კომენტარი

საია: თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ დაადასტურა, რომ ჩამოართვეს მთივლიშვილს კამერა

21 მაისი, 2012 • 1711
საია: თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ დაადასტურა, რომ ჩამოართვეს მთივლიშვილს კამერა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თიანეთის პოლიციაში განხორციელებულ დაკავების ფაქტს და მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან სამინისტროს აკისრებს.

 

საიას ცნობთ, მათი იურისტი ამირან ზენაიშვილი ადგილზე არკვევდა ინცინდენტის დეტალებს:

 

“ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2012 წლის 20 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თიანეთის რაიონულ ცენტრში ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას, რა დროსაც მასთან მივიდნენ შსს-ს თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და მოთხოვეს საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით.

 

გელა მთივლიშვილის განმარტებით, მან გადასცა პირადობის მოწმობა პოლიციის წარმომადგენლებს და განუცხადა მისი ვინაობა, რის შემდეგაც იგი ძალით შეათრიეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელების მიზანი იყო ვიდეო-კამერის ჩამორთმევა და მის მიერ გადაღებული კადრების შემოწმება. პოლიციაში მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემეს თავის არეში, შემდეგ კი გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.”

 

საია-ს ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილემ მამუკა შალამბერიძემ საიას იურისტთან გასაუბრებისას განმარტა, რომ ვინაიდან უცხო პიროვნება აწარმოებდა ვიდეოგადაღებას პოლიციის შენობის წინ, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ პიროვნების ვინაობის დასადგენად:

 

“მისივე თქმით, მართალია, თავად არ იყო პოლიციის ფორმაში, მაგრამ ჟურნალისტთან გასაუბრებას ახორციელებდნენ თანამშრომლები, რომლებიც მისი მითითებით მოქმედებდნენ. გელა მთივლიშვილი პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მ. შალამბერიძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩამოართვეს გელა მთივლიშვილს კამერა,  ვინაიდან გ. მთივლიშვილი ჩავარდა სტრესულ მდგომარეობაში, გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. შემთხვევის ადგილზე იყვნენ მოწმე პირებიც.”

 

საიას წარმომადენელი ასევე ესაუბრა “ქართული ოცნების” წარმომადგენელს რუსუდან სისაურს. სისაურის განმარტებით, “2012 წლის 15 მაისს “ქართული ოცნების” წევრებსა და მოსახლეობას შორის იყო შეხვედრა, შეხვედრის შემდეგ მონაწილე პირების ვინაობა დაადგინეს პოლიციის თანამშრომლებმა და გაუუქმეს მათ შემწეობები. გელა მთივლიშვილი სწორედ ამ კადრების აღსაბეჭდად იყო მოსული.  პოლიციის წინ თავად ესწრებოდა იმ ფაქტს, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა, პიროვნების დადგენის მიუხედავად, იგი იძულებით წაიყვანეს პოლიციაში კამერითურთ. მე დამტოვა მანქანასთან, რათა თვალყური მედევნებინა, რომ მანქანაში არ ჩაედოთ რაიმე საგანი, 1 სთის შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში გამოვიდა პოლიციიდან და წავყევი საავადმყოფოში. მისი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.”

 

თიანეთის საავადმყოფოს მორიგე ექიმის მალხაზ იარაჯულის განმარტებით, “პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ მიიყვანა. როგორც აღმოჩნდა, გელა მთივლიშვილს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილები, თუმცა რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, თავის რბილ ქსოვილს იტკიებდა და იყო ძლიერი აფექტის მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი მკურნალობა, რამდენიმე საათის განმავლობაში მოთავსებული იყო საავადმყოფოში.”

 

საიას იურისტმა, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელმა, მოითხოვა ფორმა #100. სამედიცინო დახმარების ცნობიდან არ დგინდებოდა დაზიანების ნიშნები, რომლის მხოლოდ პირველი გვერდი ფიქსირდებოდა პოლიციის განყოფილებაში.

 

“იურისტმა განუმარტა, რომ მოვახდენდით პაციენტის ხელახალ გადამოწმებას, რამდენიმე წუთის შემდეგ გადაეცა ფორმა #100, სადაც მითითებულია ფიზიკური დაზიანებების შესახებ.

 

ამდენად, დადგინდა, რომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავის არეში დაზიანება მიადგა ზემოაღნიშნული ინცინდენტისას.

 

როდესაც პირი იმყოფება სახელმწიფოს წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ, სახელმწიფო ვალდებულია, სრულად უზრუნველყოს პიროვნების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.  მიგვაჩნია, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  სახელმწიფოს, კერძოდ კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა გააქარწყლოს საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები ჟურნალისტის ხელშეუხებლობის ფაქტთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ცემისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ნიშნებს. მოვითხოვთ, შსს-მ გაასაჯაროოს თიანეთის პოლიციის შენობაში ვიდეოკამერებით დაფიქსირებული მასალა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი