ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მარგველაშვილი კვოტირების სისტემის დანერგვას მხარს უჭერს

8 მარტი, 2016 • 2081
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მარგველაშვილი კვოტირების სისტემის დანერგვას მხარს უჭერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საქართველოში და კვოტირების სისტემის დანერგვას მხარს უჭერს.

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი თავდაცვის სამინისტროში გენდერული კვირეულის – „ქალი ქვეყნისსამსახურში“ – დასკვნით შეხვედრას დაესწრნენ.  ღონისძიება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

გენდერული კვირეულის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროში წარმოდგენილი იყო ქართველი სამხედრო მოსამსახურე ქალების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა, რომელიც მაკა ჩიჩუამ, გიორგი აბაშიშვილმა და ირინე იმერლიშვილმა დაათვალიერეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„მინდა ყველა ქალს მივულოცო 8 მარტი და აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიამ არაერთი გმირი ქალის სახელი და გვარი შემოგვინახა. დღეს ჩვენ თავდაცვის სამინისტროში ვიმყოფებით, აქ სამხედრო მოსამსახურეებისა 7 % ქალია. დღეს ჩვენ აქ ვხედავთ გმირებს, გმირ ქალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავენ. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად ქალთა როლის გაძლიერება. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების 50% ქალია. ისინი სამოქალქო პოზიციებზე მუშაობენ, საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი თანამშრომლების 54% ქალია. ეს არის მაგალითების ერთი ნაწილი და არა ამოწურვადი, რომელიც გვაჩევებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გასული წელი ქალთა წლად გამოაცხადა, პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საქართველოში და კვოტირების სისტემის დანერგვას. მიგვაჩნია, რომ ქალთა როლი პოლიტიკაში არის განუზომელი და ქალთა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოსაყენებელია,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღეს მაკა ჩიჩუამ და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, ფოტოგრაფ გიორგი ცაავას პერსონალური ფოტოგამოფენა – „ცხრა“ დაათვალიერეს, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.

პირველმა ლედიმ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და საქმიანობის 9 ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ქალი მონაწილეობდა.

“პირველ რიგში, ვულოცავ ყველა ქალს ქალთა საერთაშორისო დღეს! ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულსა და ყველაფერს საუკეთესოს. ეს პროექტი სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც სხვა ხელოვანებასაც მისცემს იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი იმუშაონ მსგავს თემაზე. ამ ნამუშევრებით გამოჩნდა, რომ ფანტასტიკურად შეიძლება წარმოაჩინო ეტლით მოსარგებლე სპორტსმენი ქალი ასეთ ლამაზ და მომხიბვლელ ფორმაში,“ – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუა, საქართველოს პირველი ლედი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მაკა ჩიჩუა, საქართველოს პირველი ლედი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა 1975 წელს, თუმცა ქალებმა ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის თავდაპირველად აშშ–ში დაიწყეს მე–20 საუკუნის დასაწყისში. 1908 წელს ნიუ–იორკში 15 ათასმა ქალმა მოაწყო მსვლელობა. ისინი ითხოვდნენ ნაკლებ სამუშაო საათებს, უკეთეს ანაზღაურებას და საარჩევნო ხმის უფლებას. სწორედ ამ მსვლელობის აღსანიშნავად 1909 წელს აშშ–ში 28 თებერვალი დაწესდა ქალთა ეროვნულ დღედ.

1910 წელს კოპენჰაგენში გაიმართა ქალთა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 17 ქვეყნის 100 ქალი. კონფენრეციაზე გერმანიის ნაციონალ–დემოკრატიული პარტიის წევრის, ქალთა მოძრაობის ლიდერის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაწესდა ქალთა საერთაშორისო დღე – 19 მარტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი