ახალი ამბები

სახალხო კრების აქცია თბილისსა და ბათუმში –21 მაისი

21 მაისი, 2011 • 2167
სახალხო კრების აქცია  თბილისსა და ბათუმში –21 მაისი

ფოტორეპორტაჟი

აქციის მონაწილეების მსვლელობა კოსტავას ქუჩაზე:

23.51: ბათუმელები, ბათუმი: ბათუმში დღეს აქცია დასრულდა

ბათუმში სახლახო კრებამ გადაწყვიტა ღამე აქცია შეწყვიტოს და დილით განაახლოს
ბათუმში სახლახო კრებამ გადაწყვიტა ღამე აქცია შეწყვიტოს და დილით განაახლოს

ვახო სიორიძე
ვახო სიორიძე

22.51: ბათუმელები, ბათუმი: ბათუმში სამართალდამცავებმა აქციაზე დააკავეს სახალხო კრების აქტივისტი ოზურგეთიდან ვახო სიორიძე. პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ სწორედ მან ესროლა აჭარის ტელევიზიის შენობას ქვა.

სახალხო კრების აჭარის ხელმძღვანელობა  დაკავებულისთვის ადვოკატის აყვანას აპირებს. ამ დროისთვის ერას მოედანზე კვლავ რჩება აქციის 80 –მდე მონაწილე და 30–მდე პოლიციელი.

 

21:00 ნეტგაზეთი, თბილისი: საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას გამზირზე, სახალხო კრების აქტივისტებმა მიკროავტობუსით ასობით პლასტმასის ჯოხი მოიტანეს. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ მოაქვთ ჯოხები, აქტივისტებმა უპასუხეს, რომ “ეს დროშებია.” მათი მტკიცების მიუხედავად, ჯოხებს დროშები არ ეკეთათ.

20.49 20:10 ნეტგაზეთი, თბილისი: ამ წუთებში კოსტავას ქუჩას კეტავენ სახალხო კრების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას დაკავებული სახალხო კრების წარმომადგენლების გათავისუფლებას თხოვს.


20:10 ნეტგაზეთი, თბილისი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობაში აღარ შევიდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში ჩართო ტელევიზიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოსების გამოსვლები.

20:05  ნეტგაზეთი, ბათუმი სახალხო კრების წარმომადგენელი ბათუმში, მურმან დუმბაძე,ნეტგაზეთთან ბათუმის აქციის დარბევაზე საუბრობს

 


მურმან დუმბაძე აქციის დარბევაზე by netgazeti/batumelebi

20:05 თბილისი ნეტგაზეთი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში შესვლას აპირებს.

20:00 ბათუმელები, ბათუმი ბათუმელების მთავარი რედაქტორს დაახლოებით 15 წუთის მანძილძე გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ წუთებში ეთერ თურაძე აღარ იმყოფება პოლიციელებით გარშემორტყმული.

19:40 ბათუმელები, ბათუმი ოცამდე პოლიციელი “ბათუმელების” მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს გადადგილების უფლებას არ აძლევს. სატელეფონო საუბარში ეთერ თურაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიის წინ დგას და 20– მდე პოლიციელი არ აძლევს უფლებას, ტერიტორია დატოვოს. “მეუბნებიან, რომ ჩემივე უსაფრთხოების მიზნით, თუმცა მე უსაფრთხოდ თავს ვერ ვგრძნობ, რადგან სწორედ ეს პოლიციელები ურტყამდნენ რამდენიმე წუთის წინ წაქცეულ მომიტინგეს”

 



eter turadze | Upload Music

19:30 ნეტგაზეთი, თბილისი ნეტგაზეთის ჟურნალისტის ინფორმაციით, სპეცნაზი,რომელიც აქამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ახლოს მყოფ პოლიციის შენობასთან იყო მობილიზებული, ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის უკან იმყოფება.

19:25: ნეტგაზეთი, თბილისი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნინო ბურჯანაძემ პირველი მოთხოვნა გააჟღერა. მან განაცხადა, რომ სახალხო კრების მოთხოვნაა, საღამოს რვა საათზე ეთერი დაუთმოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა სახალხო კრებას. ამ წუთებში სამართალდამცავები მობილიზებული არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის უკანა მხარეს.

19:15 ბათუმელები, ბათუმი ბათუმში მიტინგი დაარბიეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ბათუმში სახალხო კრების მიერ გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც აჭარის ტელევიზიასთან იმართებოდა, პოლიციის მიერ არის დარბეული. როგორც გაზეთ ბათუმელების კორესპონდენტი იტყობინება, მიტინგის გაქცეულ მონაწილეებს პოლიციელები მისდევდნენ.

18:45 ნეტგაზეთი, თბილისი ნინო ბურჯანაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სახალხო კრების სამოქმედო გეგმის მეორე ნაბიჯს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააცხადებენ. ხოლო როგორც ირაკლი ბათიაშვილმა, კრების წევრმა, განაცხადა, მათი სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი თავისუფლების მოედანთან შეკრებილი ადამიანების საზოგადოებრივ მაუწყებელთან მშვიდობიანი მსველელობა იყო.

18.24 ნეტგაზეთი, თბილისი:საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან პოლიციელებით სავსე სამი ავტობუსი მივიდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმყოფება თბილისის პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი.

18.22 ნეტგაზეთი, თბილისი: საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ასამდე პოლიციელი შევიდა. შენობის გარეთ ამჟამად მხოლოდ ჟურნალისტები არიან. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლებისკენ მიემართებიან.

18.20: “ბათუმელები” ბათუმი: ერას მოედნიდან აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიასთან გადაინაცვლეს

18.08 ნეტგაზეთი, თბილისი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სახალხო კრების აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიემართებიან. აქციის  რამდენიმე ათასი მონაწილის მსვლელობის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ახალგაზრდები, რომლებსაც სახე მწვანე ბენდენებით აქვთ დაფარული, სკანდირებენ–  „საქართველოს სააკაშვილის გარეშე“. მსვლელობას ნინო ბურჯანაძის შვილიც შეუერთდა.

17.40 ნეტგაზეთი, თბილისი: აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიემართებიან

17.39: ნეტგაზეთი, თბილისი: ნინო ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა:

მოგესალმებით, ხალხო, ვისაც ვერაფერმა შეგაშინათ, ხელისუფლებამ ვერ გაგაჩერათ. კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო ხალხი, მაგრამ ხელისუფლებამ დააშინა საკუთარ სახლებშივე ხალხი. ეს იყო ტერორი.

ჩვენ ვიბრძვით არა ხელისუფლებისთვის,  არამედ დემოკრატიისთვის, ნეობოლშევიკური ცხოვრება აღარ გვინდა.

ვისაც ბრძოლა გინდათ, გამოდით და დადექით. ბოლომდე ვიბძოლებთ და მივაღწევთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ დღეს ვიწყებთ ამ გადამწყვეტ ბრძოლას, რამდენიმე საათში კიდევ მეტნი ვიქნებით. რამდენიმე ეტაპიანი ბრძოლა იქნება, რომელიც მოკლე დროში უნდა დამთავრდეს.

17.22: ბათუმელები, ბათუმი

საპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში

17.00 ნეტგაზეთი, თბილისი: აქციაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მალე გააცნობს აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმას. მისი თქმით, ბათუმში მონაწილეები რაიონებიდან ფეხით ჩავიდნენ, რადგან პოლიციამ ტრანსპორტით გადაადგილება შეუზღუდა.

17.00 ნეტგაზეთი, თბილისი: ბადრი ბიწაძის და მისი შვილის გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს  დაცვის თანამშრომლებმა ნეტგაზეთის ჟურნალისტ თამარ ჩხეიძეს

17.00 ნეტგაზეთი, თბილისი: ნეტგაზეთი ცდილობს გადაამოწმოს, აქციის მონაწილე მღვდლები გამოხატავენ თუ არა მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.

16.59 ნეტგაზეთი, თბილისი: აქციაზე ნინო ბურჯანაძის გვერდით იმყოფება თბილისის ღვთისმშობლის ეკლესიის არქიმანდიტი გრიგოლი და სხვა სასულიერო პირები. არქიმანდიტ გრიგოლის თქმით, მღვდლები დადგებიან იქ, სადაც მრევლია. მან ნეტგაზთთან განაცხადა, რომ  აქციას  სხვადასხვა ეპარქიიდან შემუერთდებიან მღვდლები.

16.54 ბათუმელები, თბილისი: ბათუმში, ერას მოედანზე, 3000 მდე ადამიანია შეკრებილი. წარმომადგენლობითი კრების საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა სახალხო კრების წარმომადგენელი აჭარაში მურმან დუმბაძე. მისი თქმით სააკაშვილი უნდა გადადგეს, რადგან მთელი “აჭარა თურქეთს მიყიდა”. ერას ქუჩის პარალელურ უჩებში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აქციის დაწყებამდე ერას მოედანზე  ხელვაჩაურის გამგებელიც იმყოფებოდა.

16.49 ნეტგაზეთი, თბილისი: საპროტესტო აქციაზე ნინო ბურჯანაძის გვერდით სასულიერო პირები დგანან.

16.45. ნეტგაზეთი, თბილისი: თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლები. მონაწილეებს თავდაპირველად გია ბურჟანაძემ მიმართა და განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე დიდხანს დგომას არ აპირებ. ნონა გაფრინდაშვილი გამოდის ამ წუთებში.

16.00 ნეტგაზეთი, თბილისი: მომიტინგეების მსვლელობა ავლაბრიდან თავისუფლების მოედნამდე

16. 24 ნეტგაზეთი, ბათუმელები, ბათუმი:

სახალხო კრების აქცია ბათუმში
სახალხო კრების აქცია ბათუმში

16. 20 ნეტგაზეთი, ბათუმელები, ბათუმი:16სახალხო კრების წარმოადგენელი ბათუმში შალვა გოგიტიძე ამ წუთებში პოლიციაში იმყოფება. მან განაცხადა, რომ სამ საათზე მას ქუჩაში ნიღბიანი პირები დახვდნენ და ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენეს.

Watch live video from stalinsky on Justin.tv

16.00 ნეტგაზეთი, თბილისი აქციაზე ნინო ბურჯანაძე გამოჩნდა. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს გადაკეტილის აქვთ ლესელიძის ქუჩა. ნეტგაზეთის ჟურნალისტის ინფორმაციით, ხალხი მობილიზებულია პარლამენტის შენობის მხარეს.

15.40: ნეტგაზეთი, თბილისი: [live] პირდაპირი ეთერი თავისუფლების მოედნიდანhttp://www.justin.tv/stalinsky#/w/1232964048

15.40: ნეტგაზეთი, თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს,რომ შსს სამინისტროს აქციებთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული განსაკუთრებული ზომები. ჩვენთან საუბარში ის არ აკონკრეტებს თუ რა რაოდენობის სამართალდამცავები არიან მობილიზებულები აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე.” უსაფრთხოების სტანდარტული ზომებია, რომელიც ყველა მასობრივი შეკრების დროს და ახლაც ასეა”,–აცხადებს უტიაშვილი.

15. 15 ნეტგაზეთი, ბათუმელები, ბათუმი: ბათუმში ამ წუთებში იკრიბებიან აქციის მონაწილეები.

15.10 ნეტგაზეთი, თბილისი ამ წუთებში თავისუფლების მოედნის დაახლოებით ნახევარია ხალხით სავსე. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ჯერ არ შეერთებიან ავლაბრის მეტროდან მომავალი ადამიანები. თავისუფლების მოედანზე სახალხო კრების რამდენიმე წარმომადგენელია.

14.50 ნეტგაზეთი, ბათუმელები, ბათუმი: ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და თეტრთან აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან. 100 სახალხო კრების მხარდამჭერი ჩავიდა ბათუმში ქობულეთიდან აქციაში მონაწილეობის მისაღებად. ისინი თეატრისკენ მიდიან.

14.50 ნეტგაზეთი, თბილისი: აქციის მონაწილეები ავლაბრის მეტროდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. ნეტგაზეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, ათასზე მეტი ადამიანი ამ წუთებში ბარათაშვილის ხიდადან თავისუფლების მოედნისკენ მიდიან.

14.45 ნეტგაზეთი, თბილისი:ვარდების მოედნიდან სახალხო კრების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში მიემართებიან თავისუფლების მოედნისკენ და სკანდირებენ “წადი, წადი”.

14.30 ნეტგაზეთი, თბილისი: მე–8 საავადმყოფოს მიმღებში დაადასტურეს, რომ ბესო დანელია და მისი ფეხმძიმე მეუღლე ნამდვილად იმყოფებოდნენ საავადმყოფოში და ნაცემები იყვნენ. სახალხო პარტია გააგრცელა ინფორმაცია, რომ მათი აქტივისტი მუხიანში მცხოვრები ბესო დანელია დღეს, “ახმეტელის მეტროს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად სცემეს. საავადმყოფოს მიმღებში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორივე იმყოფებოდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, მათ გაუწიეს ამბილატორიული მომსახურეობა და უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

14.00 ნეტგაზეთი, თბილისი: ავლაბრის მეტროსთან რამდენიმე ასეული მოქალაქეა შეკრებილი, რომლებიც 3 საათისთვის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ წარმომადგენლობითი სხდომის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მათი ნაწილი რეგიონებიდან არიან ჩამოსული. ისინი აპირებენ ფეხით მსვლელობას თავისუფლების მოედნამდე.

14.00 ნეტგაზეთი, თბილისი:ნინო ბურჯანაძემ პოლიციას მოუწოდება, არ შეასრულოს ხელისუფლების ბრძანებები

13:15–ნეტგაზეთი, თბილისი: ჟურნალისტ შალვა რამიშვილს, რომელიც ვარდების მოედანზე წარმომადგენლობითი კრების მონაწილეებს იღებდა, რეალ ტვ –ის ჟურნალისტმა 50 ლარიანი და 1 დოლარიანი სახეში მიაყარა, მას შემდეგ, არც რამიშვილი ამ ტელეკომპანიის ჯგუფის გადაღება დაიწყო. „მითხრა ეს არ გაუშვა ეთერშიო“– ამბობს რამიშვილი. „რეალტივის“ ჟურნალისტმა დატოვა ვარდების მოედან. 50 ლარიანი დაიკარგა, ერთდოლარიანი კი ვარდების მოედანზე გდია.

12.00– ნეტგაზეთი, თბილისი:

სახალხო კრების მხარდამჭერების ნაწილი ვარდების მოედანზე იკრიბება
სახალხო კრების მხარდამჭერების ნაწილი ვარდების მოედანზე იკრიბება

11.40- “ინტერპრესნიუსი”თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს ოპოზიციის აქტივობები არ აინტერესებს და არც რუსეთის ინტერვენციას ელოდება.  როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება საქმით არის დაკავებული და ოპოზიციის ნაწილის აქტივობა არ აწუხებს. მისი თქმით, თუ აქციებისას ოპოზიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს, “შეუძლიათ დაიწყონ და რამდენი ხანიც უნდა იყვნენ”. იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებს ექნება ადგილი, მათი აღმოფხვრა წყნარად და მშვიდად მოხდება.

11.45 – ნეტგაზეთი, თბილისი: წარმომადგენლობითი სახალხო კრება დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას 13.00 საათზე გამართავს.

11.40- “ინტერპრესნიუსი”, თბილისი: “ქართული პარტია” სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ხელისუფლება ძალადობას მიმართავს, აქციაზე სიტუაცია გამწვავდება და რაიმე ინციდენტი მოხდება.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, მათ არა აქვთ დამოუკიდებლად საპროტესტო აქცია დაგეგმილი, რათა ამან არ გამოიწვიოს საზოგადოების დაბნევა. მისი თქმით, ვერ მოუწოდებენ პარტიის აქტივს, რომ დღევანდელ აქციაზე გავიდნენ, ვინაიდან არ იციან აქციის ორგანიზატორების კონკრეტული გეგმები.

11.30 – ნეტგაზეთი, თბილისი:ბარათაშვილის ხიდთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, მუქი ლურჯი ფორდი გაჩერდა, საიდანაც 2 პირი გამოვიდა. მათ ერთერთ მამაკაცს ხელები გადაუგრიხეს, ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.  უცნობია, ვინ იყვნენ ისინი. აქციის მონაწილეებმა ასევე არ იციან ვინ იყო მამაკაცი, რომელიც წაიყვანეს. „ცუდად დადგული სპექტაკლია“–ამბობენ მოქალაქეები.

11.17 – ნეტგაზეთი, თბილისი: ამჟამად ასამდე ადამიანია შეკრებილი ვარდების მოედანთან. ისინი დღის სამ საათზე სახალხო კრების დაგეგმილ აქციებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თიანეთიდან ჩამოვიდნენ.  „250–მდე ადამიანი აპირებს თიანეთიდან აქციაში მონაწილეობის მიღებას“ –განუცხადეს მატ ნეტგაზეთი ჟურნალისტს. მოქალქეები ჩამოვიდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან მათი განცხადებით პოლიციამ მიკროავტობუსების მძღოლები დააშინა და ორგანიზებულად თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. შეკრებულების უმრავლესობა კაცია

11.10– ნეტგაზეთი, თბილისი: სახალხო კრების 30–მდე მხარდამჭერია შეკრებილი ვარდების მოედანზე.

11.10– ნეტგაზეთი, თბილისი: ამ წუთებში სახალხო კრების დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობის მისაღებად იკრიბებიან მხარდამჭერები თბილისში. ავლაბრის მეტროსთან 150 მდე მოქალაქეა შეკრებილი, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ თბილისში ჩამოსასვლელად პრობლემები არ შექმნიათ და ჩვეულებრივად იმგზავრეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

11.00 – ნეტგაზეთი, თბილისი: დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების საპროტესტო აქციები დაიწყება თბილისსა და ბათუმში. სახალხო კრებამ  თბილისის მერიას  თავისუფლების მოედანზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეატყობინა. შეტყობინებაში მითითებულია, რომ აქციები ოთხი დღის განმავლობასი გაიმართება, 25 მაისის ჩათვლით.

სახალხო კრება საპროტეტსტო აქციებით ხელისუფლების გადაყენებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი