ახალი ამბები

კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე რესპუბლიკელებსა და ოცნებას შორის არ ყოფილა საუბარი

7 მარტი, 2016 • 1233
კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე რესპუბლიკელებსა და ოცნებას შორის არ ყოფილა საუბარი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე პარტია “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის არ ყოფილა საუბარი.

“პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე. არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობაზე კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ კოალიციურ რეჟიმში. კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ სხვადასხვა მსოფლმხედველობა ქვეყნის განვითარებისა. ასევე, ქართულ ოცნებას. და, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტსაბჭოზე სალაპარაკო, შესათანხმებელი რიგი საკითხები”, – განაცხადა კახა კალაძემ 7 მარტს.

რესპუბლიკელებსა და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრ გოგი თოფაძეს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თოფაძემ არაერთხელ გააკრტიკა რესპუბლიკელები.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 3 მარტს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გააკრიტიკა. პრემიერმა ქართული ოცნების პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდა, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. კვირიკაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, ის აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს.

იმავე დღეს კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით თინათინ ხიდაშელსა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 3 მარტს განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია “ სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში” აგრძლებს “ პარტნიორულ თანამშრომლობას”  და დაიწყეს საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დეტალურად არ განუმარტავთ, რას გულისმხობს ორპარტიული შეთანხმება, მაშინ, როცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” სულ ხუთი პარტია შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი