კომენტარი

ნოდარ ხარშილაძე: თურქეთს და დასავლეთს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ერთმანეთი

18 ივლისი, 2016 • 2361
ნოდარ ხარშილაძე: თურქეთს და დასავლეთს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ერთმანეთი

არსებობს თუ არა თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის საფრთხე  და რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ პროცესს საქართველოზე? – ნეტგაზეთის შეკითხვებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე პასუხობს:

როგორ შეაფასებთ იმ მოვლენებს, რომლებიც თურქეთში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ვითარდება. დაკავებულია ათასობით ადამიანი, ათასობით ადამიანი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა  დღეს განაცხადა, რომ დაკავებულთა სია სავარაუდოდ წინასწარ იყო მომზადებულიო. ხომ არ მიდის პროცესები დასავლეთისაგან თურქეთის იზოლაციის მიმართულებით?

ნოდარ ხარშილაძე © Centre for European and North Atlantic Affairs

ნოდარ ხარშილაძე © Centre for European and North Atlantic Affairs

გადატრიალების მცდელობა ახლახან იყო და, შესაბამისად, ახლა ცოტა ემოციურად კეთდება ის, რაც ხდება. ემოციები თავიდან ყოველთვის დუღილის მაღალ ტემპერატურაზეა. ერდოღანი აკეთებს იმას, რაც მან განაცხადა გადატრიალების მომენტში, რომ აუცილებლად გაუსწორდებოდა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან იდგა შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილი, ხოლო მთავარი არქიტექტორი ამერიკაში მცხოვრები ფეთულა გულენი იყო, რომელიც თვითონ უარყოფს, მაგრამ ერდოღანი ამაში დარწმუნებულია.

ჩემთვის უცნობია, რა წყაროზე დაყრდნობით გააკეთა ევროკომისარმა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს სიები წინასწარ ჰქონდათ. საიდან უნდა იცოდეს ევროკომირმა ამის შესახებ?! განცხადების გაკეთება ადვილია მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში არ ხდება სახელმწიფო გადატრიალება. როდესაც ეს ასეთი სახით ხდება, ეს ძალიან დიდი დარტყმაა თურქეთისთვის. სულ სხვა საქმეა წინა გადატრიალებები თურქეთში, როდესაც მთელი სამხედრო ორგანიზაცია მონაწილეობდა, (და წარმატებულიც იყო) ეს თურქული გაგებით არა  სახელმწიფო გადატრიალება, არამედ  უფრო ამბოხი იყო. თურქეთში ჯარის მიმართ  ემოციური დამოკიდებულება არსებობს და [მსგავსი ფაქტები] მძიმედ გადააქვთ. ასე რომ, თურქეთს ახლა უცხოეთთან ურთიერთობები ცოტა დაეძაბება, ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა, მაგრამ  ნელ-ნელა ყველაფერი დაწყნარდება.

თქვენ ამბობთ, არ ვიცი, რაზე დაყრდნობით განაცხადა ევროკომისარმა სიების შესახებო. ასე მოკლე დროში ათასობით ადამიანის დაკავება, ათასობით ადამიანის გათავისუფლება, თან არა მხოლოდ ჯარიდან, არამედ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მათ შორის პოლიციიდან, სასამართლოდან. ეს ხომ კონკრეტული ადამიანების სახელები, გვარები და საქმეებია, ასე მოკლე დროში ამ ყველაფერზე ინფორმაციის ასე სწრაფად მოძიება ალბათ იწვევს კითხვის ნიშნებს…

კითხვის ნიშნები შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 80-მილიონიანი ქვეყანაა უზარმაზარი ბიუროკრატიით. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ჩემთვის კითხვის ნიშნებს იწვევს, მაგრამ იმის თქმა, რომ ალბათ ადრე იყო მომზადებულიო, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაკვალიფიციურია და ის, რომ ეს ადამიანი ევროკმისარია, სულ არ ნიშნავს იმას, რომ მაღალი დონის ექსპერტიზას ფლობს თურქეთის საკითხებში. ამ შემთხვევაში მე ამ განცხადებას ყურადღებას არ ვაქცევ, რამდენადაც, რა თქმა უნდა, მე შემიძლია პირადპირ ვთქვა (არ არის საჭირო იყო ევროკომისარი), ასეთი სიები დიდი ხანია თურქეთს ჰქონდა და აკვირებოდა მათ როგორც საეჭვო პირებს. ამაზე საუბარი ზედმეტია. ასე მუშაობს უსაფრთხოების სამსახური. წლების განმავლობაში დგებოდა იმ ადამიანების სიები, ვინც ფეტულა გულენთან თანამშრომლობდა… 2013 წლის კონფლიქტიდან მოყოლებული, როდესაც პირველად მოხდა შეჯახება ერდოღანსა და გულენის მხარდამჭერებს შორის… ძალიან მარტივი იყო ამ არქივების ამოწევა და ამ ადამიანების სამსახურიდან გაშვება თუ დაპატიმრება. ეს არის ნებისმიერი სახელმწიფო სისტემის მუშაობის სტილი და ამაში გასაოცარს ვერაფერს ვხედავ.

თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, ხომ არ ირღვევა ადამიანის უფლებები ამ [დაკავებების, გათავისუფლებების] პროცესში…

მე მაგ  სფეროში ექსპერტი არ ვარ. თურქეთში ნორმალური ტიპის სასმართლო სისტემა არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. რაიმე საერთაშორისო დასკვნა არ მინახავს, რომ ეს არის განსაკუთრებულად ცუდი ან განსაკუთრებულად კარგი სასამართლო სისტემა. თურქეთში სრული დემოკრატია არ არის და ამაზე არავინ დავობს, ეს არის შერეული ტიპის დემოკრატია, რომელშიც არჩევნებს, სასამართლოს და კონსტიტუციას აქვს თავისი როლი, მაგრამ ამასთანავე ხშირია ფაქტები, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ზედმეტად იყენებს თავის უფლებებს. ისტორიის განმავლობაში, თურქეთის დაფუძნებიდან დღემდე მოყოლებული, სხვათა შორის, ერდოღანამდე, თურქეთი სამხედრო ავტორიტარული სახელმწიფო იყო, სადაც სამხედრო გენშტაბს საჭიროების შემთხვევაში (ეს საჭიროება მათ განმარტებაზე იყო დამოკიდებული) გადატრიალების მოწყობა შეეძლო, რაც ხუთჯერ გააკეთეს კიდეც ისტორიაში. სამხედროების დეპოლიტიზაცია, რაც ერდოღანმა გააკეთა, ჩემი აზრით, მიღწევაა. არც ახლა არის თურქეთი  დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლომდე ამ სიტყვის სრული გაგებით. ბელგიაში რომ ხდებოდეს ეს ყველაფერი, გასაოცარი იქნებოდა, მაგრამ თურქეთისთვის ძალიან ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ ხდება. ამაზე არანაკლები მასშტაბის მოვლენა მოხდა 2013-2014 წლებში. მაშინ არა დაპატიმრებები, არამედ უფრო სამსახურებიდან გათავისუფლების პროცესი იყო და დიდი ყურადღება მაშინ არავის მიუქცევია, რადგან ეს სამხედრო პუტჩის შემდეგ არ მომხდარა. ასე რომ, ეს პირველი და უკანსკნელი არ არის.

შესაძლო იზოლაციაზე როდესაც ვლაპარაკობ, აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები თურქეთში სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება თურქეთის ზოგიერთ საერთაშორისო ვალდებულებას. როგორ ფიქრობთ, ესეც ემოციური განცხადებებია?

უფრო ემოციური განცხადებებია. თურქეთში არსებობს ასეთი პრაქტიკა, სასამართლო განაჩენის გამოცხადების დროს შესავალაში ამბობს, რომ ეს ყველა ადამიანი იმსახურებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ გამომდინარე თურქეთის საერთაშორისო ვალდებულებებიდან, მათ ეფარდებათ სამუდამო პატიმრობა. ასე გაკეთდა, მაგალითად, წინა აჯანყების დროს, როდესაც გენშტაბის უფროსს მიუსაჯეს სიკდვილით დასჯა აღსრულების გარეშე, შესაძლოა, დაახლოებით ასეთი რამე ქნან ახლაც. ერდოღანი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, კარგად ერკვევა მანევრირებებში… ჩემი აზრით, მისი მთავარი მიზანი იქნება კონსტიტუციის შეცვლა [უფლებამოსილების გაზრდისითვის].

თუ ამაზე დასავლეთის რეაქცია, წინააღმდეგობა იქნება, კონფლიქტს მივიღებთ?

არა, კონფლიქტი არ ექნება, მაგრამ ურთიერთობები გაუფუჭდება. დასავლეთისთვის თურქეთი საჭიროა, ისევე როგორც თურქეთს სჭირდება დასავლეთი და რამდენიმე წელიწადში ეს ურთიერთობა ნორმალიზდება. ყოველთვის ასე იყო. კვიპროსზე მეორე ომის შემდეგ ამერიკამ თურქეთს ერთი პერიოდი ემბარგო დაუწესა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემდეგ ისევ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ანუ ციკლობრივია თურქულ-დასავლური ურთიერთობა. არის ციკლი, როდესაც ცივი ურთიერთობაა და მხოლოდ აუცილებელ ფორმატებში თანამშრომლობენ და არის ციკლები, როდესაც ეს ურთიერთობები ძალიან ახლო და აქტიურია.

თუ შემდეგი ციკლის განმავლობაში თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობები გაფუჭდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე? თანამშრომლობის არაერთ საკითხს  რომ თავი დავანებოთ, თურქეთი ნატოში საქართველოს გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია და პერიოდულად ამ საკითხს სწორედ ააქტიურებს ხოლმე…

საქართველოსთვის ძალიან კარგია, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის პოზიტიური  პარტნიორობა არსებობდეს. თურქეთი დიდი სახელმწიფოა. მას ძალიან კომპლექსური მექანიზმი აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ ის უნიკალურ ისტორიულ პირობებშია შექმნილი. ეს იყო ცივილიზაცია, რომელიც ამ დასავლეთს 300 წელი ებრძოდა. ისინი არასდორს წავლენ ეროვნულ დათმობებზე [გარე ფაქტორების] თუნდაც წევრობის გამოც კი. საქართველოსთვის, ცხადია ,კარგი არ იქნება, თუ ეს ურთიერთობა გაფუჭდება, მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ თურქეთი და დასავლეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ ერთმანეთი. ეს არსად გაქრება. საბოლოო ჯამში, არ მგონია, რომ საქართველომ ამ პროცესისაგან რაიმე ნეგატიური შედეგი მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი