ხარისხი განიხილებოდა, თუმცა ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე სომეხ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მომხდარმა შეტაკებამ, რომლის შედეგადაც სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, რეგიონის არასტაბილურობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და გამოიწვია ის, რომ ერევანთან/ბაქოსთან მიმართებაში კლინტონის მესიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების თემატიკამ გადაფარა დემოკრატიის დონის შესახებ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება.

კლინტონის კავკასიაში ვიზიტი ოფიციალურად არ უკავშირდებოდა ირანის თემას, თუმცა რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება ამ საკითხზე მაინც ამახვილებდა ყურადღებას, რამაც, როგორც ჩანს, თეირანშიც შეაშფოთა მმართველი ელიტა. ამის თქმის საშუალებას იძლევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საეჭვოდ დამთხვეული განცხადება ირანის ელჩისა საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ გაახმოვანა პოზიცია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

რაც შეეხება საქართველოს, ხელისუფლების დიდი მცდელობის მიუხედავად, ვიზიტის მთავარ საკითხებად ურთიერთობის გაღრმავება და სამხედრო დახმარება წარმოეჩინა, კლინტონმა რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას. საერთოაშორისო მედიაც ვიზიტს მომავალი არჩევნების ჭრილში განიხილავდა და ამას ასახელებდა სახელმწიფო მდივნის ძირითად მისიად. რაც შეეხება მხარდაჭერასა და თანადგომას, რაზეც სახელმწიფო მდივანმაც მრავლად ისაუბრა, აშშ მათ საქართველოს მიმართ იჩენს და არა კონკრეტულად სახელისუფლებო რეჟიმის მიმართ.

ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, კონტროლირებადმა მედიამ მნიშვნელოვან „გზავნილებზე“ მეტი ყურადღება დაუთმო ვიზიტის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებებს. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ სახელმწიფო მდივანი დიდ ინტერესს იჩენს ბუნებისა და უცხო კულტურების მიმართ. მაგალითად, ოსლოში მან რამოდენიმე საათი იახტით ისეირნა ფიორდებში, კოპენჰაგენში იმყოფებოდა გასართობ პარკ „ტივოლიში“, ასევე სურათები გადაიღო „პატარა სირინოზის“ ქანდაკებასთან, ხოლო სტოკჰოლმში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდთან ერთად მოინახულა სტოკჰოლმის არქიპელაგის კლდოვანი კუნძულები და სკანდინავიურ მედიას ამისთვის რაიმე განსაკუთრებული ყურადღება არც მიუქცევია. საქართველოში კი მისი ბათუმში, პიაცაზე გასეირნება ლამის ეროვნულ დღესასწაულად შეირაცხა. ქართული პროპაგანდის მანქანის ლოგიკა– ჰილარი კლინტონს საწნახელი და თონის პური მოეწონა, შესაბამისად, ვაშინგტონი აღებულ კურსს და მის შემოქმედ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერს მხარს,  სასაცილოა და მეტი არაფერი.

ქართულმა პროპაგანდის მანქანამ გამართულ ბრიფინგზეც გამოიჩინა თავი და  ნაციონალური არხის დავალებამიცემული ჟურნალისტი ეცადა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე (ქართული პროპაგანდის მრავალნაცადი მეთოდი) კითხვაში როგორმე ჩაექსოვა, რაზეც სახელმწიფო მდივნისგან საკმაოდ მკაფიო პასუხი მიიღო, რომ საქართველოსთვის საუკეთესო თავდაცვის იარაღი სწორედ რომ დემოკრატია და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები იქნება. რაც შეეხება საქართველოს  პრეზიდენტს, ის არასასურველ კითხვებს ჩვეულებისამებრ ზოგადი პასუხებით იგერიებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პიარის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება კარგად მომზადებული დახვდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, გაახმოვანა რა აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტური რეგიონის მოსახლეობისთვის „ნეიტრალური პასპორტების“ გადაცემის ინიციატივა. ეს დასავლეთის თვალის ასახვევად გადადგმული პიარ–ნაბიჯი გახლდათ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ დოკუმენტით აფხაზები და ოსები არ ისარგებლებენ, განაცხადა კიდეც ფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, რომ ეს ინიციატივა მათთვის მიუღებელია, თუმცა შედეგი ვის აინტერესებს, მთავარი ხომ ის არის, რომ სააკაშვილი დასავლეთის თვალში წარმოჩინდა, როგორც ურთიერთობის აღდგენისთვის მებრძოლი ლიდერი.

კიდევ ერთი საჩუქარი სააკაშვილს კრემლმა მალევე გაუკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ოფიციალურად დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რიტორიკა და იგი საქართველოს შეიარაღებასა და რუსეთის წინააღმდეგ შეგულიანებაში დაადანაშაულა. ამით კი საუკეთესო საშუალება მისცა  ნაციონალური პროპაგანდის მანქანას, ქართული დიპლომატიის გამარჯვებაზე და რუსეთის აღშფოთებაზე დაუსრულებლად ისაუბროს მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი