ახალი ამბები

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა

7 მარტი, 2016 • 1955
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, რომელიც  არ ექვემდებარება გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს“ დირექტორად დარეგისტრირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა  სააგენტომ, 7 მარტის გადაწყვეტილებით, ბაია გადაბაძეს უარი უთხრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დააკმაყოფილა ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილი, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში არსებული მოთხოვნა, მისი შპს ,,სტუდია მაესტროს” დირექტორად რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

რეესტრის ცნობით, 2016 წლის 9 თებერვალს  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ლევან გაჩეჩილაძის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა შპს ,,სტუდია მაესტროს” დირექტორად ეთერ გადაბაძის ნაცვლად მისი – ლევან გაჩეჩილაძის  რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის  2016 წლის 4 თებერვლის შპს ,,სტუდია მაესტროს” პარტნიორთა კრების ოქმი.

იმავე დღეს, 2016 წლის 9 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის შემხვედრი განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია – ლ. გაჩეჩილაძის დირექტორად რეგისტრაციის აკრძალვა.

რეესტრის ცნობით, ეთერ გადაბაძემ მოითხოვა, მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე არ განხორციელებულიყო  შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ცვლილება და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აცხადებს რეესტრი.

ბაია გადაბაძეს 5 თებერვლის მოთხოვნაზე  უარი უთხრა 2016 წლის 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო 2016 წლის 1 მარტს- თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

ლევან გაჩეჩლაძე სტუდია მაესტროს დირექტორად პარტნიორთა საბჭომ 2016 წლის 4 თებერვალს აირჩია. ლევან გაჩეჩილაძე, საკუთარი ძმის, გიორგი გაჩეჩლაძის წარმომადგენელია. თავად გიორგი გაჩეჩლაძე, 2016 წლის 1 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაესტროს 55%-იანი წლის მფლობელი გახდა მას შემდეგ, რაც შეიძინა გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის 15-15%-იანი წილები. მანამდე მაესტრო 25%-ს ფლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი