კომენტარი

ნატროშვილი: არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის აქტზე 6-თვიანი შეზღუდვა არ მოქმედებს

16 აპრილი, 2016 • 2207
ნატროშვილი: არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის აქტზე 6-თვიანი შეზღუდვა არ მოქმედებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროgრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა კვლავ არ მოახდენს არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაციას, მასზე მაინც არ იმოქმედებს მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსულების შესახებ კანონით გათვალისწინებული 6-თვიანი შეზღუდვა.

საქმე ეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს. პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ არჩვნები 8 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის მიერ კონტრასიგნაციისთვის მთავრობისთვის გადაგზავნილ აქტს, სადაც ამოქმედების თარიღად 8 აგვისტო იყო განსაზღვრული, პრემიერმა ხელი არ მოაწერა და 14 აპრილს მოტივირებული შენიშვნებით უკენ გადაუგზავნა პრეზიდენტს. ასევე, 14 აპრილს გაირკვა, რომ მთავრობის რეკომენდაციაა, არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოქვეყნებისა და, შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი 8 ივლისს იყოს, ხოლო პრეზიდენტის სურვილია, რომ ეს 8 ივლისის ნაცვლად 8 მაისს მოხდეს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა კვლავ არ მოაწერს ხელს არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას?

 

კანონში “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, საქმიანობისა და უფლებამოსილების შესახებ” ვკითხულობთ:

“თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში, მთავრობის შენიშვნების შესაბამისად, ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს ის პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურა.

თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში”.

ნეტგაზეთთან საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, თუკი მთავრობა მეორედაც არ დაეთანხმება პრეზიდენტის მიერ კონტრასიგნაციისთვის გაგზავნილ სამართლებრივ აქტებს, პრეზიდენტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აღარ ექნება არჩევნების დანიშვნის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ოქტომბერში ვეღარ ჩატარდება.

თუმცა, მისივე თქმით, ეს კონსტიტუციის ავტომატურ დარღვევასა და კრიზისულ სიტუაციას გამოიწვევს, ვინაიდან კონსტიტუციით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობას” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს 6-თვიანი შეზღუდვა, რადგანაც კანონში საუბარია “იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტზე” , არჩევნების დანიშვნის განკარგულება კი ვერ იქნება იმავე შინაარსის აქტი, ვინაიდან ის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, გამოქვეყნების თარიღები კი  განსხვავებული იქნება”

“ახალი აქტის გამოცემა გულისხმობს ახალი ციკლის დაწყებას იმიტომ, რომ ახალი აქტი შინაარსობრივად ერთი და იგივე არ არის წინასთან შედარებით. აქ მთავარი ორი საკითხია: ერთი ის არის, თუ როდის ინიშნება არჩევნების დღე და ეს ერთი და იგივე რჩება ახალ აქტშიც. მაგრამ მეორე არის, თუ როდის იწყება საარჩევნო კამპანია – ანუ გამოქვეყნებისთანავე. აქ სხვა თარღია, რადგანაც სხვა დღეს გაგზავნის. შესაბამისად, გამოქვეყნება სხვა დღეს დაემთხვევა. ამიტომ ერთი და იგივე შინაარსის აქტი აღარ ჰქვია ამას – ახალი აქტი ჰქვია რეალურად და არა ერთი და იმავე შინაარსის აქტი. სწორედ ამიტომ, ეს 6-თვიანი შეზღუდვა ასეთი ტიპის აქტზე არ ვრცელდება. ყველა სხვა დანარჩენზე ეს ვრცელდება. არჩევნებთან დაკავშირებული აქტი არის განსაკუთრებული იმიტომ, რომ ყველა სხვა აქტზე შეუძლია პრეზიდენტს მიუთითოს, როდის უნდა ამოქმედდეს, მაგრამ ეს არის გამონაკლისი – პირდაპირ კანონში წერია, რომ გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, პრეზიდენტმა რაც უნდა ჩაწეროს აქტში და მიუთითოს, რომ აგვისტოში ამოქმედდეს თუ სხვა პერიოდში, ეს ასე ვერ მოხდება – კანონი ითხოვს სხვანაირად. ამიტომ ეს არის ძირითადი არგუმენტი, რომ ეს ერთი და იგივე შინაარსის აქტი არ არის,”- განმარტავს ნატროშვილი.

მისივე თქმით, სხვა აქტებში, რომლებიც არ ეხება არჩევნების დანიშვნას და კონტრასიგნაციას ექვემდებარება, პრეზიდენტს შეუძლია, რომ პირდაპირ მიუთითოს, თუ როდის უნდა შევიდეს ძალაში. ნატროშვილი ამბობს, რომ არჩევნების დანიშვნის აქტი კანონში მოცემული ერთადერთი გამონაკლისია. იგი ამ გამონაკლისს “ცუდ გამონაკლისად” აფასებს:

“ამ შემთხვევაში, საარჩევო კოდექსში ალბათ უნდა გასწორდეს და ჩაიწეროს, რომ ეს განკარგულება ძალაში შედის არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ მისი ძალაში შესვლისთანავე, ასე ვთქვათ. ანუ საარჩევნო კამაპანია დაიწყოს არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ ძალაში შესვლისთანავე. ეს ჩანაწერი რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს შეეძლო ნებისმიერი თარიღი მიეთითებინა, მაგრამ რადგანაც წერია, რომ გამოქვეყნებისთანავე, ამას პრეზიდენტი ვერ არეგულირებს, როდის გამოქვეყნდება ზუსტად. ამიტომ არის გამონაკლისი, ფაქტობრივად, ეს რეგულაცია და ამიტომ ვერ გავრცელდება 6-თვიანი შეზღუდვა ამ აქტზე,”- ამბობს ნატროშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი