კომენტარი

ივანიშვილი: მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი

30 მაისი, 2016 • 1495
ივანიშვილი: მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში, რომელიც დღეს, 30 მაისს გამოაქვეყნა, სხვამს შეკითხვას: “რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?!”

კითხვას თავადვე პასუხობს ივანიშვილი:

“ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი – ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი.

შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე – ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას”, – წერს ივანიშვილი თავის წერილში.

ივანიშვილის თქმით, მას აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელიც 10-15 წლიან პერიოდს მოიცავს:

“ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში უყრიდნენ და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება”, – წერს ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შექმნილმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენლობაში აღარ იქნებიან თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი. ივანიშვილმა დღევანდელი წერილით მოსახლეობას ისევ “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს”, – წერს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი