კომენტარი

ნაცვლიშვილი: პრობლემა გვაქვს არა მსუბუქ და ცუდ კანონებში, არამედ მათ აღუსრულებლობაში

24 მაისი, 2016 • 1362
ნაცვლიშვილი: პრობლემა გვაქვს არა მსუბუქ და ცუდ კანონებში, არამედ მათ აღუსრულებლობაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ გამკაცრდეს კანონმდებლობა არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობაზე:

“არ ვფიქრობ, რომ პრობლემა არის კანონებში და კანონების არარსებობაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა გამოყენების საფუძველზეც შესაძლებელია მსგავსი ტიპის ქმედებების სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეფასება, დამნაშავეების დასჯა და შემდგომი დანაშაულების პრევენცია. პრობლემა გვაქვს არა მსუბუქ და ცუდ კანონებში, არამედ მათ აღუსრულებლობაში. თუ ჩვენი სამართალდამცავები შეასრულებენ იმ კანონმდებლობას, რომელიც არსებობს საქართველოში, შესაძლებელია ამ ტიპის ინციდენტებზე ეფექტური რეაგირება, დამნაშავეების გასამართლება და შემდგომი მსგავსი დანაშაულების პრევენცია. თუ ჩვენ პრაქტიკაში კანონების აღსრულება არ გვექნება, მაშინ არანაირ კანონს არ ექნება მნიშვნელობა და ეფექტი.

სწორი პოლიტიკური მესიჯები გაჟღერდა, თუმცა, უფრო დროული რომ ყოფილიყო ეს მესიჯები, უკეთესი იქნებოდა. ეს მესიჯები არ უნდა დარჩეს მესიჯებად და ჩვენ უნდა ვნახოთ ქმედითი ღინისძიებები, მათ შორის, ძალოვანი უწყებების მხრიდან, რომ მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება კორცხელში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზეც უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს, ზუგდიდის სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მათ შორის  პარტიის ლიდერებს – გიგა ბოკერიას, ნიკა მელიასა და თენგიზ გუნავას. ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ ამოიცნეს რამდენიმე პირი. შსს გამოძიებას აწარმოებს სსკ-ის 125-ე მუხლით (ცემა), თუმცა ამ დრომდე არავინაა დაკავებული.

23 მაისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის მომზადება, რომლითაც გამკაცრდება არჩევბთან დაკავშირებით ძალადობაზე სანქციები. 24 მაისს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა ცვლილებების პროექტი, რომლითაც საარჩევნო პროცესში ძალადობა, შესაძლოა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდეს. ამ კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე 27 მაისს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი