კომენტარი

გზა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე

27 ოქტომბერი, 2011 • 1415
გზა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში 2009 წელს ერთდროულად ჩაერთო ექვსივე მონაწილე ქვეყანა (უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა), არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებშიც ზოგიერთმა მათგანმა გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტური წინსვლა განიცადა.

ერთ–ერთი ასეთი საკითხი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მიღწევას შეეხება. ამ კუთხით აღამოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებს შორის სამი ქვეყნაა დაწინაურებული: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. თუმცა საქართველო, რომელსაც ევროკავშირთან ვიზების გამარტივების შეთანხმება აქვს გაფორმებული, მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას ახორციელებენ; სამაგიეროდ წინ უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებთანაც ევროკავშირს ამ დრომდე არ გაუფორმებია ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმება.

რით განსხვავდება ვიზების გამარტივება ვიზების ლიბერალიზაციისგან, რა პროგრესი განიცადა მოლდოვამ საქართველოსთან შედარებით და რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ მიღწეული იქნას უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“  ევროპული მოძრაობის მოლდოვას მოსამზადებელი კომიტეტის პრეზიდენტს, არინა კრაიჟდანს ესაუბრა:

საერთაშორისო ევროპული მოძრაობის კონგრესზე ერევანში
საერთაშორისო ევროპული მოძრაობის კონგრესზე ერევანში

რით განსხვავდება ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისგან?

ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს სავიზო რეჟიმის გაადვილებას ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მაგალითად, ამ შეთანხმების შედეგად მოლდოვაში ვიზების უფასოდ მიღების შესაძლებლობა მიიღეს სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა, ჟურნალისტებმა, ბიზნესმენებმა, რომლებიც დადიან საზღვარგარეთ თავიანთი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე და ა.შ. დანარჩენი მოქალაქეები კი ამ ვიზებში იხდიან 35 ევროს. ამას გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმება, აღარ ჭირდებათ დოკუმენტების მთელი დასტის წარდგენა, რაც მანამდე იყო აუცილებელი ვიზის მისაღებად. მაგალითად, მოლდოვაში ახლა შეიძლება მხოლოდ წარადგინო ცნობა სამსახურიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან იმის შესახებ, რომ ნამდვილად ხარ სტუდენტი ან  კონკრეტული ბიზნესის, მედიის წარმომადგენელი, იმისათვის, რომ უფასოდ მიიღო ვიზა. ასევე, მოლდოვაში გვაქვს ასეთი სიახლე – ეს გახლავთ საერთო სავიზო ცენტრი, რომელიც განთავსებულია უნგრეთის საელჩოში და მასში შესაძლებელია ევროკავშირის 6–ზე მეტი ქვეყნის ვიზის მიღება, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან  კომფორტულია.

რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, ეს ეხება სავიზო რეჟიმის თანდათან გაუქმებას და ამისთვის აუცილებელია 4 ძირითადი პუნქტის შესრულება. უვიზო რეჟიმი გულისხმობს, პირველ რიგში, საზღვრების დაცვას. მოლდოვაში ეს პრობლემაა. ჩვენ გვაქვს დნესტრისპირეთის რეგიონი, რომელიც არ არის მოლდოვას ოფიციალური მთავრობის კონტროლქვეშ; მეორე პუნქტი ეხება ტექნიკურ საკითხებს, მაგალითად, ეს არის ბიომეტრული პასპორტები, რომელიც აადვილებს  იმ ადამიანების რეგისტრაციის პროცედურებს, რომლებიც შედიან ევროკავშირის ტერიტორიაზე; მესამე არის რეადმისიასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ეხება მიგრანტების დაბრუნებას; ყველა ეს პუნქტი დაკავშირებული შესაბამისი კანონმდებლობის შემოღებასთან ქვეყანაში.
რაც უფრო მალე აამოქმედებს ქვეყანა ვიზების ლიბერალიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს, მით უფრო სწრაფად შეუძლია მიაღწიოს უვზო რეჟიმს ევროკავშირთან.

ამ დროისთვის რა ეტაპზეა მოლდოვა?
ამ დროისთვის ჩვენ ვართ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველ ეტაპზე. ეს გეგმა 2011 წლის იანვრიდანაა ხელმოწერილი მოლდოვას რესპუბლიკასთან. ივლისში უკვე მომზადდა პირველი ანგარიში, როგორც მოლდოვას ხელისუფლების მიერ, ისე ევროკომისიის მიერ, იმის თაობაზე, თუ როგორ ხორციელდება ეს სამოქმედო გეგმა.  ევროკომისიამ აღნიშნა, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან მოლდოვაში მოქმედებს და სავალდებულოა ბიომეტრული პასპორტები, რათა ადამიანს ნაკლები დოკუმენტი დაჭირდეს ვიზის მისაღებად და ბიომეტრულ პასპორტში ყველაფერია დატანილი და დამატებით არავითარი დოკუმენტი აღარაა საჭირო.
მოლდოვაში პრობლემური საკითხია ადამიანის უფლებების კუთხით უმცირესობების საკითხი. კერძოდ, არ არის მიღებული კანონი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

რა უშლის ხელს ამ კანონის მიღებას?
დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ამას ეკლესიის მხრიდან, რადგან ეს გაგებული იქნა, როგორც ძირითადად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ კანონი. მაგრამ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და იმ საკითხებზე, რაც ადამიანის უფლებებს ეხება (და დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი ეხება ადამიანის უფლებებს), ეკლესიას შეუძლია ჰქონდეს თავისი მოსაზრება, ის შეიძლება იყოს უარყოფითი, მაგრამ კანონი ყველა შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული, ცხადია, ფართო საზოგადოებრივი განხილვების ფონზე. ეს აუცილებელია ევროკავშირის მოთხოვნებისდან გამომდინარე მიგრაციული პოლიტიკის პუნქტში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელიც იმყოფება მოლდოვას ტერიტორიაზე, მათი რასობრივი, სექსუალური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

საზღვრების დაცვის საკითხზე მინდა გკითხო. თქვენ ახსენეთ დნესტრისპირეთის რეგიონი, რომელზეც დაკარგული აქვს კონტროლი მოლდოვას ხელისუფლებას და ასეთივე პრობლების წინაშე დგას საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ამ პრობლების ფონზე როგორ მოახერხებს მოლდოვა ევროკავშირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაცული საზღვრების თაობაზე?
ჩვენთან, მოლდოვაში მუშაობს EUBAM–ი (European Union Border Assistance Mission) – ევროკავშირის სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს მოლდოვა–უკრაინის საზღვარზე გადაადგილებას, რადგან მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთის რეგიონს. ამას გარდა, მუდმივად ხდება მოლდოველი მესაზღვრეებისთვის სასწავლო ტრენინგების ჩატარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აღიჭურვა სასაზღვრო–გამშვები პუნქტები თანამედროვე ტექნიკით და ა.შ.

არალეგალური მიგრაციის შემცირება არის ერთ–ერთი პუნქტი, რომელიც უნდა შესრულდეს უვიზო რეჟიმის მისაღებად. რამდენად მაღალი მაჩვენებელი აქვს მოლდოვას არალეგალური მიგრაციის კუთხით და ძირითადად ევროკავშირის რომელ ქვეყანაში გაედინებიან ისინი?
ძირითადად, ჩვენი შრომითი მიგრანტები მუშაობენ იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. ოფიციალური მონაცემით, ეს არის 250 ათასი ადამიანი, მაგრამ არაოფიციალური მაჩვენებლებით,  არალეგალურად დაახლოებით 600 ათასი ადამიანია წასული ქვეყნიდან. ეს უდიდესი ციფრია მოლდოვასთვის. უფრო მეტიც, მოლდოვას ბიუჯეტში  უდიდესი წილი აქვს სწორედ მიგრანტების ფულად გზავნილებს. ბოლო დროს გადაიდგა ნაბიჯები არალეგალი მიგრანტების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, მაგალითად, იტალიასთან გაფორმებულია ეს შეთანხმება იმ მიგრანტების ლეგალიზაციის შესახებ, რომლებიც რამდენიმე წლის მანძილზე არალეგალუარად იმყოფებოდნენ იქ და ეს უდიდესი შესაძლებლობაა მათთვის, რათა დაცული იყოს მათი უფლებები, ხელფასები, შეუძლიათ შეიტანონ თანხა მოლდოვას საპენსიო ფონდში და ა.შ.

როგორ მუშაობს რეადმისია მოლდოვაში?
რეადმისიას ჭირდება შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები, რაც არ არის. ადამიანებს, რომლებიც ნებაყოფლობით ბრუნდებიან, უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ შესაბამისი კომპენსაცია, რაც ვერ ხერხდება, სამწუხაროდ.

ცალკეული პრობლემების მიუხედავად, ევროკომისიის ანგარიში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე პოზიტიურია. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება კანონმდებლობას, მაგრამ არის სხვა საკითხებიც, რომლებიც უნდა დაინერგოს და აუცილებლად დაინერგება, რადგან ეს შედის მოლდოვას მოქალაქეების ინტერესებში – ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან.

თავად ევროკავშირის ქვეყნებისთვის რატომ შეიძლება იყოს მისაღები უვიზო მიმოსვლის დაშვება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის?
სავიზო რეჟიმი ვერ აგვარებს პრობლემებს. ეს არც არალეგალურ მიგრაციას აჩერებს, როგორც პრაქტიკა აჩვენებს – უამრავი  არალეგალია ჩვენი ქვეყნებიდან წასული ევროპაში. უფრო მეტიც, სავიზო რეჟიმი ლახავს ადამიანის თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ჩვენ – უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ცალმხრივად გავხსენით საზღვრები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, როცა მათთვის გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვიპოვებთ საპასუხო ნდობას ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან და შევძლებთ თავისუფლად მიმოსვლას. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხებს შორის ნდობის ფაქტორი.

რატომ არის მნიშვნელოვანი სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირის მოქალაქეებისთვის?
ამ გზით უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ გადადგეს პირველი ნაბიჯი – უვიზო რეჟიმი დააწესეს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, მათ გახსეს საზღვრები და თქვეს – ჩვენ ვიღებთ ევროკავშირის მოქალაქეებს უვიზოდ, ეს იყო შემხვედრი, პოზიტიური ნაბიჯი, რაც აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს იმის საშუალებას, რომ ასეთივე შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგან ჩვენკენ, რომ ჩვენ არ ვართ საშიში ადამიანები, რომლებიც არალეგალურ სამუშაოზე მოსაწყობად შედიან მათ ქვეყნებში, არამედ ვართ ადამიანები, რომლებსაც სურთ თავიანთი ბიზნესის განვითარება, უნდათ ნახონ ევროპა, ხალხთან ურთიერთობა სურთ და ა.შ. ამიტომაც ჩვენ ევროპული მოძრაობის ერევნის კონგრესის შედეგად, რომელიც 20–21 ოქტომბერს გაიმართა, მივეცით რეკომენდაცია აღმოსავლეთის პარტნიორორბის მონაწილე სხვა ქვეყნებსაც, რომ გადადგან ეს ნაბიჯი და ცალმხრივად გახსნან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საზღვრები.

რა ვადაში უნდა დაასრულოს მოლდოვამ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, რომ მიაღწიოს უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან?

არინა კრაიჟდანი
არინა კრაიჟდანი

საქმეც იმაშია, რომ ასეთი ვადა არაა დაწესებული, რაც საშუალებას იძლევა, რომ უსაშველოდ გაიწელოს დროში ეს პროცესი. ევროკავშირის პოზიცია ასეთია, რომ როცა ქვეყანა შეძლებს ყველა მოთხოვნილი პუნქტის შესრულებას, ამის შემდეგ დაწესდება უვიზო რეჟიმი, ამიტომაც თვითონ ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად გადადგამს რეკომენდაციების შესრულების კუთხით ნაბიჯებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი