კომენტარი

ბერძენიშვილი: ვასაძე ჩემი სტუდენტი რომ ყოფილიყო, პირველ კურსიდან გაირიცხებოდა

16 მარტი, 2016 • 2813
ბერძენიშვილი: ვასაძე ჩემი სტუდენტი რომ ყოფილიყო, პირველ კურსიდან გაირიცხებოდა

პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც 16 მარტს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორ კარასინის განცხადებაზე, საქართველოში არსებულ პრორუსული განწყობებზეც ისაუბრა და   ბიზნესმენ ლევან ვასაძეზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

“საქართველოს ახლა ახალი იდეოლოგი მოევლინა ლევან ვასაძის სახით, რომელიც გვიხსნის, ლიბერალიზმი რა არის და ლიბერი ავენტინური … რომელიც[ლევან ვასაძე] ჩემი სტუდენტი რომ ყოფილიყო, პირველ კურსზე გაირიცხებოდა. ასეთი სისულელეების ტირაჟირებას ახდენს იმ სფეროში, სადაც აბსოლუტურად არაფერი გაეგება. ავენტინური და ლიბერი კი არა, საერთოდ ხომ შეიძლება რაღაც იცოდეს კაცმა? მაგრამ ეს ამ ყაიდისგან ჩვეულებრივი რამ არის. კარასინი და პუტინი ვერ ცვლიან ქართველი ხალხის განწყობას, ქართველი ხალხის განწყობა არის ევროპისკენ,”- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

კითხვას, კონსტიტუციით ქორწინების განმარტების ინიციატივა, მის მიერ ნახსენები ძალების და ლევან ვასაძის დღის წესრიგის მიხედვით მუშაობა არის, თუ არა, ბერძენიშვილი პასუხობს:

“ჩემი აზრით, ესეც [ინიციატივა] ძალიან კარგად ეწერება მაგ[დღის წესრიგის] ნაწილში, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი გამოართვას ხელიდან და თვითონ გააკეთოს, ვინაიდან პოპულარულ იდეად მიაჩნიათ. პარლამენტის თავჯდომარემ თქვა, რომ ეს არის დანაღმულ ველზე შესვლა და მე მას ვეთანხმები. ჯერ ერთი, ეს ცვლილება არაფერს გვაძლევს, კონსტიტუციაში და კანონებში რაც წერია, საკმარისია, მერე, ღია კარის მტვრევას გავს და მესამე, ეს ისევ ანტიდასავლურ ელფერს იძენს, საიდანაც არ უნდა დაიწყო ლაპარაკი, მაინც შეიძენს ამ ელფერს.

ეს[ინიციატივა] კონტექსტში არის, უბრალოდ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თვითონ აიღოს საკუთარ თავზე და ნაკლებად მტკივნეული იყოს, მაგრამ ვინაიდან ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ გავა, მას 113 ხმა არ ექნება, ამიტომ არის სწორდ დანაღმული გზა.”

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განცხადება გააკეთა. კარასინი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად მინისტრების რიტორიკაზე საუბრისას ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ასახელებს.

“ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტული და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი