კომენტარი

ბერძენიშვილი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმზე: ჩვენ გვინდა გადაწყვეტილება ამოქმედების თარიღით

7 ივნისი, 2016 • 1899
ბერძენიშვილი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმზე: ჩვენ გვინდა გადაწყვეტილება ამოქმედების თარიღით

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხება გამოიწვია ტერაქტებმა, მიგრაციის უზარმაზარმა მაჩვენებელმა და თურქეთის პოზიციამ ევროკავშირის მიმართ:

“საქართველოს ხან თურქეთთან, კოსოვოსთან და უკრაინასთან ერთად განიხილავენ, ხან ცალკე. ხან გვეუბნებიან, ივლისისთვის მოესწრება გადაწყვეტილების მიღება, ხან გვეუბნებიან, ვერ მოესწრება. ვერავინ გვეუბნება მყარ პასუხს, რა და როდის იქნება. ჩვენ ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიზების ლიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთ. საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და უნდა მიეცეს. უარის თქმა რომ უნდოდეთ,  ეგ ერთ დღეში წყდება. უბრალოდ, თვითონაც მშვენივრად ესმით, რომ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში არიან. თვითონვე გვითხრეს, რომ ყველა ვალდებულება შევასრულეთ,” – აღნიშნავს დეპუტატი.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეგონა, რომ ევროაკავშირის წევრი ერთი ან ორი ქვეყნის წინააღმდეგობა არ არის მნიშვნელოვანი:

” იმიტომ, რომ ფორმალურად ასეთი საკითხები უმრავლესობით წყდება, უბრალოდ, მოსახლეობის თვალსაზრისით კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ 65 პროცენტი უნდა იყოს იმ ქვეყნების მოსახლეობის დაფარული, რომლებიც “კის” იტყვიან. მაგრამ ამ კორეპერზე [Coreper] საჭირო ყოფილა კონსესუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს 65 პროცენტი არ მიიღწევა. საკმარისია ერთმა ქვეყანამ თქვას, რომ არ ეთანხმება და მაშინ ამ დაუთანხმებლობაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს. გერმანია თუ იტყვის [უარს] და საფრანგეთიც  შეიძლება დაეთანხმოს, ამ პროცესმა შეიძლება ბელგია, ჰოლანდია და დიდი ბრიტანეთიც გაიყოლიოს. ირკვევა, რომ ის სანუკვარი 65 % აღარ არის. ამიტომ ეძებენ კონსესუსს.”

დეპუტატის განცხადებით, თუ საკითხი კენჭისყრაზე გავიდა და საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე უარყოფითი პასუხი მიიღო, პროცესი მთავრდება, რაც მისი აზრით, საქართველოსთვის იქნება კატასტროფა.

ბერძენიშვილი პრობლემად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის არარსებობას ასახელებს:

“უვიზო მიმოსვლის შეფერხების მექანიზმი ევროპის კავშირმა იმიტომ გამოიგონა, რომ  თუკი მასიურად წამოვა ხალხი და თავშესაფარს მოითხოვს, თუ მასობრივად არ დაიცვეს 180-დღიანი ვადა, თუ დარღვევები იქნება, ვიზის ლიბერალიზაცია შეაჩეროს. ამ კანონზე დაიწყეს მუშაობა. ეს კანონი მიღებამდე იმხელა გზას გაივლის, რაც ჩვენმა რატიფიკაციამ გაიარა. 2014 წელს რომ მივიღეთ და 2016 წლის 1 ივლისს რომ ამოქმედდება.  თუ გადაწყვეტენ, რომ შეჩერების მექანიზმის შესახებ კანონის ამოქმედებამდე ვიზების ლიბერალიზაციას არავის მივცემთო, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ესეც არ ნიშნავს საბოლოო უარს.”

ბერძენიშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოცხადება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღების თაობაზე:

“ჩვენ გვინდა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება რომ იყოს ასეთი – საქართველოს ეძლევა ვიზების ლიბერალიზაცია და ამით ისარგებლებს მაისიდან, ივნისიდან, ივლისიდან, აგვისტოდან, სექტემბრიდან, ყველა თარიღი კარგია. გვეცოდინება, რომ საკითხი დამთავრდა და ვემზადებით უცხოეთში გასასვლელად. რატომ არ მიმართავენ [ევროკავშირში] ამ ფორმას, არ ვიცი. გადაწყვეტიელბა მიიღონ და მოამზადონ ის შეფერხების მექანიზმიც. ჩვენ გვითხრან, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მიღებული გაქვთ, დამშვიდდით, ხალხი დამშვიდდეს.”

დეპუტატი ამტკიცებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი ევროპის პარლამენტში მიმდინარეობს სწორი გრაფიკით:

” ჩვენ აქამდე პულსი გვედო ევროპის პარლამენტზე, ვამოწმებდით ქალბატონი გაბრიელი როდის დაამთავრებს მოხსენებას, როდის იქნება ლიბეს კომიტეტი, როდის იქნება საპარლამენტო სესია. აქ ყველაფერი ისე მიდის, რომ ივლისისთვის ესწრება. შეფერხება გამოიწვია ტერაქტებმა, მიგრაციის უზარმაზარმა მაჩვენებელმა და თურქეთის პოზიციამ ევროკავშირთან მიმართებაში, რომელიც  ანტიტერორისტულ კანონს არ ცვლის. აქ საუბარია იმაზე, მოხერხდება თუ არა კორპერზე კონსესუსის მიღწევა. საფრანგეთისგან უფრო დადებითი ტენდეცია გვაქვს. პრემიერ-მინისტრი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ვიზის საკითხზე, რა პასუხი იყო იქედან, არ ვიცით. რაც იმას ნიშნავს, რომ  არავის უთქვამს – ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, არც საპირისპირო უთქვამთ,”- აღნიშნავს ბერძენიშვილი.


 

ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა 9-10 ივნისს უნდა გაიმართოს. საბჭოს დღის წესრიგშია  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი, თუმცა კვირას ცნობილი გახდა, რომ გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოსთვის ვიზის მინიჭების საკითხს.

ევროკავშირის მინისტრების საბჭოს სხდომას  წინ უძღვის ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (კორეპერი) სხდომა, რომელიც ამზადებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსთვის.

კორეპერის სხდომები გაიმართა 24 მაისს და 1 ივნისს. როიტერის ცნობით,  1 ივნისს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან საკითხს ეწინააღმდეგებოდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის წარმომადგენლები. კორეპერი ამ საკითხზე ვერც 24 მაისის სხდომაზე შეთანხმდა.

თუ 9-10 ივნისს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თავის დადებით პოზიციას დააფიქსირებს, ივნისის ბოლომდე, ანუ ევროპარლამენტარების შვებულებამდე უნდა მოესწროს LIBE-ს კომიტეტის მინიმუმ ერთი სხდომა, რადგან უცნობია, მოხსენება და კენჭისყრა ერთსა და იმავე სხდომაზე გაიმართება თუ არა. ასევე რჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატების უმრავლესობამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უნდა დაუჭიროს მხარი.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ ეტაპების დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი