კომენტარი

გიორგი კანაშვილი: რუსეთ-საქართველოს შორის სტაბილურად მძიმე ურთიერთობა შენარჩუნდება

27 ივლისი, 2016 • 2161
გიორგი კანაშვილი: რუსეთ-საქართველოს შორის სტაბილურად მძიმე ურთიერთობა შენარჩუნდება

26 ივლისს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, გორის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ადგილობრივ მამაკაცს სცემეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა რამდენიმე თვის წინ სოფელ ხურჩაში გალის მკვიდრი გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. როგორ აისახება ასეთი ფაქტები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე, ამ საკითხებზე ვრცელი კომენტარი ჩავწერეთ  “კავკასიური სახლის” დირექტორთან, გიორგი კანაშვილთან, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

“ვფიქრობ, რომ აღნიშნული ფაქტი რაიმე ტენდენციის მაჩვენებელი იმდენად არ არის, რამდენადაც ცალკეული ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაც მოხდა, ვფიქრობ, ეს სხვადასხვა მიმართულებებია – კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა დინამიკა აქვს. შესაბამისად, ამ ორ ფაქტს ერთმანეთს არ დავუკავშირებდი, თუმცა ამ შემაშფთოთებელმა ფაქტებმა ტენდენციის, სისტემური სახე მიიღო, შესაძლებელი იქნება უფრო მკაცრი განაცხადების გაკეთება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

სამართლიანობისათვის, უნდა ვთქვათ, რომ ჟენევის ფორმატში ოთხოზორიას საკითხი იყო დასმული. ასევე, დარწმუნებული ვარ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში გუშინდელი ინციდენტის შესახებაც იქნება საუბარი და ეს საკითხი ქართული მხრიდან წამოიწევს. თუმცა ერთია ის, თუ მოლაპარაკებების ფორმატში რა საკითხები წამოიწევს და რეალურად რა საკითხებზე შეიძლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

2008 წლის შემდეგ შეიცვალა საქართველოს პოზიციები და ძალთა ბალანსი კონფლიქტის ზონაში. შესაბამისად, ჩვენი ქმედებები ძალიან შეზღუდულია და, ძირითადად, მკაცრი რიტორიკით ან უბრალო მოლაპარაკებებით შემოიფარგლება. ეს წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო. ახალი ხელისუფლების დროს ძირითადად დიპლომატიური ძალისხმევა და ურთიერთობების ნორმალიზაცია იმისთვის იყო გამოყენებული, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში უფრო სტაბილური ყოფილიყო და ესკალაციისკენ არ წასულიყო. რაღაც თვალსაზრისით, ადამიანები გალში, ახალგორში – ოკუპაციის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მართლაც  უფრო უსაზღვროდ გრძნობენ თავს, რადგან ასეთი ფაქტები, – მკვლელობა, გატაცება, სხვა ტიპის ძალადობა, – უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე ადრე ხდებოდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია მაინც არ არის სასურველი და სანამ ეს კონფლიქტი და ოკუპაცია იარსებებს, დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტები თავს მუდმივად შეგვახსენებს ხოლმე.

არა მგონია, რომ ასეთი ფაქტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე აისახოს. არსებობს ლოკალური დინამიკა და იქიდან გამომდინარე, რომ კონფლიქტი არსებობს და არსად არ წასულა, ამ ტიპის ინციდენტები მომავალში იქნება. მთავარია, ამან შეუქცევადი ფორმა არ შეიძინოს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იმოქმედებს აღნიშნული სიტუაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე – იმოქმედებს, თუკი აღნიშნულმა ფატებმა მართლაც სისტემური ფორმა შეიძინა. მაგრამ, როგორც ჩანს, არ არსებობს სტრუქტურული პირობები იმისა, რომ ეს ურთიერთობები რაიმე სახის ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. არა მგონია ამ მხრივ რაიმე რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა რეგიონში ძალიან სახიფათო პროცესები შეინიშნება – უკრაინა, თურქეთის ახლანდელი ამბები, ყარაბაღის კონფლიქტი – ახლო სამეზობლოში უსაფრთხოების მცირე ტერიტორიად ვრჩებით, სადაც სიტუაცია მეტნაკლებად სტაბილურია. ამ ეტაპზე საქართველოს ინტერესი არ არის დესტაბილიზაცია, პოლიტიკოსებისა თუ სხვათა განცხადებები არის მშვიდობისკენ მიმართული და ამ ეტაპზე მგონია, რომ რუსეთის ინტერესებშიც არ უნდა შედიოდეს საქართველოსთან ურთიერთობების მკვეთრად დაძაბვა.

რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროგრესი ან ურთიერთობებში რევოლუციური ცვლილება არ მოხდება (რევოლუციური, მაქსიმუმ, შეიძლება იყოს, მაგალითად, უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან). ამ ურთიერთობებში რაიმე სხვა სახის გარღვევები არ მოხდება, – იქნება მეტნაკლებად სტაბილურად მძიმე ვითარება, რადგან საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% რჩება ოკუპაციაში და ამ დროს ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი რთულია.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს საშუალება იმისა, რომ მოახდინოს გავლენა და იყოს უფრო მკაცრი ქმედებებში. მაგალითისთვის, შეუძლია რეფერალური პროგრამის შეჩერება, ხისტი რიტორიკა, რაღაც შეხვედრების ჩაშლა, დისკომფორტის შექმნა რუსეთისთვის, საერთაშორისო დონეზე რუსეთის უფრო მეტი კრიტიკა. შესაძლებელია უკრაინაში პრემიერის ჩასვლა და მივიდეს ფრონტის ხაზზე პოროშენკოსთან ერთად – შეიძლება ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ექნება გარკვეული ეფექტი იმ კუთხით, რომ რუსეთს არ მოეწონება და ამის დემონსტრირება ჩვენ შეგვიძლია.

თუმცა მეორე საკითხია – რის საფასურად? შესაძლებელია, ეს ყველაფერი, რაც ხდება, – ე.წ ნორმალიზაციის და სტაბილურობის შეგრძნების გაჩენა, – წავა უკან, რადგან ყველაფერს აქვს თავისი საფასური. თუ ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, სავარუდოდ, იქიდანაც ამგვარი ნაბიჯები იქნება, რაც, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენს ინტერესებში არ შედის. ახლა ჩვენ გარშემო ძალიან სახიფათო პერიოდია და, თეორიულად, ქვეყანა შესაძლოა ჩაითრიონ რაიმე სახის კონფლიქტში, რაც ჩვენს ინტერესში არ შედის.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვინმეს ცემენ, აკავებენ ან, მით უმეტეს, კლავენ, მაგრამ ამ გზით თუ წავედით, შეიძლება უფრო მძიმე შედეგები მივიღოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, – ისეთი, რომელიც გართულებებს არ გამოიწვევს, არის მოლაპარაკებები, მცდელობა იმისა, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოხდეს ამ კონტექსტში რუსეთზე ჩვენი თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი