კომენტარი

გია ნოდია: ივანიშვილი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი არაა

17 ოქტომბერი, 2011 • 1192
გია ნოდია: ივანიშვილი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი არაა

გია ნოდია
გია ნოდია

ბატონო გია, გამოქვეყნებული ღია წერილებიდან ნაწილობრივ უკვე ცნობილია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იმ საშინაო კურსთან დაკავშირებით, რითიც ის ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებას აპირებს. თქვენი შეფასებით, მისი პოლიტიკაში მოსვლა რამდენად შეცვლის არსებულ რეალობას?

ამ წერილში ისეთი ფრაზებია, რასაც ფაქტობრივად ყველა ამბობს და არ განსხვავდება დიდად იმისგან, რასაც სხვა ოპოზიციონერები აქამდე ამბობდნენ. ასე რომ, ივანიშვილი მთავრობაში რომ მოვიდეს და თავისი დანაპირები შეასრულოს, რას გააკეთებს, პრაქტიკულად, ამის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ იმით, რასაც აკეთებდა აქამდე თავის სოფელ ჭორვილაში. ერთი  შეიძლება პოზიტიური დაინახო იმაში, რომ ის უფრო საინტერესოსა და კონკურენტულს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ, ზოგადად, მისი პირველი ნაბიჯები ადეკვატური არ არის.

რამდენად მართებულად მიგაჩნიათ პოლიტიკური პარტიების დაყოფის ის სისტემა, რასაც ივანიშვილი სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს?

თავისთავად, მას შეუძლია ვიღაცას მიემხროს და ვიღაცას – არა, მაგრამ ეს უნდა დაასაბუთოს. ის არის ცრუ ოპოზიცია და ეს კარგი ოპოზიციაა და ვიღაცეებს კი საერთოდ არ ახსენებს, ეს ნიშნავს, რომ ეს მისი კაპრიზია და არანაირ საბუთს არ ამბობს, თუ რატომ ყოფს პარტიებს ასე. განსაკუთრებით უცნაური და პოლიტიკურად არაადეკვატურია ის განცხადებები, რომლებიც ტელეკომპანიებს “მაესტროსა” და “კავკასიას” უკავშირდება. ფრაზები, არა მარტო ის, რომ ისინი სააკაშვილის არიან, არამედ ისიც, რომ მე ვიყიდი ამ ტელევიზიებს სამმაგ ფასად და თუ არ მომეყიდებიან, მაშინ მართლა სააკაშვილისა ყოფილან,  – ეს, ერთის მხრივ, აჩვენებს, რომ ბატონი ივანიშვილი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი არაა და ახლა თუ ამ ტონით საუბრობს, მერე რას იზამს, ხელისუფლებაში რომ აღმოჩნდეს და მეორეა, რომ მაინცდამაინც ჭკვიანი კაცი არ არის. პოტენციური მოკავშირე, ვინც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, ის პოტენციურ მოკავშირეს, მედიის სახით, ხელს ჰკრავს.

საზოგადოებაში მისმა გამოჩენამ გარკვეული კითხვები გააჩინა, გარკვეული ნაწილის შეფასებით, ის შესაძლოა რუსული პროექტი იყოს. რა შეიძლება იძლეოდეს ამის თქმის შესაძლებლობას?

არაფერი არაა გამორიცხული. ჩემი ვარაუდით, ეს გარკვეული ეჭვის საფუძველს გვაძლევს. იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა, ამას რაღაც ახსნა აუცილებლად უნდა სჭირდებოდეს. ამ შემთხვევაში, რუსული ფაქტორი არაა ერთადერთი ახსნა. შეიძლება მეორე ფაქტორი იყოს და მას აღარ სურდეს მილიარდების კეთება და პოლიტიკით დაინტერესდა.

თუკი დავუშვებთ, რომ ის რუსული პროექტია, ალასანიას პარტიასა და „რესპუბლიკელებს“ მასთან ალიანსში რა ადგილი შეიძლება ჰქონდეთ?
შესაძლოა, ამ პროდასავლური პარტიების არჩევით მას სურს რუსული პროექტის შენიღბვა. თუმცა, ასი პროცენტით ვერაფერს ვიტყვი. ასევე, ის განცხადება, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს, უფრო გამოკვეთს რუსულ კვალს.

ბიძინა ივანიშვილმა წერილში აღნიშნა, რომ ის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა პრეზიდენტთან და შს მინისტრ მერაბიშვილთან. იქვე აღნიშნა, რომ ბოკერიას გადააფიქრებინა  2006 წელს ომის დაწყება და მოახერხა ომის წელიწადნახევრით გადავადება. როგორ შეიძლება განვიხილოთ ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობა?

მისი მტკიცება ემსახურება იმას, რომ  ხელისუფლება მისი კარნახით მოქმედებდა, თუმცა მისი ამ მტკიცების შემოწმება შეუძლებელია. მე, პირადად, ეს ცოტა არადამაჯერებლად მეჩვენება. ის ისეთ რამეებს ამბობს, რისი შემოწმებაც პრინციპულად შეუძლებელია.

ბატონო გია, თქვენი შეფასებით, რა არის ქართული ოცნება, რაზეც საუბარია ივანიშვილის გზავნილებში და რით განსხვავდება ის ე.წ “ამერიკული ოცნებისგან”?
ქართული ოცნება არის, ალბათ, ის, რომ მთელი საქართველო უნდა იყოს ისეთი, როგორიც ახლა ჭორვილაა. ამ ეტაპზე ახლა ხელმოსაკიდი არაფერი გვაქვს. ჭორვილა უფრო კომუნისტური ოცნებაა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფული გაკეთებულია კაპიტალისტური გზით, მაგრამ პრინციპი კომუნისტურია, რასაც ის ჭორვილაში ახორციელებს. მაშინ, როდესაც ხალხს მუშაობის გარეშე  ფული აქვს და შეუძლიათ არაფერი აკეთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი