ახალი ამბები

მძღოლების ნაწილს მიკროავტობუსები ჩამოართვეს

21 მაისი, 2011 • 1900
მძღოლების ნაწილს მიკროავტობუსები ჩამოართვეს
ჩამორთმეული მიკროავტობუსები, ბათუმი
ჩამორთმეული მიკროავტობუსები, ბათუმი

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტობაზრობაზე, ათეულობით მიკროავტობუსია გაჩერებული, რომელთაც საპატრულო პოლიციის ლენტა აქვთ შემოხვეული. მძღოლები ამბობენ, რომ მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მიკროავტობუსები ჩამოართვეს,   არაოფიციალურად განუმარტეს, რომ აქციების შემდეგ მათ მიკროავტობუსებს  დაუბრუნებენ. მძღოლებზე სანქციები ოფიციალურად კი სხვადასხვა დარღვევების გამო გაატარეს.

მიკროავტობუსის მძღოლების ნაწილი  აცხადებს, რომ  საპატრულო პოლიციამ  მიკროავტობუსები იმ მძღოლებს ჩამოართვა, რომლებიც  ოპოზიციის მხარდამჭერებად არიან მიჩნეული.

რეზო ბოლქვაძის მიკროავტობუსი ამჟამად სწორედ ავტობაზრობაზეა გაჩერებული. ის ამბობს, რომ 20 მაისს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გააჩერეს და მანქანის საჯარიმო მოედანზე გადაყვანა მოთხოვეს. მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება დაუსახელეს. ბოლქვაძე ქედის რაიონის სოფელ ახოდან ასრულებს რეისებს ბათუმის მიმართულებით: „ყველამ კარგად იცის, რომ სიჩქარეს არასდროს ვაჭარბებ. ბათუმში რომ ცამოვედი, ბავშვთა საავადმყოფოსთან ვისოლის ბენზინგასამართ სადუგრთან შევჩერდი საწვავის შესავსებად. იქიდან წამოსული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გამაჩერეს და მითხრეს, რომ ჩქარა მოვდიოდი. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ამ მონაკვეთზე როგორი დანგერული გზებია და იქ მაღალი სიჩქარით გავლა, კიდევაც რომ მოინდომო, შეუძლებელია“.  სიჩაქარის გადაჭარბება ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა ბოლქვაძე ამბობს, რომ არ დაუჯარიმებიათ.

ბოლქვაძე დარწმუნებულია, რომ მისი ოპოზიციასთან კავშირის გამო დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 მაისის აქციაში თავად არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, მაინც არასაიმედოდ ჩათვალეს. იგი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქედის რაიონში კენჭს იყრიდა ზურაბ ნოღაიდელის პარტიიდან: „ალბათ, ერთადერთი მიზეზი ეს იყო. სხვა ბიჭები, ვისი მანქანებიც გააჩერეს, ჩემნაირ მდგომარეობაში არიან. ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ რითი დამთავრდება ეს ამბავი“.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს, ვისი მანქანებიც საჯარიმო სადგომზე არ მოხვდნენ, მართვის მოწმობების ჩამოართვეს. როგორც ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მათ არაოფიციალურად, მართვის მოწმობის გარეშე მისცეს მოძრაობის უფლება: „გვითხრეს, რომ ქალქაში მოძრაობისას პრობლემა არ შეგვექმნება. თუმცა ქალაქგარეთ გასვლას არ გვირჩევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციის ხალხი თბილისში არ გადავიყვანოთ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

როგორც საპატრულო პოლიციაში განგვიმარტეს, მანქანები დარღვევების გამო გააჩერეს: “ზოგს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ზოგს ტექნიკური პირობები არ უვარგოდა. სხვადასხვა დარღვევების გამო გავაჩერეთ. რატომ მაინცდამაინც ახლა?! ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ და ეს აქტივობა ოპოზიციის აქციას არ უკავშირდება“, –  გვითხრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ოფიციალური კომენტარისთვის პრესსამსახურში გადაგვამისამართა: „ოფიციალური კომენტარი გინდათ?! პრესსამსახურს უნდა მიმართოთ, თუმცა ქალაქის ნომრიდან ვერ დაურეკავთ. შიდა ნომერი აქვს“.

“სახალხო კრების” წარმომადგენელი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მანქანების დაპატიმრების ამბავი 2007 წლის ნოემბრის ამბებს აგონებს: „ძალიან ტექნიკურად მოქმედებენ. გარკვეული სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები მიდიან მძღოლებთან და ეუბნებიან, რომ თუ გაყვებიან თბილისში ოპოზიციის მხარდასაჭერად ხალხის გადასაყვანად, თანხებს სთავაზობენ. ვინც დათანხმდება, მერე მათ მანქანებს აჩერებენ, ამოწმებენ ტექნიკურ მდგომარეობას და ა.შ. ერთი სიტყვით სხვადასხვა მიზეზით აპატიმრებენ მანქანებს.  ვინც არ თანხმდება, მაგრამ საეჭვოა, მას მანქანას უბრუნებენ, მაგრამ მართვის მოწმობას იტოვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ხალხის მასობრივად გამოსვლის შესახებ და პრევენციას მიმართავენ“.

“სახალხო კრების” აქცია დღეს ბათუმშიც არის დაგეგმილი.

ჩამორთმეული მიკროავტობუსები, ბათუმი
ჩამორთმეული მიკროავტობუსები, ბათუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი