ახალი ამბები

ჩიქოვანი: პეტრიაშვილზე თავდასხმა უნდა გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა

7 მარტი, 2016 • 1610
ჩიქოვანი: პეტრიაშვილზე თავდასხმა უნდა გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძების მუხლი გადააკვალიფიცირონ, როგორც მკვლელობის მცდელობა.

“ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა იყო თავხედური დანაშაული, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხო. ამ ფაქტმა გააჩინა დაუცველობის განცდა ჩვენს საზოგადოებაში. გვინდა დადებითად შევაფასოთ ფაქტი, რომ შსს-მ ამ საქმის ერთ-ერთი შემსრულებელი უკვე დააკავა, რაც აუცილებლად დაეხმარება გამოძიებას საქმის ბოლომდე მიყვანაში. ამის პირობა შს მინისტრმა ჩვენთან დადო და “თავისუფალ დემოკრატებსა” და საზოგადოებას ამის მოლოდინი გვაქვს. თუმცა ჩენთვის, “თავისუფალი დემოკრატებისტის” საქმე არ ჩაითვლება გახსნილად, სანამ არ დააკავებენ ამ საზარელი დანაშაულის ყველა თანამონაწილეს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, მთელი საზოგადოებისათვის, რომ ამ დანაშაულის ყელა მონაწილე რაც შეიძლება სწრაფად დასაჯონ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთი თავდამსხმელი, მონაწილე ამ დანაშაულისა, არის ჯერ კიდევ თავისუფალი. იმედს გამოვთქვამთ, რომ შს სამინისტრო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველა დამნაშაევს უახლოეს მომავალში დააკავებს.  “თავისუფალი დემოკრატები” კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქმეს გამოძიების ფარგლებში შეეცვალოს კვალიფიკაცია და ის გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შსს-მ, დღეს, 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს თავს დაესხნენ. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე, ჩაქუჩით მიყენებული დაზიანებები თავის არეში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი