კომენტარი

შერეული ასაკობრივი ჯგუფების არსებობის მნიშვნელობა საბავშვო ბაღში

2 აპრილი, 2016 • 3447
შერეული ასაკობრივი ჯგუფების არსებობის მნიშვნელობა საბავშვო ბაღში

პარლამენტი იხილავს ცვლილებების პროექტს “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონში. თუკი პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, 2020 წლიდან  სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება  ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ჯგუფები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის:

ა) 2–დან 3 წლამდე – სკოლამდელი განათლების პირველი წელი;

ბ) 3-დან 4 წლამდე – სკოლამდელი განათლების მე-2 წელი;

გ) 4–დან 5 წლამდე – სკოლამდელი განათლების მე-3 წელი;

დ) 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, გამონაკლისი მხოლოდ ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობა იქნება. ამ  შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება უფლებამოსილია, ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან, არაუმეტეს 10 ბავშვის შემადგენლობით.

1 აპრილს პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენისას დისკუსია სწორედ ამ საკითხს მოჰყვა. დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, რომელიც წარმოდგენილ ცვლილებებს არ ეთანხმება, მაგალითად თბილისის ვალდორფის ბაღი მოიყვანა.

გთავაზობთ თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღის აღმზრდელის მარიკა ჩხიკვაძის წერილს იმის თაობაზე, თუ რატომ მიაჩნიათ საბავშვო ბაღში შერეული ასაკობრივი ჯგუფების არსებობა მნიშვნელოვნად:


ვალდორფის პედაგოგიკას თითქმის 100-წლიანი ისტორია აქვს. მას საფუძველი ჩაეყარა 1919 წელს გერმანიაში და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული. არსებობს დაახლოებით 2000 ვალდორფის საბავშვო ბაღი – მსოფლიოს 60 ქვეყანაში (გერმანიაში 556 ბაღია, შვეიცარიაში- 64, ავსტრიაში- 29 და ა.შ).

ვალდორფის პედაგოგიკა ემყარება ადამიანთმცოდნეობის ზოგად მოძღვრებას, რომელიც ადამიანს განიხილავს როგორც დინამიკურ, მუდმივ ქმნადობაში მყოფ არსებას, ემყარება ადამიანის შესახებ ღრმა ცოდნას. ადამიანი კი ყველა ქვეყანასა და კონტინენტზე თავისი არსებითი თვისებებით ერთგვარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის გამოცდილების მექანიკური გადაღება ხდება მეორეში. ყველა  ქვეყანას, ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალური უნარების განვითარებას. თითოეული ადამიანი უნიკალური და განუმეორებელია, მაგრამ სრულყოფილ პიროვნებად მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგად  ყალიბდება. ჰარმონიული, სწორი დამოკიდებულება ინდივიდსა და სოციუმს შორის ძალზე მნიშვნელოვანია. ერთი ან მეორე მხარეს გადახრა დამღუპველია, როგორც ინდივიდისთვის, ასევე სოციუმისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია შევქმნათ არა მხოლოდ ინდივიდუალური განვითარებისთვის საჭირო პირობები, არამედ  განვავითაროთ  ბავშვში სხვა ადამიანების პატივისცემის უნარიც.

ბავშვი დაბადებისთანავე ხდება სოციალური არსება. ის სწავლობს სოციალურ ურთიერთობებს, ამყარებს კონტაქტს სხვა ადამიანებთან. ადრეკ როცა ბავშვი იზრდებოდა დიდ ოჯახებში, უფროსი და უმცროსი და-ძმის გარემოცვაში, სოციალური გამოცდილების  მხრივ  არანაირი პრობლემა  არ არსებობდა. ოჯახის თითოეულ წევრს, ასაკის მიუხედავად, ჰქონდა თავისი უფლებები  და მოვალეობები, უფროსების მიბაძვით უმცროსები გაუცნობიერებლად ითვისებდნენ სოციალური ურთიერთობისთვის საჭირო უნარებს. ამ ბოლო დროს ხშირია ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლა, რის გამოც ბავშვი სოციალური კუთხით მწირ  გამოცდილებას იღებს. ამიტომ საბავშვო ბაღი უნდა გახდეს სოციალური გამოცდილებების მიღების უმთავრესი ბაზა. უმეტეს ბაღებში ერთი ასაკის ბავშვები არიან, ანუ შეიძლება ითქვას, რომ უფროსების გარდა ბავშვს ურთიერთობა აქვს მხოლოდ თავისი ასაკის ბავშვებთან. აღმზრდელს, მხოლოდ თეორიულად, რაღაც განსაზღვრული დოზით შეუძლია ასწავლოს მათ თავისზე პატარა ასაკის ან უფროს ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ პრაქტიკაში ამ ცოდნის გადმოტანა ბავშვებს ძალიან უჭირთ და როდესაც სკოლაში მიდიან, ადაპტაციის პრობლემა იჩენს თავს. ამისი ალტერნატივა არის შერეული ასაკის ბავშვების ჯგუფების არსებობა, რაც ვალდორფის პედაგოგიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

ვალდორფის ბაღი ეს არის ცოცხალი სოციალური  ორგანიზმი, ერთი დიდი მეგობრული ოჯახი, სადაც ბავშვი სწავლობს სწორ სოციალურ ურთიერთობებს და არ უჭირს კავშირის დამყარება საზოგადოებასთან. ეს კი შერეული ასაკობრივი ჯგუფის მუშაობის შედეგია. ჯგუფში არიან სასკოლო ასაკის უფროსი ბავშვები და პატარები, სამი წლიდან ზევით. როგორც ნამდვილ ოჯახში, აქაც ყველაფერი მუდმივი ქმნადობის და განვითარების პროცესშია. ბავშვები  იზრდებიან, იცვლებიან, უფროსები მიდიან სკოლაში, საყვარელი პატარები უკვე თვითონ არიან დიდები და ეხლა უკვე თვითონ ზრუნავენ ახალ პატარებზე ჯგუფში.

როდესაც ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ბავშვები არიან, ბავშვი უფრო ჰარმონიულად და თანმიმდევრულად განიცდის თავისი ზრდის პროცესს. ისე თითქოს კიბეზე ადის ნელ-ნელი ნაბიჯებით, რომელსაც ის ახალ დიდ სამყაროში შეჰყავს. როდესაც სასკოლო ბავშვი  ჯგუფში ახალმოსულ პატარას უყურებს, მას ახსენდება საკუთარი თავი, როდესაც ის პირველად მოვიდა ბაღში, როგორ ტიროდა და როგორ დაეხმარნენ მას უფროსი მეგობრები. სიამაყის განცდა ეუფლება, როდესაც  დაძლეული პრობლემები ახსენდება და თვითონაც უჩნდება სურვილი, ახალმოსულ პატარას დაეხმაროს, თამაშში ჩართოს, იზრუნოს მასზე. პატარას კი უფროსების მაგალითზე შეუძლია თქვას, როგორი იქნება ის შემდეგ წელს: დიდი, ძლიერი, სამართლიანი, მზრუნველი. ის აცნობიერებს, რომ უფროს ბავშვებს ჯგუფში აქვთ თავისი ,,დიდური“ მოვალეობები, ისინი აღმზრდელების მთავარი დამხმარენი არიან, მათ აქვთ იმისი უფლება, რისი უფლებაც ჯერ კიდევ არა აქვთ  პატარებს, მაგალითად: საუზმისთვის გაშალონ სუფრა, მოქსოვონ ხალიჩა, ხისგან გააკეთონ ხმალი და სურათის ჩარჩო, ჩაატარონ თოჯინებით სპექტაკლი. გარდა ამისა მან იცის, რომ უფროსმა ბავშვებმა იციან ბევრი საინტერესო თამაში, შეუძლიათ სახტუნაოზე ხტომა, მსუბუქად და მოხერხებულად ჰაერში ბურთის აგდება და ისევ დაჭერა, შეუძლიათ სწრაფი სირბილი. როდესაც პატარა ტირის, ამშვიდებენ და ეხმარებიან  მათ თამაშში.

პატარა ბავშვი თანდათან თვითონ ითვისებს ამ  უნარებს და მისი როლიც იცვლება ჯგუფში. მასაც თანდათანობით ანდობენ რთულ დავალებებს, მაგალითად:  ხილის დაჭრა, სუფრის გაშლას, რთული თამაშის დაგეგმვა, სთხოვენ დაეხმაროს პატარებს. ეხლა უკვე თვითონ არის დიდი და შეუძლია აღმზრდელის დამხმარე გახდეს (ამას ხომ დიდი ხანი ელოდა). ეს  ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. აღმზრდელს აღარ უწევს ბავშვისთვის ხელოვნურად იმისი სწავლება, თუ როგორ უნდა მოიქცეს, ის ყველაფერ ამას უფროსი ბავშვების მაგალითზე სწავლობს.

როგორც უკვე აღბნიშნეთ, უფროსი ბავშვები აღმზრდელების დამხმარენი არიან, მათ შეიძლება უკვე მივცეთ კონკრეტული დავალება  და მოვთხოვოთ მათი შესრულება, მაგალითად: დაალაგონ ოთახი თავისუფალი თამაშის შემდეგ. რა თქმა უნდა, დალაგების პროცესში ყველანი  ჩართულები ვართ, როგორც აღმზრდელები, ასევე ჯგუფის პატარებიც, მაგრამ პატარები უფრო ჩვენ გარშემო ტრიალებენ და თამაშ-თამაშით ვალაგებინებთ ოთახს, მაგალითად: ცხენს ეძინება თავლაში უნდა დავაბრუნოთ; სად არიან პატარა ცხვრები? დედიკო ფარეხში ელოდება მათ და ა.შ.

პატარები მალე იღლებიან და დალაგებისადმი ინტერესს კარგავენ. მაგრამ უფროსებისთვის ეს ,,სამუშაოა“ და ბოლომდე უნდა შეასრულონ, აღმზრდელმა კი მთელი  ეს პროცესი უნდა აკონტროლოს, რადგან უნდა მიეჩვიონ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. უფროსი ბავშვები გრძნობენ, რომ პატარები მათზე სუსტები არიან და ჯერ არ შეუძლიათ რთული დავალებების შესრულება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი საბავშვო ბაღში არის თავისუფალი თამაში. თამაში არის ქმედება, რომლის მეშვეობითაც ბავშვი სამყაროს გაგებას, მის შემეცნებას სწავლობს. ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, თამაშში გადაამუშავებს, თამაშის მეშვეობით გამოცდის, თუ რას ნიშნავს იყო ,, დიდი“: დედა და მამა, მეხანძრე, ექიმი და ა.შ. თამაშში სწავლობს სხვა ადამიანთან ურთიერთობას, ივითარებს ფანტაზიას. მაგრამ, სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაში, როცა ბავშვი გარემოცულია მრავალფეროვანი სათამაშოებით, მათ დაივიწყეს თამაში, მათი თამაში პრიმიტიული და ერთფეროვანი გახდა და ხშირად საგნების მარტივ მანიპულაციამდე დადის. ბავშვებს, უბრალოდ, არავინ ასწავლის თამაშს. შერეული ასაკის ჯგუფებში პატარები უფროსებისგან იღებენ იმპულსს, მათგან სწავლობენ თამაშს, გარდა ამისა, თამაშში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები და თამაში უფრო ცოცხალი და საინტერესო ხდება. თითოეული ასაკის ბავშვი მისთვის შესაფერის როლს ირგებს. მაგალითად: უფროსი ასაკის ბავშვები პატარებისთვის აწყობენ თოჯინების თეატრს ან ცირკს, სალაროში ყიდიან ბილეთებს, ან აგებენ გემს და სამოგზაუროდ მიჰყავთ პატარები. ასეთ თამაშში უფროსები სწავლობენ პატარებზე ზრუნვას, გამოიმუშავებენ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობას, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ უმცროსი და-ძმანი, ან საერთოდაც მარტო იზრდებიან უფროსებს შორის.

ვალდორფის საბავშვო ბაღებში განსაკუთრებულად უყვართ მოძრავი რიტმული თამაშები, როგორც უფროს, ასევე პატარა ასაკის ბავშვებს. ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამოძრაო აპარატის განვითარებისთვის, ასევე  სოციალური ურთიერთობის ფორმირებისთვის. უფროსი ბავშვები უნდა იყვნენ არა მარტო მოქნილები და სწრაფები, არამედ მომთმენნი და დიდსულოვნები პატარების მიმართ. როდესაც მხოლოდ ერთი ასაკის ბავშვები არიან ერთ ჯგუფში, მაგ 6 წლისანი, არ აქვთ იმისი განცდა, რომ არიან ყოვლის შემძლენი, არ ეძლევათ იმისი საშუალება, დაეხმარნონ პატარებს, მათში უფრო ერთმანეთის კონკურენციის სურვილი იღვიძებს, რაც ხშირად აგრესიაში გადაიზრდება.

შერეული ასაკის ჯგუფებში ბავშვებს ეძლევათ საშუალება შეიცვალონ მაშინაც კი, როდესაც ბავშვი გაუბედავი და სუსტია. დგება ისეთი მომენტი, როდესაც ის ჯგუფში ხდება დიდი და მას აღიარებენ პატარები. უკვე დიდია, შეუძლია აკეთოს  ისეთი რამ, რისი უფლება ჯერ კიდევ არა აქვთ პატარებს, ისინი მისგან ელიან დახმარებას. ის ხდება აღმზრდელის დამხმარე. აღმზრდელი ზოგჯერ სთხოვს მას, დაეხმაროს ახალმოსულ პატარას ჯგუფის გაცნობაში. პატარა თამაშის ორგანიზებას ავალებს და სთხოვს მასში ახალი ბავშვის ჩართვას.  ეს ბავშვს გამოუმუშავებს საკუთარი თავისა და საკითარი შესაძლებლობების რწმენის უნარს, უფრო თავდაჯერებული ხდება, სწავლობს ურთიერთობებს უცხო ბავშვებთან, რაც ასე აუცილებელია სასკოლო ასაკის ბავშვისთვის.

რა თქმა უნდა, შერეული ასაკის ჯგუფის გაძღოლა არ არის ადვილი საქმე აღმზრდელისთვის. ასეთ ჯგუფებში უმეტესად ოთხი ასაკობრივი საფეხურია, ყველაფერი ეს მოითხოვს დიდ ყურადღებას და თითოეული ასაკის თავისებურებების ღრმა ცოდნას. უნდა იყოს მუდმივად მომზადებული და ცოდნით  აღჭურვილი, რომ თითოეული ასაკის ბავშვისთვის საინტერესო იყოს ბაღში მიმდინარე პროცესები. ასაკობრივად შერეული ჯგუფი არ უნდა იყოს ძალიან პატარა, 18 ბავშვი მაინც უნდა იყოს ჯგუფში. აუცილებელია ორი აღმზრდელი, ერთი ეხმარება პატარებს თამაშის დაწყებაში, მეორე კი ზრუნავს საუზმის მომზადებაზე, უფროსი ასაკის ბავშვები კი ეხმარებიან მათ. ასეთ შემთხვევაში ბაღში მიმდინარე პროცესები არ არის მოსაწყენი, პირიქით, სიხარული, ზრუნვა და სითბო სუფევს მთელი დღის განმავლობაში.

მარიკა ჩხიკვაძე

თბილისის თავისუფალი ვალდორფის

საბავშვო ბაღის აღმზრდელი

მასალების გადაბეჭდვის წესი