ახალი ამბები

იდენტობის იურისტი: ადამიანთა ჯგუფი ჩვენ მიერ ორგანიზებული ლექციის ჩაშლას ცდილობს

7 მარტი, 2016 • 1727
იდენტობის იურისტი: ადამიანთა ჯგუფი ჩვენ მიერ ორგანიზებული ლექციის ჩაშლას ცდილობს

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტის, მარი გელაშვილის ინფორმაციით, თავისუფალ უნივერსიტეტში ადამიანთა ჯგუფი თათა ცოფურაშვილის საჯარო ლექციის “ჰომოფობიის სოციო-კულტურული ასპექტები” ჩაშლას ცდილობს.

“იდენტობის” ორგანიზებით საჯარო ლექცია Facebook-ზე დაანონსდა. ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორის, თათა ცოფურაშვილის ლექცია თავისუფალ უნივერსიტეტში 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მარი გელაშვილი თქმით, ლექციის დაწყება ვერ ხერდხდება. მისი ინფორმაციით, 15-მდე ადამიანი აუდიტორიაში შევიდა და მენტორს ლექციის წაკითხვის საშუალებას არ აძლევენ.

თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექციის “მდუმარე აქციით გაპროტესტება” გიორგი გაბედავამ გუშინ Facebook-ზე დააანონსა. გაბედავა და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ჰომოფობიის თემაზე უნივერსიტეტებში ლექცია არ უნდა ტარდებოდეს. ისინი ამას პროპაგანდას უწოდებენ.

საჯარო ლექცია პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში ტარდება და კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. იდენტობის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას.

“ლექციაზე მიმოხილული იქნება ის გრანდნარატივები, რომლებმაც ისტორიულად განაპირობა ჰომოსექსუალობის კულტურული რეპრესია და გახდა წინაპირობა ჰომოფობიური დისკურსის ჩამოყალიბებისა. ასევე საუბარი იქნება ჰომოფობიური დისკურსის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაზე დღევანდელ საქართველოში,” – წერია თათა ცოფურაშვილი ლექციის აღწერაში.

მოქალაქეთა ჯგუფი იდენტობას მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციის ჩაშლას ცდილობს © მარი გელაშვილი

მოქალაქეთა ჯგუფი იდენტობას მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციის ჩაშლას ცდილობს © მარი გელაშვილი

იდენტობის განცხადებით, რამდენიმე უნივერსიტეტმა, მაგალითად, სეუ-მ ლექციისთვის აუდიტორიის გამოყოფაზე უარი განაცხადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რამდენიმე კვირის წინ უარი განაცხადა, აუდიტორია დაეთმო ლგბტ კონფერენციისთვის. გენდერის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ თსუ-ში ლგბტ ეროვნული კონფერენციის გადადება მუქარის შემცველი განცხადებების გამო გადაწყვიტეს, რომელიც გიორგი გაბედავასა და მისი მომხრეების მხრიდან ისმოდა.

წინააღმდეგობების მიუხედავად, როგორც იდენტობა აცხადებს, პროექტი გრძელდება და მის ფარგლებში აღნიშნული თემატიკაზე საჯარო ლექციების ჩატარება საქართველოს სხავდასხვა უნივერსიტეტში არის დაგეგმილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი