ახალი ამბები

„არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ – თსუ-ში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [განახლებადი]

7 მარტი, 2016 • 2208
„არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ – თსუ-ში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [განახლებადი]

„ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილიეგიებს“ – ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია თსუ-ში დღეს, 15:00-ზე დაიწყო. სტუდენტების თქმით, მათი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ 2016 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის 75 წევრი იმყოფებოდა ბაკურიანში „პროექტების მართვა და სტრატეგიული მენეჯმენტის“ ტრენინგზე, რომელზეც უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 24 600 ლარი.

აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ ისინი ითხოვენ თანასწორობას სტუდენტებს შორის და დაუშვებელია სტუდენტების გადახდილი ფულით ერთი ორგანიზაცია მიდიოდეს ბაკურიანში ტრენინგზე. აქცია თსუ-ის პირველი კორპუსის წინ დაიწყო. მათ ზურგი შეაქციეს მათ უკან მდგარ თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტს, რადგან, მათი თქმით, თსუ-ის ადმინისტრაცია ზუსტად ასე იქცევა.

“არა უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფლანგვას” – თსუ-ში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

Posted by netgazeti.ge on Monday, March 7, 2016

 

მოგვიანებით აქციამ რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლა, სადაც სტუდენტები ითხოვდნენ, ვლადიმერ პაპავა გამოსულიყო მათთან და გაეცა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაფინანსდა სტუდენტური თვითმმართველობის ტრენინგი.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც თვითმმართველობის წევრებმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს კაბინეტში, დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებისკენ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. ვლადიმერ პაპავა გამოვიდა სტუდენტებთან სასაუბროდ და განაცხადა, რომ გასულ წელს სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან თვითმმართველობაზე მხოლოდ 22% დაიხარჯა.

აქციის ორგანიზატორების მთავარ მოთხოვნებს უცვლელად გთავაზობთ:

  1. მოვითხოვთ, თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და რექტორატმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ზემოხსენებული და მსგავსი პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილს არამიზნობრივად გახარჯულ თანხად მიაჩნია.
  2. დადგინდეს დასაფინანსებელი პროექტების ღირებულების ზედა ზღვარი, რათა სტუდენტურ თვითმმართველობას, როგორც ამ სფეროს მონოპოლისტს, ნაკლებად მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დიდი ფინანსები გაუკონტროლებლად.
  3. სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები.
  4. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები.

ვლადიმერ პაპავამ სტუდენტების მოთხოვნით სასწრაფო წესით მოიწვია აკადემიური საბჭო, რადგან აკადემიურმა საბჭომ სენატში წარსადგენად აირჩია გიორგი გაფრინდაშვილი, რომელიც იყო თვითმმართველობის წევრი. სტუდენტები აპროტესტებენ 10 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას, რადგან, მათი აზრით, ის მიუღებელი კანდიდატია.

„ის არის იმ ძალადობრივი სისტემის კადრი, რომელიც 2011 წელს ზღუდავდა სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას და ფიზიკურად უსწორდებოდა სტუდენტებს,“ – ამბობს აქციის ორგანიზატორი, გიორგი არობელიძე.

ვლადიმერ პაპავა. თსუ-ს რექტორი. ფოტო: ანა გვარიშვილი/ნეტგაზეთი

ვლადიმერ პაპავა. თსუ-ს რექტორი. ფოტო: ანა გვარიშვილი/ნეტგაზეთი

UPDATE: მიუხედავად სტუდენტების მოთხოვნისა, სტუდენტური თვითმმართველობა ღიად სასაუბროდ არ გამოვიდა და მოითხოვა საუბარი კაბინეტში გაგრძელებულიყო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ისინი არ იღებენ არცერთ ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობას, სადაც არის პრიზი.

კითხვაზე მომავალ წელს დაგეგმავენ თუ არა კვლავ ასეთ ტრენინგს, თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბახტურიძემ თქვა, რომ მას ვადა მაისში გაუდის, შესაბამისად არ იცის მომავალი მოწვევის თვითმმართველობა ისევ დაწერს თუ არა მსგავს პროექტს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ განცახადა, რომ აკადემიური საბჭოს წევრების ნაწილი არ იმყოფება თბილისში. თუმცა, მისი თქმით, 8 კანდიდატი მზადაა საბჭოს ფორმატში შეხვდეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰყავთ წარმომადგენლები და ისინი თანასწორები არიან. ისინი კვლავ საჯარო შეხვედრას მოითხოვენ.

აკადემიური საბჭოს წევრებისა და სტუდენტების შეხვედრა. ფოტო: ანა გვარიშვილი/ნეტგაზეთი

აკადემიური საბჭოს წევრებისა და სტუდენტების შეხვედრა. ფოტო: ანა გვარიშვილი/ნეტგაზეთი

UPDATE: აკადემიური საბჭოს 8 წევრი სტუდენტებს შეხვდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები და საბჭოს წევრები გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურაზე საუბრობენ. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ მათ არ იცოდნენ გიორგი გაფრინდაშვილის ისტორიის შესახებ.

UPDATE: მიუხედავად სტუდენტების მოთხოვნისა, სტუდენტური თვითმმართველობა მათთან ღიად სასაუბროდ არ გამოვიდა და შესთავაზა საუბარი კაბინეტში გაგრძელებულიყო, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობის თქმით, ისინი არ იღებებ არც ერთ ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობას, სადაც არის პრიზი.

კითხვაზე მომავალ წელს დაგეგმავენ თუ არა კვლავ ასეთ ტრენინგს, თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბახტურიძემ თქვა, რომ მას ვადა მაისში ეწურება, შესაბამისად არ იცის მომავალი მოწვევის თვითმმართველობა ისევ დაწერს თუ არა მსგავს პროექტს.

საბჭოს წევრები ამბობენ, რომ არ იცოდნენ გიორგი გაფრინდაშვილის ისტორიის შესახებ. სტუდენტებმა საბჭოს წევრებს აჩვენეს სტუდია მონიტორის ის გამოძიება და ვიდეო-კადრები, სადაც რამდენიმე სტუდენტი ამბობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც გამოდის გიორგი გაფრინდაშვილი და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ არავინ არავის არ სცემს.

სტუდენტები სთხოვენ ვლადიმერ პაპავას, რომ მოუწოდონ გიორგი გაფრინდაშვილს მოხსნას კანცლერობიდან თავისი კანდიდატურა. რექტორმა მზაობა გამოაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე.

“მე ვეცდები, რომ უნივერსიტეტში ხელახლა ჩატარდეს კანცლერის არჩევნები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი