კომენტარი

საია გაუმართლებლად მიიჩნევს ქუთაისის მერიის სამსახურის ქმედებას

2 მაისი, 2012 • 1108
საია გაუმართლებლად მიიჩნევს ქუთაისის მერიის სამსახურის ქმედებას

საია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებს გუშინ ღამით ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, დასუფთავების სამსახურის წყალსატყორცნი მანქანების გამოყენებას ახალგაზრდების საპროტესტო აქციის წინააღმდეგ.

2 მაისს, ღამით, “ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით გამოსახეს წარწერა “გილოცავთ ქუთაისობას”.

“ტელეკომპანია „მაესტროს” კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მიმდინარეობისას ტროტუარს მიუახლოვდა სატვირთო მანქანა, რომელმაც დემონსტრანტებისა და დანთებული სანთლების მიმართულებით გაუშვა წყლის ჭავლი. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს წყლის ჭავლს სპეცფორმაში გამოწყობილი პიროვნება შეკრების მონაწილეებს.

შეკრება არ იმართებოდა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს არ მოეთხოვებოდათ გაფრთხილების შეტანა ქუთაისის მერიაში. შეკრება იყო კანონიერი”,- ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია დამაჯერებლად არ მიიჩნევს დასუფთავების სამსახურის ქმედების გამართლებას ქალაქის სანიტარიულ-ჰიგიენური ან ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის ინტერესებით. საიას განცხადებით, გაუგებარია, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქალაქის სანიტარიულ ან სახანძრო უსაფრთხოებას პლასტიკურ ჭიქაში მოთავსებულმა რამდენიმე სანთელმა.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნების” აქტივისტების თქმით, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი