ახალი ამბები

სამნიძე: ორპარტიული შეთანხმება არჩევნებამდე მშვიდ ვითარებაში მიგვიყვანს

4 მარტი, 2016 • 1713
სამნიძე: ორპარტიული შეთანხმება არჩევნებამდე მშვიდ ვითარებაში მიგვიყვანს

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიები- ქართული ოცნება და რესპუბლიკელები შეიმუშავებენ ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ არჩევნებამდე სტაბილურ ვითარებაში მივიდნენ.

ხათუნა სამნიძემ ეს განცხადება რესპუბლიკელებისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ამ კონკრეტულ შეხვედრაზე, სადაც კოალიციის ლიდერი, ქართული ოცნების მომავალი თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის წევრები შევხდით, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რა საკითხებთან დაკავშირებით დღეს შეკითხვები გაჩნდა. კონკრეტულად, თავად პრემიერის განცხადებაზე. ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და, როგორც გითხარით, დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში პარტნიორულ თანამშრომლობას და დღეს უკვე დავიწყეთ ასევე საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ  შეთანხმებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე ამ შეთანხმების დეტალებიც გახდება ცნობილი.

ჩვენ დღეს ვართ კოალიციური პარტნიორები. დღეს ერთმანეთს შეხვდა ქართული ოცნების ლიდერი და რესპუბლიკელების ლიდერები. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლოდ ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის თემაზე შეთანხმებას წინასწარ, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე სტაბილურ გარემოში, გვეცოდინება თანამშრომლობის დეტალები და ის კონკრეტული საკითხები, რაზეც იქნება ეს ორი პარტია შეთანხმებული და ვისაუბრეთ სხვა ტიპის საკითხებზე. მალე გახდება ცნობილი შეთანხმების დეტალები,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრები: დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა კვირიკაშვილის მერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა.

ამ განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მკაცრად გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებდა კვირიკაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი