ახალი ამბები

ომბუდსმენი სამინისტროს მოუწოდებს, 14 წლის გოგოს ქორწინების გამო განათლების შეზღუდვის ფაქტი შეისწავლოს

4 მარტი, 2016 • 1334
ომბუდსმენი სამინისტროს მოუწოდებს, 14 წლის გოგოს ქორწინების გამო განათლების შეზღუდვის ფაქტი შეისწავლოს

საქართველოს სახალხო დამცველმა კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის თ.ა.–ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

სახალხო დამცველმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა, სრულყოფილად შეისწავლოს თ.ა-ს შემთხვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხი და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ხოლო განათლების სამინისტრომ, ომბუდსმენის მოწოდებით, უნდა შეისწავლოს თ.ა.-ს განათლების უფლების შეზღუდვის ფაქტის ირგვლივ სკოლის დირექციის მიერ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საკითხი.

სამინისტრომ უნდა შეისწავლოს, რამდენად სრულდება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები მათ უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ და განახორციელოს სათანადო რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებზე.

განათლების სამინისტროს კასპის რესურსცენტრის მოწოდებული ინფორმაციით, თ.ა-ს შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება მშობლების მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა, თუმცა სკოლის დირექციას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურის ფარგლებში შეტყობინება სოციალური მომსახურების სააგენტოში არ განუხორციელებია, აცხადებს ომბუდსმენი.

საკითხის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ თ.ა-ს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა სრულყოფილად არ შეისწავლა, რადგან სახალხო დამცველისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიების შესახებ. ასევე არ იყო შეფასებული, რამდენად უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და როგორი იყო მისი მდგომარეობა.

“აღნიშნულს ადასტურებდა ის ფაქტი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების მიერ ხაზგასმული იყო მხოლოდ ქორწინების ნებაყოფლობითობა, ხოლო კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების ირგვლივ უნდა გატარებულიყო – არ ჩანდა”, – აცხადებს ომბუდსმენი. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 წლის თ.ა-მ და 17 წლის ა.ვ-მ მშობლების ინიციატივით თანაცხოვრება დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პირი იყო არასრულწლოვანი და ვერ დადგებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიება არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი