კომენტარი

ვულგარიზმი – ახალი ტრენდი ქართულ პოლიტიკაში

21 მაისი, 2012 • 2337
ვულგარიზმი – ახალი ტრენდი ქართულ პოლიტიკაში

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ) სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგა და ქართული დემოკრატიის შესახებ საათნახევრიანი ლექცია ჩაატარა. შეხვედრაზე მიწვევის გარეშე მისულმა ქართველმა ემიგრანტმა გიორგი სიგუამ როლში შესულ პრეზიდენტს რამდენიმე მწვავე შეკითხვა დაუსვა, რამაც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიჩვეულია მონოლოგის რეჟიმში საუბარს, მწყობიდან გამოიყვანა და ერთდროულად, ქვეყნის ლიდერისთვის შეუფერებელი, ორი შეცდომა დაუშვა.

 

პრეზიდენტმა, რომელიც საწინააღმდეგო მოსაზრების მიმართ ალერგიული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ჯერ კითხვის დასმის სანაცვლოდ ოპოზიციისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა სიგუა, ხოლო გაბედული შეკითხის ავტორის მისამართით ტაშით მოწონების გამომხატველი ამერიკელი სტუდენტები სიგუას თანამზრახველებად შერაცხა. ცილისწამება ერთ–ერთი უმძიმესი დანაშაულთაგანია, რომელიც კანონით ისჯება და ქვეყნის პირველი პირის მხრიდან მისი გამოყენება, პირველ რიგში, თავად მის რეპუტაციას აყენებს ჩრდილს. თუმცა ამჯერად  ყურადღებას არა ცილისწამებაზე, არამედ პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ უცენზურო გამონათქვამებზე გავამახვილებ, რომელმაც მის გამოსვლებში აშკარად იმატა.

 

სემიოტიკით დაინტერესებულ ფსიქოანალიტიკოსთა აზრით, პოლიტიკურ ელიტაში ვულგარიზმისა და უცენზურო სიტყვების გამოყენების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი მოსაზრების თანახმად, ვულგარიზმის გამოყენება პიარ –კამპანიის ნაწილია. პიარ– აგენტები პოლიტიკურ ლიდერებს სპეციალურად ურჩევენ ვულგარული ფრაზეოლოგიის გამოყენებას, რათა მოსახლეობის დაბალმა ფენებმა, რომლეთა შორისაც ამ ლექსიკის გამოყენება საკმაოდ ხშირია, საკუთარ ნაწილად მიიჩნიონ პოლიტიკოსი, გაუჩნდეთ მასთან სოციალური სიახლოვის შეგრძნება და, შესაბამისად, მის მიმართ სიმპათიით განიმსჭვალონ.

 

მეთოდით დასავლური პიარ– კომპანიები განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი უცენზურო ლექსიკისა თუ ვულგარიზმის გამოყენების შედეგად რუსეთის მოსახლეობის დაბალ ფენებში პოპულარობას იხვეჭდა. თუმცა, თუკი სააკაშვილი ვულგარიზმს საზოგადობის გარკვეულ ნაწილთან დაახლოების მიზნით იყენებს, მწარედ ცდება, რადგანაც ვულგარიზმი, უზრდელური გამოხტომები და ჟარგონული შეურაცხყოფები საქართველოში ისეთ ოდიოზურ „პოლიტიკოსთან“ ასოცირდება, როგორიც ჯაბა იოსელიანი იყო და მოსახლეობის დიდ ნაწილს ნეგატიურ განწყობას უქმნის.  

 

მეორე მოსაზრების თანახმად, პოლიტიკოსთა მხრიდან უცენზურო ლექსიკის გამოყენება ფსიქოლოგიურ ჭრილში შეიძლება განიხილოს. ამ დროს სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ საკმაოდ კულტურულად აღზრდილი ადამიანების მხრიდანაც კი უცენზურო სიტყვები გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვულგარიზმი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ რეაქციას, პასუხს მტკივნეულ, მოულოდნელ იმპულსზე, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ სამყაროზე დიდ გავლენას ახდენს დროის მცირე მონაკვეთში და ის ვერ ასწრებს რეაქციის გაკონტროლებას.

 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ლექსიკაში მოხშირებულ ვულგარიზმს, არ შეიძლება მისი  რეაქციის კატეგორიაში განხილვა, რადგანაც ფსიქოლოგთა აზრით, ასეთ დროს ადამიანი მალევე აცნობიერებს მისი ლექსიკის უცენზურობას, უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და შექმნილი ვითარება ხშირად დამსწრე საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდით სრულდება. სააკაშვილის შემთხვევაში კი,   არ მახსენდება მის მიერ შეურაცხმყოფელი გამოთქმის შემდეგ ოდესმე მოხდილი ბოდიში. პირიქით, ყოველთვის შესამჩნევია, რომ უცენზურო გამოთქმის შემდეგ იგი საკუთარი თავით კმაყოფილებას ვერ მალავს.

 

ხოლო მესამე შემთხვევაში, ადამიანისთვის უცენზურო ლექსიკის გამოყენება უბრალოდ ინტერაქციის საშუალებას წარმოადგენს და ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მიმართავს მას ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ საქმიანობაში. აქ უკვე სოციალური მომენტი მოდის წინა პლანზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი გამოყენებით ადამიანი ხაზს უსვამს რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას ან მიკუთვნებულობის სურვილს. პოლიტიკოსი, შეიძლება, თავისდაუნებურად იმ სოციალური ჯგუფისთვის დამახასიათებელ  უცენზურო ლექსიკას მიმართავდეს,  რომელშიც აღიზარდა, ან ამას შეგნებულად იყენებდეს შიშის, კომპლექსების შესანიღბად, რადგანაც ეს ლექსიკა მისთვის უშიშრობასთან, კაი ტიპობასთან, უკომპლექსობასთან ასოცირდება.

 

ვულგარიზმი, როგორც ინტერაქციის საშუალება, დამახასიათებელი იყო ნიკიტა ხრუშჩოვისთვის, რომლის უზრდელური გამოხტომები ისედაც ნეგატიური იმიჯის მქონე  საბჭოთა კავშირის კიდევ მეტად დისკრედიტირებას ახდენდა. ნიკიტას მიერ რუსი მოქანდაკის ერნსტ ნეიზვესტნის სახედრად მოხსენიებასა და სააკაშვილის მიერ კულტურის მოღვაწეთა დიდი ნაწილის „ჩარეცხვას“ შორის არსებით განსხვავებას კი ვერ ვხედავ.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უცენზურო ფრაზეოლოგია შეიძლება იყოს რეაქცია უსიამოვნო იმპულსზე, სოციალური ინტერაქციის საშუალება ან პიარ– ტექნოლოგიის ელემენტი. თუმცა არსებობს მეოთხე ვარიანტიც, კერძოდ, კოპროლალია, საზოგადოებაში მუდმივად უცენზურო სიტყვების გამოყენების ბუნებრივი მოთხოვნილება, რომელიც გონებრივ დარღვევას წარმოადგენს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ვულგარიზმს დასავლურ სამყაროშიც სასარგებლოდ მიიჩნევს ე.წ. პიარშიკთა გარკვეული ნაწილი, ზოგადად, უცენზურო ლექსიკის გამოყენება პოლიტიკაში მიუღებლად ითვლება. ქცევის წესების დაცვა განსაკუთრებით მოეთხოვებათ ქვეყნის პირველ პირებს, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე ქვეყნის სახეს წარმოადგენენ, ხოლო ქვეყნის შიგნით – სანიმუშო მაგალითს. სწორედ ამიტომაც, აშშ-ში საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა, ჯორჯ ბუშის მხრიდან New York Times-ის ჟურნალისტის ადამ კლაიმერის მოხსენიებას, როგორც “major league asshole”, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია. საქართველოს შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილმა უკვე მერამდენედ მოიხსენია პოლიტიკური ოპონენტები „ერთი ადგილის მლოკავებად“ და მისთვის ბოდიშის მოხდა არავის მოუთხოვია.

 

რა შედეგიც გამოიღო საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის სიტყვიერ შეურაცხყოფებზე ხმის არ ამოღებამ, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავინახეთ პრინსტონის უნივერსიტეტში, როცა საკუთარი მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვა პრეზიდენტმა შეაფასა როგორც „bullshit” და მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალითა და სტუდენტებით სავსე დარბაზი გაოცებული დატოვა. ქართული პროპაგანდის მანქანამ ამ კადრებიდანაც ამოჭრა ზემოხსენებული ინციდენტი, თუმცა არა შეურაცმხყოფელი პასუხის, არამედ მწვავე შეკითხვების გამო. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა შემთხვევა, როდესაც სააკაშვილმა პუტინისთვის სასქესო ორგანოს გაგზავნის ინიციატივა გაახმოვანა და ეს კადრები ქართულმა ტელეარხებმა დამონტაჟების გარეშე გაუშვეს და წარმატებულ ტირადად შეაფასეს მაშინ, როცა ეს უკანასკნელი უცენზურობის პიკს წარმოადგენდა.

 

პრეზიდენტის მიერ დამკვიდრებული ტენდენცია განსაკუთრებით სახიფათო იმის გამოც არის, რომ მას უკვე გამოუჩნდნენ მიმდევრები ბობოხიძეების, გაზდელიანების და სხვათა სახით, რომელნიც საზოგადოების თვალწინ ავითარებენ პრეზიდენტის დაწყებულ საქმეს და ახალ მწვერვალებს იპყრობენ. მიუხედევად იმისა, რომ სააკაშვილი პიარის უბადლო ოსტატად ითვლება, მისი საუბრები, ალბათ, მაინც იმის მაგალითად შემორჩება მომავალ თაობებს, თუ როგორ არ უნდა ისაუბროს პოლიტიკოსმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი