ახალი ამბები

თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი: გადაწყვეტილებას აკადემიურ საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ მივიღებ

8 მარტი, 2016 • 1749
თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი: გადაწყვეტილებას აკადემიურ საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ მივიღებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელ სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით მას რექტორი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა, თუმცა ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას:

გუშინ შევხვდი უნივერსიტეტის რექტორს, ასევე კონსულტაციები მექნება აკადემიური საბჭოს წევრებთან, ფაკულტეტის წამომადგენლებთან, ვისი მხრიდანაც მოხდა ჩემი კანდიდატურის ინიცირება, რის შემდგომაც მივიღებ გადაწყვეტილებას და აუცილებლად შეგატყობინებთ,“ – აცხადებს  გიორგი გაფრინდაშვილი.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატად სენატზე წარსადგენად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევამ თსუ-ის სტუდენტებში პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, გაფრინდაშვილი არ არის ამ თანამდებობისათვის მისაღები კანდიდატი, რადგან ის იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.

7 მარტს გამართულ აქციაზე ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს უთხრა, რომ მას გაფრინდაშვილისთვის ხმა არ მიუცია.

„მანამდე ამ თანამდებობისთვის არჩეული იყო ერთი პიროვნება, ბ-ნი არჩვაძე, რომელსაც აკადემიური საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა მან სენატზე წარდგენამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა. ამის შემდეგ შეირჩა გიორგი გაფრინდაშვილი, რომელსაც საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 4 ადამიანი, მათ შორის მეც, წავიდა წინააღმდეგ,“ – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან საუბრისას.

სტუდენტები ამბობენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი  იმ ძალადობრივი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ხელს უწყობდა სტუდენტების ჩაგვრას და ფიზიკურ ზეწოლას. მათ ამის არგუმენტად სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება მოჰყავთ. ვიდეოში ჩანს 2012 წელს „თარგმნეს“ პრეზენტაციაზე თვითმმართველობის მიერ ნაცემი სტუდენტები და გიორგი გაფრინდაშვილის სიტყვები „არავინ არავის არ სცემს“. გაფრინდაშვილი იმ დროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე იყო. 

სტუდენტების მოთხოვნით გუშინ, 7 მარტს რექტორმა სასწრაფო წესით მოიწვია აკადემიური საბჭოს კრება, რომელსაც 8 წევრი დაესწრო. სტუდია “მონიტორის” გამოძიების  ნახვის შემდეგ საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ გაფრინდაშვილის წარსულის შესახებ, მაგრამ რომც სცოდნოდათ, არ იციან, მაინც მისცემდნენ თუ არა ხმას.

გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას სენატზე 10 მარტს განიხილავენ. წარმომადგენლობითი ორგანო შედგება 42 წევრისაგან.  გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერად ასარჩევად 22 ხმა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი