კომენტარისაზოგადოება

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ისე, რომ სკოლა არ შესძულდეს

14 სექტემბერი, 2016 • 3814
როგორ მოვამზადოთ ბავშვი ისე, რომ სკოლა არ შესძულდეს

მოსწავლეებს სოციალურ ქსელში სკოლების საწინააღმდეგო არაერთი გვერდი და ჯგუფი აქვთ შექმნილი, რომლებსაც ათასობით ახალგაზრდა იწონებს. სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, თუმცა მოსწავლეთა ნაწილს ეს ამბავი ნამდვილად არ ახარებს. რა იწვევს ახალგაზრდებში სკოლის მიმართ სიძულვილს და საიდან მოდის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება? ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და რა უნდა გააკეთოს აღმზრდელმა იმისთვის, რომ ბავშვისთვის სკოლაში სიარული საინტერესო პროცესი იყოს და არა სადამსჯელო ღონისძიება? მოითხოვს თუ არა ცვლილებებს სასკოლო განათლების სისტემა და რა როლი აკისრია სახელმწიფოს? – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.

ხშირად მოსწავლეები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დადიან სკოლებში. მაგალითად, სოციალურ ქსელში სკოლების საწინააღმდეგო არაერთი გვერდი და ჯგუფია შექმნილი, რომლებსაც ათასობით ახალგაზრდა იწონებს. ზოგიერთ მათგანში სკოლა სადამსჯელო დაწესებულებასთანაც კი ასოცირდება. თქვენი აზრით, მოსწავლეებში რა იწვევს ასეთ დამოკიდებულებას?

ზოგადად, სისტემის დამოკიდებულება თვითონ მოსწავლეებისადმი იმიტომ, რომ ჩემი დაკვირვებით არ არის სისტემა ორიენტირებული ბავშვზე და პროცესზე. სისტემა ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, თუ ვინ როგორ ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს და ტესტირებებს. ეს არის მთლიანად შედეგზე ორიენტირებული სისტემა, რაც ნაკლებად საინტერესოს ხდის პროცესს ბავშვისთვის. ამას ემატება ისიც, რომ შეიცვალა დამოკიდებულება მასწავლებლის ინსტიტუტისადმი. დისკრედიტაცია მოხდა ამ პროფესიის. სამწუხაროდ, მასწავლებელი აღარ არის ავტორიტეტი, მაგრამ ის იბრძვის ამისთვის. ეს ბრძოლა ხშირად მოსწავლეებისადმი ძალადობრივ დამოკიდებულებაში გამოიხატება.

სკოლა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ შემოქმედებითად მიუდგეს პროცესს. სკოლას არ აქვს კარგად გააზრებული ის, რომ ეს არის არა მხოლოდ განათლების მიღებისა და ცოდნის დაგროვების ადგილი, არამედ ეს არის ბავშვების სოციალიზაციის ადგილიც და ფასილიტაცია გააკეთოს ამ პროცესის; დაეხმაროს ბავშვებს კომუნიკაციის აგებაში. სკოლას ასეთი სტრუქტურა არ გააჩნია. დავუშვათ, როცა ბავშვს ემოციური საჭიროება და პრობლემა აქვს, იგივე თანატოლებთან კომუნიკაციის, მიმართოს მასწავლებელს და ეს ადამიანი იგრძნოს როგორც მზრუნველი და მხარდამჭერი. გამოდის, რომ ეს არის ცარიელი და უინტერესო ადგილი, სადაც ის ვერ პოულობს ადგილს ვერც თავისი ინტერესების რეალიზაციისათვის, ვერც ასეთი სოციალური ურთიერთობის აგებისთვისაც, ვერც თავისი ცოდნისა, თუ ასეთი ინტერესი არსებობს – მათთვის უინტერესოა ეს ყველაფერი. შესაბამისად, არ მიეჩქარებათ მოსწავლეებს სკოლაში და მათ უყვართ არდადეგები.

ყველა სკოლაზე ვერ ვიტყვით ამას, თუმცა, რომელი სკოლაც მახსენდება, არ არის საჯარო სკოლა, სადაც უხარიათ ბავშვებს სკოლის დაწყება და პირიქით, არ უყვართ, როცა არდადეგები უსაშველოდ გაიწელება ხოლმე. იმიტომ უხარიათ, რომ იქ ჰყავთ მეგობრები და მათ შორის არა მხოლოდ თანატოლები, არამედ პედაგოგებიც. ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ არის ჩვენს საჯარო სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაგებია, რომ ძალიან დიდი სევდა ახლავს სასკოლო წლის დაწყებას.

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს სკოლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება პირველი კლასიდანვე აქვს. იღებს თუ არა ეს პრობლემა სათავეს ბაღებში? რა გავლენას ახდენს სკოლამდელი აღზრდა ბავშვების დამოკიდებულებაზე სკოლის მიმართ და ის გარემო, რომელშიც სკოლამდე იმყოფებოდნენ?

სკოლამდელი აღზრდის სისტემა საერთოდ არ გვაქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ არის გააზრებული კონცეპტუალურად და არ არის ბავშვის საჭიროებებზე მორგებული. ახლა ახალი კანონი მიიღეს, სადაც არის რამდენიმე საინტერესო პუნქტი იმასთან დაკავშირებით, რომ მასწავლებლებმა სავალდებულო გადამზადება უნდა გაიარონ, პროგრამები უნდა შედგეს დ ა.შ. ზოგადად, სკოლამდელი განათლების სისტემა უნდა ამზადებდეს ბავშვს სკოლისათვის. ჩვენთან სკოლისთვის მომზადება ნიშნავს ბევრი ლექსის ცოდნას. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ბავშვმა ბევრი ლექსი იცოდეს, მაგრამ ძირითადად დაგროვებაზეა ორიენტირებული: რაც უფრო მეტი ლექსი იცის, რაც უფრო მეტი ციფრი იცის და 100–200–მდე თუ თვლის, მიიჩნევენ, რომ ბავშვი სკოლისთვის მზად არის. ამ დროს სასკოლო მზაობა გულისხმობს იმ უნარების ქონას, რომელიც ბავშვს ელემენტარულად სწავლისთვის სჭირდება: აქ შედის არა მხოლოდ ინტელექტუალური უნარები, არამედ შედის და წამყვანია სოციალური უნარები, ასევე, შედის ბავშვის ემოციური მზაობაც. წარმოიდგინეთ, ისეთი სკოლამდელი სააღმზრდელო სისტემა, სადაც ჯგუფში 40 ბავშვია: აბსოლუტურად დაკარგულია ინდივიდი და წამოუდგენელია, ბავშვმა მიიღოს თუნდაც თავისი წილი ყურადღბა და სითბო. აღარ ვლაპარაკობ ურთიერთობაზე, გარკვეული უნარის ათვისებასა და შესწავლაზე.

ასეთ სისტემაში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ბავშვი მოემზადოს ყველა იმ პარამეტრის მიხედვით, რაზეც ვისაუბრეთ. პირიქით, ჩვენთან ხშირ შემთხვევაში, მოყოლებული იმ პერიოდიდან, რა პერიოდშიც საკუთარი თავი მახსოვს და მშობლების გადმოცემითაც ვიცი,  სკოლამდელი აღზრდის სისტემა დაკავშირებულია სერიოზულ ტრავმასთან და ძალიან ცუდ მოგონებებთან. ძლიერი უნდა იყოს ეს სისტემა თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის პირველი ადგილი, სადაც ბავშვი მიდის მშობელთან სეპარაციის შემდეგ – ტოვებს ოჯახს და შედის სოციალურ ჯგუფში. ეს სისტემა უნდა იყოს ძალიან ძლიერი იმისათვის, რომ შემდეგ უკვე სკოლა აღიქმებოდეს უსაფრთხო და დაცულ გარემოდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და შედაგად ვიღებთ იმას, რომ არც ბაღში სიარული უხარიათ ბავშვებს და არც სკოლაში.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ფოტო: ლიბცენტრი

ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ფოტო: ლიბცენტრი

შესაძლებელია თუ არა, რომ ბავშვების ნეგატიურ დამოკიდებულებას თანატოლების ან მასწავლებლების მხრიდან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები იწვევდეს? რამდენად დიდ როლს ასრულებს ბულინგი იმაში, რომ ბავშვებს სკოლა სძულდებათ?

ყველაფერი იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას. წეღან ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ შეიძლება არ უყვარდეთ ბავშვებს სკოლა და არ მიეჩქარებოდეთ სკოლაში. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი: ვთქვით, რომ არ არსებობს მოტივაცია; სასწავლო პროცესი არ არის მათთვის საინტერესო; სამწუხაროდ, დაბალია მასწავლებლების მოტივაცია და კვალიფიკაციაც და ა.შ. მათ შორის, უარყოფით როლს ასრულებს კომუნიკაციის პრობლემები და ზოგადად ის ძალადობრივი გარემო, რომელიც არსებობს სკოლაში – ადმინისტრაციის, მასწავლებლების და თანატოლების მხრიდან ძალადობა ხშირად არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ ბავშვებს სკოლის მიტოვება სურთ. როდესაც უკვე თინეიჯერობის ასაკში გადადიან მოსწავლეები, ერთ–ერთ მიზეზი (არა ერთადერთი) იმისა, რომ სკოლაში წასვლა არ უნდათ, არის პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში, სადაც ბულინგი ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. ბულინგი არის ერთ–ერთ ყველაზე სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ყველგან და ყოველთვის იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა დავიმშვიდოთ და ვთქვათ, რომ რადგან ყველგან იყო, უნდა მოხდეს ამის ნორმალიზება. ბევრ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული ანტიბულინგური პროგრამები, რომლითაც ცდილობენ, გაუადვილონ, ნაკლები შემთხვევები იყოს ბულინგის და მეტად დაცულები იყვნენ ბავშვები. ბოლომდე შეუძლებელია ამ პრობლემას მოერიო, მაგრამ სისტემის ხელში შესაძლებელია გახადო მართვადი.

უფრო კონკრეტულად, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა და შემდეგ უკვე მასწავლებლებმა იმისთვის, რომ მოსწავლეებისათვის სკოლაში სიარული სახალისო/საინტერესო პროცესი იყოს? ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება ბავშვს, თუ არსებობს მეთოდი, რომელიც ყველა მოსწავლესთან შეიძლება გამოვიყენოთ?

როცა ვამბობთ ბავშვზე ორიენტირებულ სკოლას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ იმას, რომ წამყვანი უნდა იყოს ინდივიდუალობა და ინდივიდებზე იყოს ორიენტირებული. ძალიან რთულია ახლა ამაზე საუბარი. ამას უნდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად დაჯდომა და კარგად გააზრება: ეს შეიძლბა იყოს ყველაზე მთავარი გამოწვევა თანამედროვე განათლების სისტემის, თუ როგორ გავხადოთ ეს პროცესი საინტერესო ბავშვებისთვის. რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთ პედაგოგთან მქონდა შეხვედრა, მის საკლასო ოთახში ვსაუბრობდით და ფარდასთან მას ჰქონდა ჩამოკიდებული დიდი, ლამაზი მინის ბურთულა. როცა ვკითხე, რა როლი აქვს მას, მიპასუხა, რომ რომ დილით, როცა მზე ამოდის და გაკვეთილები იწყება, მისი ათინათი მთელ კლასს ეფინება და ძალიან კარგ განწყობას ქმნის. ის მეორეკლასელებს ასწავლის, რომლებიც ჯერ კიდევ თამაშის, ზღაპრის და ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობენ და ამ ბურთულას “ნატვრის თვალადაც” კი აღიქვამენ. გარდა ამისა, როგორც ამ პედაგოგმა მითხრა – მაშინ, როცა მოსწავლეები ახმაურდებიან და ამოვარდებიან საგაკვეთილო პროცესიდან, მას არ სჭირდება მკაცრი და იმპერატიული მიმართვა კლასისადმი – “აბა, ყურადღებით”! “დაფისკენ”! და ა. შ. მასწავლებელი ეხება თოკს, რომელზეც ეს ბურთულა ჰკიდია, ის იწყებს მოძრაობას და ათინათები ოთახის იმ კუთხისკენ იწყებს მოძრაობას, სადაც თვითონ მასწავლებელი დგას, რაც ეხმარება იმაში, რომ მოსწავლეების ყურადღება თავისკენ მიმართოს. ეს ერთი პატარა ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი … სადაც პროცესიც და კომუნიკაციაც არის სრულიად განსხვავებული.

თავიდან ჩვენ სისტემურ პრობლემებზე ვისაუბრეთ და ბოლოს გკითხავთ, რა როლი აკისრია ამ მხრივ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ სკოლის მიმართ სიძულვილი?

მე მგონი, რომ ამ სისტემას უნდა ძირფესვიანად შეცვლა. როგორც გვესმის ჩვენ, თვითონ კონცეპტუალურ დონეზე სჭირდება შეცვლა, სჭირდება სახელმძღვანელოების შეცვლა, სჭირდება სხვა ტიპის, თანამედროვე მასწავლებელი, რომელსაც პირველ რიგში ბავშვები გულწრფელად უყვარს და არა სალაპარაკოდ, როგორც იციან ხოლმე. იმ მასწავლებელს კიდევ ძალიან ბევრი რამე სჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც სჭირდება თანამედროვე მოსწავლეს – მას სჭირდება განათლება, სჭირდება ბავშვის განვითარების თავისებურებების ცოდნა, ბავშვის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის სიღრმისეული ცოდნა. სხვათა შორის, ტრენინგებზე გადიან ამას მასწავლებლები და ძალიან კარგი სატრენინგო პროგრამები აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად იპოვი მასწავლებელს, რომელმაც დაამყარა კავშირი ათვისებულ თეორიულ ცოდნასა და თავის პრაქტიკას შორის. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ პრინციპულად ახალი ტიპის მასწავლებელი გვჭირდება. არ შეიძლება, მასწავლებლს, რომელიც მუშაობს თინეიჯერებთან, არ ჰქონდეს წაკითხული “ჰარი პოტერი”, ვერ ერკვეოდეს და ჩამორჩებოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, თუნდაც არ ჰქონდეს წარმოდგენა როკზე, რომელიც ძალიან უყვართ ამ ასაკში ბავშვებს. თუ ის არ არის იმ ინტერესებისა და ღირებულებების მცოდნე, რითაც ცხოვრობენ მისმი მოსწავლეები, რა თქმა უნდა, ის ვერასდროს დაამყარებს მასთან ეფექტურ კომუნიკაციას.

კონცეპტუალური ცვლილება გვჭირდება, სახელმძღვანელოების ცვლილება გვჭირდება და თვითონ მასწავლებლის რებრენდინგია საჭირო. ძალიან კარგი იქნება, რომ პედაგოგობა გახდეს მიმზიდველი პროფესია და დარგის საუკეთესო სპეციალისტები მიდიოდნენ და მუშაობდნენ სკოლაში, აქედან იწყებდნენ კარიერას ის ადამიანები, რომლებსაც მეცნიერებაც აინტერესებთ და ა.შ. ძალიან ბევრი ნიუანსია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი აქცენტი უნდა გაკეთდეს თვითონ უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე. წეღანაც ვთქვით, რომ ხშირად ბავშვის სკოლაში არწასვლის მიზეზი არის ის, რომ ემოციურად ის თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ძალიან რთული ორგანიზმია სკოლა და ძალიან ბევრი მიმართულებით სჭირდება მას გაუმჯობესება. საკლასო ოთახსაც კი შევცვლიდი. მგონი, ეს არის დასანგრევი და თავიდან ასაშენებელი სისტემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი