კომენტარისაზოგადოება

უნდა ავკრძალოთ თუ არა შერეული ასაკის ჯგუფები საბავშვო ბაღებში?

14 აპრილი, 2016 • 2910
უნდა ავკრძალოთ თუ არა შერეული ასაკის ჯგუფები საბავშვო ბაღებში?

პოლიტიკოსების რეიტინგის განხილვით გადატვირთულ კვირაში ბევრმა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნიოს, მაგრამ პარასკევს საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრის საქართველოს კანონს სკოლამდელი განათლების შესახებ. ამ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან აქამდე სკოლამდელი განათლების შესახებ არსებობდა მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი კონსტიტუციაში, კანონში ზოგადი განათლების შესახებ და კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. სკოლამდელი განათლების შესახებ კანონის მიღება იძლევა საშუალებას, რომ გონებრივი, ფიზიკური და სოციალურ-ემოციური განვითარების უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც ბავშებს სკოლამდელ ასაკში აქვთ, უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული. ეს, საბოლოო ჯამში, წაადგება როგორც ბავშვების უკეთეს მომავალს, ასევე, მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობას. შესაბამისად, თავისთავად კანონის შემუშავება უდავოდ მისასალმებელი მოვლენაა.

კანონის ერთ-ერთმა მუხლმა სკოლამდელი განათლების სფეროს პროფესიონალების გარკვეულ ნაწილში წინააღმდეგობა გამოიწვია. კერძოდ, კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ვალდებულია, ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ჯგუფები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისათვის. ანუ, ფაქტობრივად, საბავშვო ბაღებს, კანონის თანახმად, უფლება არ ექნებათ, ერთ ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ბავშვები მოათავსონ.

თბილისის თავისუფალი ვალდორფის ბაღის პედაგოგებმა კანონის ამ მუხლის შესახებ გამოხატეს საკუთარი უარყოფითი მოსაზრება  და წერილითაც მიმართეს შესაბამის ორგანოებს, სადაც ითხოვეს მე-20 მუხლში შემდეგი პუნქტის დამატება: „დაწესებულება უფლებამოსილია, ალტერნატიული პედაგოგიკის საფუძველზე ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფები, 3-დან 6 წლის ჩათვლით არაუმეტეს 30 ბავშვისა“. კანონში ასეთი ჩანაწერის გაჩენა უფლებას მისცემს კერძო (და შესაძლოა, მომავალში, საჯარო) ბაღებს, რომ შერეული ასაკობრივი ჯგუფები ჩამოაყალიბონ, ოღონდ მხოლოდ 3 წლიდან.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ასეთი სახის ჩანაწერზე უარის თქმა გამართლებული? ალბათ მხოლოდ მაშინ, თუკი გვჯერა, რომ შერეულმა ჯგუფებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვების განვითარებაზე.

ამის გასარკვევად საჭიროა, თვალი გადავავლოთ ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა მიდგომებს და დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ კვლევებს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მე არა ვარ განათლებით ფსიქოლოგი და არც ადრეულ ასაკში განვითარება შემისწავლია მეცნიერულად. თუმცა, წარსული პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მომიწია ადრეული განვითარების თეორიებისა და შესაბამისი კვლევების გაცნობა.

შესაბამისად, ჩემი მოსაზრებები შესაძლოა ვინმეს არაპროფესიონალურად მოეჩვენოს. ამიტომ მხოლოდ ავტორიტეტულ წყაროებზე და კვლევებზე დაყრდნობით ვისაუბრებ.

თეორია

ადრეული განვითარების სფეროში, ალბათ, ორ ყველაზე დიდ მნიშნელოვან თეორეტიკოსს ჟან პიაჟე და ლევ ვიგოცკი წარმოადგენენ. მათ თეორიებსა და მიდგომებს ამ სფეროს მკვლევარები ხშირად ერთმანეთს უპირისპირებენ და ადრეული განვითარების ორ ძირითად პარადიგმად წარმოადგენენ. პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიის თანახმად, ბავშვის განვითარება სხვადასხვა ეტაპებად იყოფა. 7 წლამდე ბავშვს, ამ თეორიის მიხედვით, არა აქვს ჯერ ჩამოყალიბებული კომპლექსური გონებრივი ოპერაციების შესრულების უნარი; ბავშვი სწავლობს და უნარებს ივითარებს მასწავლებლის გავლენით და ჩარევით. პიაჟეს თეორიის თანახმად, ამ ეტაპზე ბავშვს არ შეუძლია პროცესების გაანალიზება და გაგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის ვერბალური ინსტრუქციები და მოქმედებები. ბავშვს განვითარების ყოველ ეტაპზე აქვს გარკვეული ‘პროგრამა მაქსიმუმი’, რომლის შესრულებაც შეუძლია.

ვიგოცკის განვითარების სოციოკულტურული თეორია საპირისპირო პარადიგმას გვთავაზობს: ბავშვები სწავლობენ სოციალური ინტერაქციისა და კულტურის მეშვეობით. მაგალითად, თუ ბავშვი რაიმე პრობლემას გადააწყდება, მან უნდა მიიღოს დახმარება, მიმართულება იმისათვის, რომ თავად ჩამოაყალიბოს სტრატეგია პრობლემის გადასაჭრელად და შემდგომში უკვე დამოუკიდებლად გამოიყენოს ეს სტრატეგია მსგავსი პრობლემის აღმოცენების შემთხვევაში.

თუ ამ თეორიებს საბავშვო ბაღში ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფის ჭრილში განვიხილავთ, პიაჟეს თეორიული ჩარჩო უფრო მსგავს ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფის პრინციპს შეესაბამება, ხოლო ვიგოცკის თეორია – შერეული ასაკობრივი ჯგუფების პრინციპს

პრაქტიკა და კვლევები

ვალდორფის პედაგოგიკა არ არის ერთადერთი, რომელიც შერეული ჯგუფების კონცეფციას ეყრდნობა. იგივე მიდგომა აქვს მონტესორის პედაგოგიკას, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მარია მონტესორი, რომელიც ამ მიდგომის ფუძემდებელია, ამბობდა, რომ შერეული ასაკის ჯგუფებში ბავშვებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს დაეხმარონ, ასწავლონ. უფროსი ასაკის ბავშვები პატარებისთვის სწავლების გზით უფრო განიმტკიცებენ საკუთარ ცოდნასა და უნარებს, რადგან იმისათვის, რომ სხვას ასწავლო, საჭიროა გააანალიზო და სტრუქტურულად გამართო საკუთარი ცოდნა.

კიდევ ერთ ძალიან პოპულარულ თანამედროვე მიდგომას წარმოადგენს რეჯიო-ემილიას მოდელი. ამ მოდელის შესახებ ლილიან კაცი, ილიონისის უნივერსიტეტის პროფესორი და ადრეული განვითარების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ექპერტი ამბობს, რომ როცა 3-6 წლის ბავშვები ერთ საკლასო ოთახში არიან, ეს ოჯახთან მიახლოებულ გარემოს ქმნის, რაც ხელს უწყობს მათ ბუნებრივ განვითარებას .

რას გვეუბნება კვლევა შერეული ასაკობრივი ჯგუფების წარმატების თუ წარუმატებლობის შესახებ? ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზემოთ აღნიშნული მიდგომების პოპულარობის ზრდასთან ერთად არაერთი კვლევა ჩატარდა ასაკობრივად გამიჯნული ჯგუფების და შერეული ასაკობრივი ჯგუფების ეფექტის შესადარებლად. ზოგი კვლევით დადასტურდა, რომ იმ მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებსაც ჯგუფში უფროს ბავშვებთან ინტერაქციის საშუალება აქვთ, უკეთ განვითარებული მეტყველება აქვთ . სხვა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შერეულ ასაკობრივ ჯგუფში აღზრდილი ბავშვები თავის სხვა თანატოლებთან შედარებით უფრო პროსოციალურები არიან და უფრო განვითარებული ლიდერობის უნარი ახასიათებთ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ისეთი კვლევებიც, რომელთა შედეგების თანახმადაც, შერეული ასაკის ჯგუფებს პრობლემებიც აქვთ. მაგალითად, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ ჯგუფებში უფროსი ასაკის ბავშვები ნაკლებად აქტიურები არიან სასწავლო პროცესში .

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბევრი კვლევა ადასტურებს შერეული ასაკის ჯგუფების უპირატესობას, მაგრამ ზოგი კვლევა მის ნაკლოვანებებზეც მიუთითებს. თუმცა ასეთი შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები: როცა პროგრამის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, რა გვაქვს მხედველობაში – მოსწავლის აკადემიური მოსწრება? კოგნიტური განვითარების დონე? სოციალური უნარები? თითოეულ ამ შემთხვევაში პასუხი შეიძლება სხვადასხვა იყოს.

ფაქტი ერთია, რომ არც ერთი კვლევა არ გვიჩვენებს, რომ შერეულ ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფამ შეიძლება რამე სახის ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ-ემოციურ ან გონებრივ განვითარებას. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ უნდა აეკრძალოთ საბავშვო ბაღებს ამ მიდგომის გამოყენება?

შერეული ასაკობრივი ჯგუფების პრაქტიკის მიმართ ხშირად გამოითქმის კრიტიკა იმ შემთხვევაში, როცა საბავშვო ბაღს არა აქვს შემუშავებული სათანადო კონცეფცია, როცა აღმზრდელს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და უნარები იმისათვის, რომ იმუშაოს ასეთ ჯგუფებში. ეს, რასაკვირველია, მისაღები კრიტიკაა. რასაკვირველია, ამ ეტაპზე, ქართულ საჯარო ბაღებში, სადაც ჯგუფებში ორმოცზე მეტი ბავშვია და სადაც აღმზრდელებს არა აქვთ შერეულ ჯგუფებთან მუშაობის არც გამოცდილება, არც უნარები და ცოდნა, ამ მიდგომის დანერგვა სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა. თუმცა რთული გასაგებია, რატომ შეიძლება ამ პრაქტიკის გამოყენება კანონით აეკრძალოს ისეთ საბავშვო ბაღებს, რომელთა პერსონალს საფუძლიანად აქვთ შესწავლილი ამ მიდგომის გამოყენების პრინციპები, აქვთ შესაბამისი უნარები და მრავალწლიანი გამოცდილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი