კომენტარი

საპირველმაისოდ

2 მაისი, 2016 • 2296
საპირველმაისოდ

1 მაისს მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გთავაზობთ ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის მკვლევარ გრიგოლ გეგელიას პოსტს ამ დღესთან დაკავშირებით, რომელიც მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.


 

მეგობრებო, გილოცავთ პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს.

პირველი მაისის ისტორიულ  მნიშვნელობაზე წერილის დაწერას ვაპირებდი, რაც მოუცლელობის გამო ვერ მოვახერხე. წერილიც იქნება, დაგვიანებით,  ამასობაში კი  ამ არაფორმალური ნოტათი შემოვიფარგლები.

ვისაც არ ესმის დღევანდელი დღის მნიშვნელობა, მათ შევახსენებ, რომ კაცობრიობის ისტორიაში იყო დრო, როდესაც ადამიანები გათენებიდან დაღამებამდე შრომობდნენ. მათი უმრავლესობა მონა იყო (თუმცა სახეცვლილი ფორმებით), რომელიც ექსპლოატატორის სამსახურში იდგა და არჩევანიც არ ჰქონდა. მათ არ ჰქონდათ არაფრის გარანტია, გარდა იმისა, რომ მათი შრომით სხვა გამდიდრდებოდა.  შუა საუკუნეებში, მკითხველო, თქვენი უმრავლესობა სწორედ ამ დღეში იქნებოდა. არ იფიქროთ, რომ სხვაზე ვსაუბრობ – დროში დისტანცირებულ, უცხო ხალხებზე. ჩვენზე ვსაუბრობ, ყველა ჩვენგანზე.

ჩვენს საერთო ისტორიაში იყო ის დროც, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები დაუშვებლად ბევრ საათს ატარებდნენ მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის შეუფერებლად მძიმე ჯაფაში  ჩართულები, ჩვეულებრივ ქარხნებში, თუმცა არამარტო იქ. ისინი ზიდავდნენ ტვირთს, სუნთქავდნენ მომწავლელ ნივთიერებებს, არ იღებდნენ ბედნიერებას რომელსაც ყველა ბავშვი იმსახურებს და არც ცოდნას, რომელსაც ყველა ბავშვი იმსახურებს. ჯერ კიდევ ერთი ბეწო ბავშვები უკვე ცხოვრების ვადით ემონებოდნენ   არსებულ ვითარებას, რადგან მათი უმრავლესობა წერა–კითხვასაც ვერ ისწავლიდა და ვიღაცითვის იაფფასიან დასაქმებულად დარჩებოდა. ბრიტანეთში მხოლოდ  1870 წელს მიიღეს ელემენტარული განათლების აქტი, რომელმაც ეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა და პირველ რიგში მუშათა კლასისთვის.

ინდუსტრიულ ერას ახლდა ათასგვარი პროტესტი, რომელთაც აქ არ ჩამოვთვლი და წერილს შემოვუნახავ.  პირველი საპასუხო პოზიტიური ცვლილება გაერთიანებული სამეფოს ინდუსტრიული შრომითი რეგულაციების მიღებასთან ერთად გადაიდგა. 1833 წლის “ქარხნების აქტმა” დააწესა შრომის ინსპექცია და აკრძალა 9 წლის ასაკზე უმცროსი ბავშვების ქარხანაში მუშაობა. 1844 წელს, იგივე აქტი ქალებზეც გავრცელდა, საბოლოოდ კი, 14 წლის შემდეგ, ლეგენდარული “ათ–საათიანი აქტიც” იქნა მიღებული, რომელმაც 10 სამუშაო საათი დააწესა მაქსიმუმად (რაც იმდროინდელ ვითარებაში უდიდესი წინსვლა იყო).

პირველი მაისი კი, როგორც მშრომელთა საერთაშორისო დღე, ამერიკაში დაიბადა, “ჰეიმარკეტის საქმის” დროს, როცა 1 მაისს ჩიკაგოს ჰეიმარკეტის მოედანზე გაფიცულ მშრომელებს, 3 მაისს ჩიკაგოს   პოლიცია დაესხა თავს და რამდენიმე მშრომელი მოკლა, 4 მაისს კი უკვე პოლიციელს ესროლა უცნობმა პროტესტანტმა ბომბი. პირველი მაისი პარიზში გამართულ მეორე ინტერნაციონალზე აირჩა, როგორც სიმბოლური თარიღი მშრომელთა საერთაშორისო გაფიცვისა და მოძრაობისა. მას არაფერი აქვს საერთო არც საბჭოთა კავშირთან და არც ისლანდიის პრემიერ–მინისტრთან.

 

ჩვენი რესპუბლიკა?

“ქარხნის აქტებმა” ბრიტანეთში, მე–19 საუკუნის შუაწელში იმას მიაღწია, რისთვისაც ქართულ კანონმდებლობას დღესაც არ მიუღწევია: დაცული, განიავებული, სუფთა სამუშაო გარემო, სადაც შრომა არ არის სიკვდილის წინაპირობა, სადაც მშრომელი თან შრომობს, თან კი ინარჩუნებს სიცოცხლის უფლებას – საკუთარ ადამიანურ ღირსებას.

თუმცა, საქართველოშიც იყო დრო, როდესაც შრომა და სამოქალაქო ღირსება ორ ცალკეულ და ერთი მთლიან სიკეთედ აღიქმეოდა, რომელიც ერთმანეთს ეხამებოდა და ქმნიდა რესპუბლიკას.  პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია აცხადებდა, რომ “შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა.” (13:117)

როგორც იქვე ეწერა, “რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალი პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან.” (13:125). იქვე კონსტიტუცია განსაკუთრებულ კანონსაც აწესებდა, რომელიც ორსულ დედას დაიცავდა შეუფერებელი შრომისაგან და აცხადებდა, რომ ვინც შრომის კანონებს დაარღვევდა სისხლის სამართლის წესით აგებდა პასუხს.

 

ჩვენც მონები ვართ

 

დღეს, 2016 წელს, ჩვენს ირგვლივ კვლავ იმყოფება ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც ოფიციალური მონობის რეჟიმში არიან. ჩვენს გვყავს თანამოქალაქეები, რომლებიც არც დაცულ გარემოში არ მუშაობენ და რომელთაც არც სოციალური და არც პოლიტიკური გარანტიები არა აქვთ. ზოგიერთ მათგანს შახტაში კეტავენ, რამდენიმე ათეული კი სახიჩრდება ან კვდება ყოველწლიურად, რადგან არავინ არ იზრუნა ადეკვატური გარემოს შექმნაზე. რადგან სახელმწიფოს არ ადარდებს ეს ადამიანები.

სანამ ჩვენგან ერთი მაინც ფორმალურად დამონებულია, ყველა დამონებული ვართ. ერთი იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება იქ, სადაც ერთი მოქალაქე მაინც არ არის პოლიტიკურად თავისუფალი (ანუ სოციალურად და პოლიტიკურად დაზღვეული). მეორეც რიგში კი იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, ყველა მშრომელი ვართ, ზოგი ოფისში, ზოგიც – შახტაში. რადგან ბევრი თქვენგანი თბილ ოფისებში ზიხართ, არ იფიქროთ, რომ თქვენ ნაკლებად დამონებული ხართ დამსაქმებლის მიერ, მანამ სანამ სახელმწიფოს არ მოუნიჭებია სოციალური და პოლიტიკური გარანტიები თქვენთვის.

ჩვენი მონობა გრძელდება. და სანამ ასეა, უნდა გაგრძელდეს განთავისუფლების ჩვენი ბრძოლაც. უნდა გაგრძელდეს ბრძოლა პირველ რიგში ინდუსტრიულ მშრომელთა, შემდეგ კი ყველა მშრომელის, ყველა მოქალაქის უფლებებისთვის. უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ჩვენი პოლიტიკური თავისუფლებისთვის.  ხოლო ვისაც პირველი მაისი “საბჭოური დღე” ჰგონია და ვერ ხედავს მის მნიშვნელობას, მათ ალბათ მხოლოდ შახტაში ჩამკეტავი დამსაქმებელი გამოასწორებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი