ახალი ამბები

უსუფაშვილი გამორიცხავს, რომ თეა წულუკიანი ვინმეს აშანტაჟებდეს

7 მარტი, 2016 • 1192
უსუფაშვილი გამორიცხავს, რომ თეა წულუკიანი ვინმეს აშანტაჟებდეს

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გამორიცხავს, რომ თეა წულუკიანი შეიძლება ჩართული იყოს ისეთ პროცესში, რომელიც შანტაჟად კვალიფიცირდება:

„მე გამოვრიცხავ, რომ თეა წულუკიანი, როგორც მინისტრი და როგორც პიროვნება, შეიძლება იყოს ჩართული, თანამონაწილე რაიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება მიეცეს კვალიფიკაცია- „შანტაჟი“,“დაშანტაჟება“ და ასე შემდეგ. ”

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, უსუფაშვილის თქმით, ამ საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი საგონებელში აგდებს:

“ამას ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ხანდახან საგონებელში მაგდებს, რომ ნუთუ შეუძლებელია, რომ როგორმე, ხანდახან მაინც შევჯერდეთ იმაზე, რომ რაღაც საკითხის წესები იყოს ნათელი და შემდეგ ამ წესების შედეგებს დავემორჩილოთ ყველა, ვინც კმაყოფილი დავრჩით თუ უკმაყოფილო. მე რაც ვნახე შეფასებები, პირადად, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული შეფასებები დამეწერა, მაგრამ როგორ შეიძლება ყველაფერი ისე იყოს, როგორც პირადად მე მინდა?!”

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, სახიფათო ტენდეციები მკვიდრდება.

” სახიფათო ტენდენციებს ვამკვიდრებთ ჩვენდა უნებურად, როცა ნელ-ნელა, მაგრამ პრაქტიკულად, საყოველთაო უნდობლობას ვუცადებთ ყველას და ყველაფერს- მედია მიკერძოებულია, პოლიტიკოსი ვიწროპარტიულად აზროვნებს, სასამართლო ვიღაცის ხელშია, პროკურატურა კიდე იქითაა, ის ამიდან გამომდინარე ამას აკეთებს, ის კიდე იმას შვება, სად მივდივართ?! მე მგონია, ვართ ძალიან საყურადღებო ეპოქაში, ავტორიტარული წესრიგიდან დემოკრატიულ წესრიგში გადასვლა ვერ ხდება ერთ დღე-ღამეში. ჩვენ თავი დავაღწიეთ ავტორიტარულ წესრიგს, სადაც მსგავსი საკითხები არც კი ისმებოდა; ყველა ყველაფერს წყვეტდა, ყველა ყველაფერზე თანახმა იყო, ვის, სად გაუშვებდნენ, ვის, საიდან მოხსნიდნენ, ვის, რას დაუწერდნენ.”

უსუფაშვილის განმარტებით,  “ჩვენ  მოქმედი კანონების და წესების ფარგლებში უნდა მივიღოთ და ვაღიაროთ ის გადაწყვეტილებები, რასაც უფლებამოსილი ადამიანები იღებენ, იმის იქით პწკენები და ჭორაობები არანაირად საქმეს არ არგებს”.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პოლიტიზებულია. გიორგი პაპუაშვილი კონკურსში თავადაც მონაწილეობდა, თუმცა სამთავრობო კომისიის გასაუბრების გავლა ვერ შეძლო. იგი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მის მიმართ “ალერგიული” დამოკიდებულება აქვს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობი სანაცვლოდ”კულუარულად” შესთავაზა  ვენეციის კომისიის წევრობის ვადის გაგრძელება.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით, პაპუაშვილის ეს განცხადება უკავშირდება “გაბრაზებას” იმასთან დაკავშირებით, რომ მან ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სამთავრობო კომისიის გასაუბრება ვერ გაიარა.

“ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს. მე მას დავუწერე დაბალი ქულა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მან მოიგონოს ახალ–ახალი ამბები და საზოგადოებას მოუყვეს ზღაპრები. ეს მისი უფლებაა.”

იუსტიციის სასწავლო ცენტრში გასაუბრების შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ხუთი კანდიდატი შეარჩიეს.

სამინისტროს ცნობით, გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამითსამთავრობო კომისიამ ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანამჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი