“იდენტობა” მიმართავს მერაბიშვილს გამოიძიოს ძალადობის ფაქტი

“იდენტობა” შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საჩივრით მიმართავს.

“იდენტობა” შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საჩივრით მიმართავს. 

 2012 წლის 17 მაისს ააიპ “იდენტობა”-ს მიერ ორგანიზებული იყო მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც ეძღვნებოდა ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

მშვიდობიანი მსვლელობის გამართვამდე ჩვენ მივმართეთ ქალაქ თბილისის მერიას – შევატყობინეთ აქციის შესახებ და ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს – მოვთხოვეთ ჩვენი მსვლელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2012 წლის 15 მაისს მერიისგან მივიღეთ თანხმობა, ხოლო 2012 წლის 16 მაისს ჩვენ დავუკავშირდით ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომელს გიორგი ჭოღოშვილს, რომელსაც ჩვენი განცხადება დაეწერა და  ჩვენი აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალა.

გიორგი ჭოღოშვილთან საუბრისას ჯერ ორგანიზაციის ოფის-მენეჯერმა, შემდგომ იურისტმა მიიღო სიტყვიერი დაპირება, რომ პოლიციის და პატრულის თანამშრომლები 2012 წლის 17  მაისს იქნებოდნენ მსვლელობაში მონაწილეების გვერდით და დააკავებდნენ ნებისმიერ პირს, რომელიც მათ თუნდაც სიტყვიერ შეურაცხოფას მიაყენებდა. აღნიშნულის დაპირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ლგბტ თემის წევრებს შორის და შედეგად 17 მაისს ფილარმონიასთან მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ ღონისძიების უსაფრთხოებაში. ამასთან, როგორც კი ჩვენ შევიკრიბეთ ფილარმონიასთან, ჩვენთან მოვიდნენ პატრულისა და პოლიციის თანამშრომლები და კიდევ ერთხელ დაგვამშვიდეს და დაგვარწმუნეს იმაში, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული მათი მხრიდან.

აღნიშნულის შემდგომ დაიწყო მშვიდობიანი მსვლელობა, რომლის დროს ჯერ კოსტავას გამზირზე, ხოლო შემდგომ რუსთაველის გამზირზე გამოჩნდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები, რომლებიც მსვლელობის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მათ უძღვებოდნენ მამაოები, რომლებიც თითქოსდა მშვიდად და კეთლიგანწყობილად ესაუბრებოდნენ მსვლელობის მონაწილეებს, მაგრამ სამაგიეროდ მათი მრევლის წარმომადგენლები იყვნენ აგრესიულები და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მსვლელობის მონაწილეებს.  პატრულისა და პოლიციის თანამშრომლები არ ერეოდნენ მოვლენების განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმოდათ ყველა ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მიმართული იყო მონაწილეების მიმართ და კარგად ხედავდნენ, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის  წარმომადგენლები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს იმით, რომ ალყაში აქცევდნენ მსვლელობის მონაწილეებს და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

 

უფრო მეტიც, როდესაც მსვლელობა მიუახლოვდა მეცნიერებათა აკადემიას იქ მას დახვდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლების ე. წ. ცოცხალი ჯაჭვი. ვითარება დაიძაბა – რელიგიური ფანატიკოსები გადავიდნენ შეტევაზე. მათი მხრიდან გინება  და მუქარები გაძლიერდა. ისინი ჯერ მსუბუქად ეხებოდნენ მსვლელობის მონაწილეებს ხელებით – ჰკრავდნენ მათ ხელს, ართმევდნენ ტრანსპორანტებს და ხელიდან გლეჯდნენ დროშებს. ამ დროს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო ინცინდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაქრნენ პატრულის თანამშრომლები. გარკვეული პერიოდი არც ერთი მანქანა და არც ერთი ფორმიანი მამაკაცი არ ჩანდა სიახლოვეს. თითქოს საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა მისცეს შესაძლებლობა  მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლებს ეცემათ მსვლელობის წარმომადგენლები. ასეც მოხდა. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, რადგან მოქალაქეებმა იგრძნეს თვითნებობის შესაძლებლობა და უკვე გამეტებით ურტყავდნენ მსვლელობის მონაწილეებს.

ვინაიდან მდგომარეობა ყოველ წუთს უარესდებოდა და იმის გამო, რომ ადგილზე არ ჩანდნენ საპატრულო სამსახურის წარმომადგენლები, ააიპ “იდენტობა”-ს იურსტმა დარეკა საპატრულო სამსახურში ნომერზე 112 ცამეტ საათსა და ოცდათვრამეტ წუთზე.  პატრული არ მოვიდა. კიდევ ერთი ზარი განხორციელდა ცამეტ საათსა და ორმოცდაექვს წუთზე და რადგან პატრული კვლავ არ ჩანდა, ხოლო მონაწილეების დარბევა გრძელდებოდა კიდევ ერთი ზარი ცამეტ საათსა და ორმოცდაცხრამეტ წუთზე განხორციელდა. ანუ სულ მცირე ოცი წუთის განმავლობაში მსვლელობის მონაწილეები პოლიციისა და პატრულის თანამშრომლებმა დატოვეს გააფთრებული ბრბოს პირისპირ, ყოველგვარი დაცვის გარეშე.

 

არსებობს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ უსწორდებიან რელიგიური ფანატიკოსები მსვლელობის მონაწილეებს. პატრულის თანამშრომლები ინცინდენტის მოგვარებაში კვლავ ჩაერთვნენ მხოლოდ მას შემდგომ რაც დარბევამ მასიური ხასიათი მიიღო. თუმცა იმის მაგივრად, რომ ის ადამიანები დაეკავებინა, რომლებიც წიხლებს და მუშტებს ურტყავდნენ აქციის მონაწილეებს, ისევ მსვლელობის მონაწილეები, ააიპ “იდენტობა”-ს სამი ტანამშრომელი და ერთი წევრი დააკავეს. აღნიშნულმა ფაქტმა დანარჩენი მონაწილეები კიდევ უფრო დათრგუნა და პანიკაში ჩააგდო. ადამიანებს ხელისუფლების დახმარების ყოველგვარი იმედი გადაეწურა და თავს ინცინდენტის ადგილიდან გაცლით უშველეს, რის შედეგადაც ინცინდენტი დასრულდა.

 

ააიპ “იდენტობა”-ს დაკავებული თანამშრომლები – მაგდა კალანდაძე და გვანცა ძერყორაშვილი და “იდენტობა”-ს წევრი – გურამ დემეტრაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი საათის განმავლობაში ატარეს მანქანით და შემდგომ ჩამოსვეს რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება ლევან ბერიანიძეს, იგი გადაყვანილი იყო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააყოვნეს ერთი საათის განმავლობაში და შემდგომ გამოუშვეს. ყველა ზემოხსენებულ პიროვნებას პატრულის თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

ლევან ბერიანიძეს  და გურამ დემეტრაშვილს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, რადგან ნაცემები იყვნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მსვლელობის სხვა მონაწილეებმაც მიიღეს, მაგრამ მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

 

ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლების ზეპირი განმარტებით დაკავებულია მოქალაქე, რომელიც დარბევაში მონაწილეობდა, თუმცა ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არც ერთი მოქალაქე არ არის დაკავებული. რატომ არ დააკავა პატრულმა ის ადამიანები, რომლების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მსვლელობის მონაწილეებს? რატომ მისცა მათ თვითნებობის შესაძლებლობა? არც მსვლელობის მონაწილეთა და არც რელიგიურ ფანატიკოსთა რიცხვი არ იყო იმდენად დიდი, რომ საპატრულო სამსახურს ვერ აღეკვეთა კანონის დაღვევა, მაგრამ ცხადია, რომ მან ეს არ შეასრულა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება:

  1. საპატრულო სამსახურის თანამშრომელთა მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
  2. ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება და
  3.  მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლების კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
  4. ინცინდენტის ადგილზე მყოფი მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

 

ზემოხსენებულის გათვალისწინებით გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება ფაქტზე.

 

ჩვენ მოგაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ, საქმესთან დაკავშირებულ ყველა მტკიცებულებას და აქტიურად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან.

 

ააიპ “იდენტობა”-ს

გამგეობის თავმჯდომარე

ელინა გლახაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი