კომენტარი

5 მიზეზი, რატომ უნდა მისცენ დეპუტატებმა ხმა საზმაუს მეურვედ დასახელებულ კანდიდატებს

13 აპრილი, 2016 • 1522
5 მიზეზი, რატომ უნდა მისცენ დეპუტატებმა ხმა საზმაუს მეურვედ დასახელებულ კანდიდატებს

ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მესამე მცდელობაა. ამჯერად ასარჩევია 4 ახალი მეურვე. საზოგადოებრივი კომისიის მუშაობის შემდეგ შესაბამისმა სუბიექტებმა, წარდგენის უფლების მიხედვით, აირჩიეს კანდიდატები: საქართველოს სახალხო დამცველმა ირინა ფუტკარაძე დაასახელა, საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი პაპავას მიანიჭა უპირატესობა, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა კი მათი კუთვნილი ორი კვოტის შევსების პრივილეგია სულხან სალაძეს და გიორგი ნიჟარაძეს მიაკუთვნა.  

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, ჩვენთვის მრავალფეროვანი პროგრამების მოწოდების მიზნითაა შექმნილი. მისი საქმიანობა კი პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ამ ჩანაწერის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებაში საზოგადოებრივი არხის დამოუკიდებლობის მყარი და საიმედო გარანტიები ჯერ არ შექმნილა, ვერ მოხდა ორგანიზაციის სრულყოფილი რებრენდინგი. ყურებადობა, შესაბამისად, რეიტინგი ძალიან დაბალია.  ყოველთვის სადავო იყო საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი – რვა წლის მანძილზე თითქმის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ხდებოდა მეურვეების შერჩევა. ბოლო ორი წელია, რაც საბჭოს  პლურალისტურ პლატფორმად ქცევა კვოტირების (საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო, საპარლემენტო უმცირესობა, საპარლამენტო უმრავლესობა) სისტემის შემოღებით მოისინჯა. ცვლილებამ უფრო მეტი სარგებელი მოიტანა – დადებითი მხარე ისაა, რომ დღეს მხოლოდ ერთფეროვანი იდეების თავმოყრა აღარ ხდება საზოგადოებრივი არხების მმართველ რგოლში. მეურვეების შერჩევის პროცესში განსხვავებული სუბიექტები მონაწილეობენ, პროცესი საჯარო გახდა – კანდიდატობის მსურველები და დაინტერესებული პირები ღიად საუბრობენ თავიანთ დამოკიდებულებებზე და მოლოდინებზე (ალბათ, ამ მასალის ერთიანი ანალიზი  დამატებითი სარგებელი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი არხისთვის).

კანონის თანახმად, კვოტირების სისტემის არსი პირობითი და ნომინალურია.  კანონის ჩანაწერები და საკონკურსო კომისიის ჩართულობა მაქსიმალურად ამცირებს სამეურვეო უფლებამოსილების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოყენების საფრთხეებს. ბუნებრივია, იდეალური არაფერია და სამომავლო რისკების არიდება მხოლოდ მუდმივი მონიტორინგით თუ შეიძლება.  დღეს კი პოლიტიკოსებს შეუძლიათ მხოლოდ მოკლე სიიდან წარუდგინონ პარლამენტს კანდიდატები. დასახელება თავისთავად არ ნიშნავს მეურვის პოლიტიკურ ბმას რომელიმე პარტიასთან, რადგან ამგვარი ლინკის გაჩენა მთლიანად დაარღვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსისა და მნიშვნელობისთვის გაწერილი პროცესების ღირებულებას და განვითარების მოლოდინებს.

წინა ორი პროცესის წარუმატებლობის მიზეზად ბევრ სხვა არგუმენტებთან ერთად  კანდიდატების დაბალი ცნობადობა და, შესაბამისად, დაბალი სანდოობა დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებისათვის გადაცემულ მოკლე სიაში იყვნენ როგორც ცნობილი მკვლევარები, ისე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები თუ კვალიფიციური ჟურნალისტები.

დეპუტატებს ამ შემთხვევაშიც ესაჭიროებათ მიზეზები მეურვეების დასამტკიცებლად. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ რამოდენიმეს აღნიშვნა შეიძლება:

5 მიზეზი, რატომ შეგიძლიათ შეარჩიოთ მეურვედ ირინა ფუტკარაძე

  1. ირინა ფუტკარაძე პროფესიით ჟურნალისტია. მას აქვს ტელევიზიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება –  იყო მეორე არხის კორესპონდენტი. ამჯერად ირინა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორია, რაც პროგრამული პრიორიტეტების დადგენის პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეიძლება აღმოჩნდეს;
  2. კანდიდატი სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენელია. მუშაობდა ეთნიკური უმცირესობების და საარჩევნო პროცესების გამართულობის საკითხებზე, გენდერის საკითხები მისთვის მნიშვნელოვანია და  მაღალი მგრძნობელობა აქვს ჟურნალისტური გამოძიების საჭიროების და დასაბუთებულობის მიმართ;
  3. ის თვლის, რომ მაყურებელი გემოვნებიანია და საზოგადოებრივმა არხმა მაყურებელს უნდა მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქტი, კანდიდატისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკის გამართვა საკვანძო თემაა. ის ფიქრობს, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტის ნაწილი უნდა დაეთმოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
  4. კანდიდატი „თანაბრად ხედავს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქუდის ქვეშ გაერთიანებულ ყველა არხს და ფიქრობს, რომ მეურვის ყურადღება ამ არხების პრობლემებზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
  5. კანდიდატი ფიქრობს, რომ პრიორიტეტების დადგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს პრობლემური საკითხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე და ინტერესზე.  

 

5 მიზეზი, რატომ შეგიძლიათ შეარჩიოთ მეურვედ გიორგი ნიჟარაძე

  1. ის ოპტიმისტურად უყურებს საზოგადოებრივი არხის განვითარების დინამიკას. სხვადასხვა წარმატებულ ორგანიზაციაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა, გამოცდილი მენეჯერია და შეუძლია სასარგებლო რჩევების მიცემა მენეჯმენტისათვის  კადრების მართვის და განვითარების პოლიტიკის შემუშავებისას, რადგან მისი როლი სამეურვეო საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაგროვილი გამოცდილების გაზიარება იქნება. მისი სამუშაო ფორმატი გუნდურობაა;
  2. კანდიდატი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი საბჭოების ამუშავება ინსტრუმენტია მაუწყებლის ღიაობისთვის. ეს შეიძლება იქცეს პირდაპირ უკუკავშირის სისტემად, მათ შორის რეგიონებში. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება მისთვის გადამწყვეტია. კომპეტენტური რჩევის მიცემა კი არსებული სიტუაციის გაცნობის შემდეგ წარმოუდგენია;
  3. კანდიდატის აზრით, სპორტი იძლევა საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის საუკეთესო საშუალებას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს სპორტი/სპორტსმენები საზოგადოების განათლებისა და ფასეულობების პოპულარიზაციისათვის, როგორც ეს მოხდა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ  და ნარკომანიასთან ბრძოლის კამპანიის შემთხვევაში;
  4. კანდიდატი მიუთითებს, რომ ახალი გადაცემების ფორმატში კიდევ უფრო მეტად უნდა დაინახოს ახალგაზრდობამ საკუთარი თავი. მაუწყებელმა უნდა განმარტოს, რა არის ევროინტეგრაცია და ევროპული ღირებულებები. მაუწყებელმა უნდა აჩვენოს პრობლემა ადამიანის გამოცდილებიდან, რეალობიდან;
  5. ეთნიკური უმცირესობებისათვის კანდიდატი მაუწყებელს სთავაზობს არა მხოლოდ ახალი ამბების თარგმნას, არამედ მათი ცხოვრების შესახებ ისტორიების/ფაქტების გაშუქებას და  აქტიურ ინტეგრაციას.

5 მიზეზი, რატომ შეგიძლია შეარჩიო მეურვედ სულხან სალაძე

  1. სულხან სალაძე პროფესიით იურისტია. ის წლებია საიაში ხელმძღვანელობს  ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებას, აკვირდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის კანონზომიერებებს და ამზადებს რეკომენდაციებს, აქვს გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად კვლევების განხორციელების პრაქტიკა – ის ამბობს, რომ ამ გამოცდილებით საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეხმარება მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვანი მედიაპროდუქტების მომზადების პროცესში;
  2. კანდიდატი თვლის, რომ საჭიროა საკადრო პოლიტიკის სწორად მართვა და დასაქმებულების უნარ-ჩვევების გაძლიერება;
  3. კანდიდატს მიაჩნია, რომ  პროგრამული ბიუჯეტის შექმნა მნიშვნელოვანი და  აუცილებელი ნაბიჯია ორგანიზაციული ფინანსების სწორი ბრუნვისათვის;
  4. კანდიდატის აზრით, მეურვეებმა თავად უნდა შესთავაზონ საზოგადოებას, ჩაერთონ საზოგადოებრივი არხის განვითარებაში. განავითაროს საზოგადოებრივი საბჭოების ფორმატი;
  5. კანდიდატის შემოთავაზებაა, მაუწყებელმა გაითვალისწინოს საზოგადოებრივი არხის მართვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებები და დანერგოს პრაქტიკაში. ის ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ „ხედავს“ ყველა სატელევიზიო და რადიოპლატფორმას.

 

5 მიზეზი, რატომ შეგიძლია შეარჩიო მეურვედ ირაკლი პაპავა

  1. კანდიდატი პროფესიით რეჟისორია. აქვს ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილება;
  2. კანდიდატი თვლის, რომ შიგნიდან უნდა გაიცნოს ორგანიზაცია, რადგან შეძლოს პრობლემების სრულად იდენტიფიცირება და გადაჭრა;
  3. კანდიდატს სურვილი აქვს, გააერთიანოს იდეები საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისათვის და გუნდურობით შექმნას ახალი მიდგომა ორგანიზაციაში;
  4. კანდიდატის აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება არქივის დაცვაზე და გაძლიერებაზე;
  5. კანდიდატის მოსაზრებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მონიტორინგის სისტემის გამართვით და შედეგების ანალიზით მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მიდგომები და დააჩქაროს დაწყებული განვითარების გზა.

მე, როგორც  საკონკურსო კომისიის  უკვე ყოფილ წევრს, ჩამოთვლილი კანდიდატების შესაძლებლობის აღწერა იმ პროცესების/გამოცდილების ფონზე შემიძლია, რაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მედიასამართალში, 3-ჯერ საკონკურსო კომისიაში და კიდევ 10 სამუშაო დღის ვადაში ახალი საზოგადოებრივი კომისიის ფორმატში მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი არ არის ყველა ჩემი ფავორიტი (ეს ბუნებრივიცაა, რადგან საბოლოოდ მხოლოდ ოთხი ადამიანი შეიძლება იყოს ამ პროცესის ფინალში.), პროცესის მხარდაჭერა ისევ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თან ახლა პირველხარისხოვანია, დეპუტატებმა კარგად დაინახონ სამეურვეო საბჭოს სრულად დაკომპლექტების მთავარი მიზეზი –  საზოგადოებრივი არხების მნიშვნელობა, კანონის და საზოგადოების პატივისცემა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი