ახალი ამბები

ოპოზიციის პასუხი გია თორთლაძის ბრალდებებზე

19 მაისი, 2011 • • 1179
ოპოზიციის პასუხი გია თორთლაძის ბრალდებებზე

“ის თავის განცხადებებში უფრო რადიკალური, არალოგიკური და გაუგებარია ოპოზიციასთან მიმართებაში, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა – ნაციონალური მოძრაობა,” – ასე შეაფასა “რესპუბლიკური პარტიის” დედაქალაქის საქმეთა მდივანმა თინა ხიდაშელმა ოპოზიციონერი პარლამენტარის – გია თორთლაძის ბრალდებები რესპუბლიკური პარტიის მიმართ.

დღეს  ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გია თორთლაძემ საქართველოში საპროტესტო აქციების ძალადობრივი გზით შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა. პარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ 1991–92 წლის მოვლენები განმეორდეს, რადგან „1990–იანი წლების დასაწყისში, როცა ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით დაამხეს, დღესაც მონაწილეობენ  პოლიტიკურ პროცესებში და ბევრი მათგანი რადიკალურ ოპოზიციას განეკუთვნება,“ –მიიჩნევს გია თორთლაძე.

ნეტგაზეთმა მას სთხოვა, დაესახელებინა იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების სახელები, ვისაც  გულისხმობდა.

„ – გვარებიც გაინტერესებთ? მე პარტიებსაც გეტყვით, თუ გნებავთ. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“. იარაღს არ ისროდნენ, მაგრამ იდეოლოგები კი იყვნენ გადატრიალებისა. მაშინდელი ოპოზიცია კი ტაშს უკრავდა იმას, რაც მოხდა ქვეყანაში.

მის ამ განცხადებას თინა ხიდააშელმა “სისულელე და აბსურდი უწოდა.”

“ეგეთი რამე არ ყოფილა და ვერ მოიტანს იმდროინდელი რესპუბლიკელების ვერც ერთ განცხადებას,  სადაც “რესპუბლიკური პარტია” მხარს უჭერდა სახელმწიფო გადატრიალებას. ასეთი რამე უბრალოდ არ არსებობს. რა კავშირშია ეს ახლანდელ ამბებთან, ცოტა არ იყოს, არ მესმის იმიტომ, რომ ჩვენ ამ წუთას გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რევოლუციური განწყობები არა გვაქვს,” – უთხრა თინა ხიდაშელმა ნეტგაზეთს.

გია თორთლაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციური „რვიანისა“ და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსის აზრით, ეს მოლაპარაკებები უშედეგოა, „რადგან „რვიანში“ ისეთი პოლიტიკური ძალები არიან შესული, რომლებმაც მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა თქვან, რომ მოლაპარაკება არ შედგა, არადა, რეალურად სხვანაირად იქნება.“

“გია თორთლაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან საინტერესოდ იქცევა. მე მას “რადიკალური ხელისუფლებაც” კი შევარქვი, როცა ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას გვეძახდა. ის თავის განცხადებებში უფრო რადიკალური, არალოგიკური და გაუგებარია ოპოზიციასთან მიმართებაში, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა – “ნაციონალური მოძრაობა.” მას ვურჩევ, იქნებ კონსულტაციები გაიაროს ხოლმე თავის პატრონებთან და ისინი დაარიგებენ, როგორ უნდა მოიქცეს, რა განცხადებები გააკეთოს და უფრო ლოგიკური გახდება ეს ყველაფერი,”– გვითხრა თინა ხიდაშელმა.

“რესპუბლიკელებისა” და ოპოზიციური “რვიანის” გარდა, დღეს გია თორთლაძემ ბრალდებები “სახალხო კრებას”, ნინო ბურჯანაძესა და “ქართულ პარტიას” წაუყენა. პოლიტიკოსის აზრით, “სახალხო კრება “ბურჯანაძის დანამატია” და ამ მოძრაობას სწორედ ნინო ბურჯანაძე აფინასნებს და მართავს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი თორთლაძემ რუსეთიდან ფინანსების მიღებასა და რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

„მარტივ ენაზე, ეს არის სამშობლოს ღალატი, ამას ჰქვია სეპარატისტული მოლაპარაკებები და მას სხვა სახელი არ გააჩნია,“ – ასე შეაფასა გია თორთლაძემ ნინო ბურჯანაძის ვიზიტები რუსეთის დედაქალაქში.

პოლიტიკოსმა იგივე ბრალდებები წაუყენა “ქართული პარტიის” ლიდერს და თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ერთადერთი რესურსი “რუსული ფული და რუსული არმიაა.” “ქართულ პარტიაში” ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დღეს პარტიის ლიდერები ამ საკითხზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან ისინი დახურულ შეხვედრაზე იმყოფებიან.

“სახალხო კრებიდან” კი გია თორთლაძის ბრალდებებს ნონა გაფრინდაშილმა უპასუხა.

“რაც მან ცხოვრება განვლო და რაც მან გააკეთა და როგორ დადგა ნაციონალების გვერდით, ყველამ იცის, ამიტომ მიხედოს თავის თავს. რაც შეეხება რუსეთისკენ ხელის შვერას, თავის ხელისუფლებას – ვისთანაც დგას– იმას მოსთხოვოს. თვითონ ჩააბარეს ტერიტორიები და პლუს ამას, თუ რამე სტრატეგიული იყო, ყველაფერი რუსეთის ხელშია. მათ ახლა ეშინიათ სახალხო კრების და წყნარად იყოს, ქალბატონი ნინოს დანამატი კი არავინ არ არის. სანამ ჩვენსკენ კიდევ გამოიშვერდეს ხელს, თავის თავს მიხედოს,” – ასე უპასუხა “სახალხო კრების” ერთ–ერთმა ლიდერმა ოპოზიციონერი პარლამენტარის ბრალდებებს.

ნეტგაზეთმა ნონა გაფრინდაშვილს ჰკითხა, თუ საიდან და როგორ ფინასდება სახალხო კრება.

“ – არავის საკითხავი არ არის ეს!  ჩვენი ფინასები არის ძალიან მწირი. ის ბიზნესმენები, რომლებიც ფულს დებენ, რომ გაცხადდეს, ვინ გვეხმარება, მორჩა მაგათი საქმე. თვითონ მიხედონ თავიანთ თავს. ნაციონალები რა ფულსაც ხარჯავენ, ყველამ კარგად იცის. ვინ არის ეს თორთლაძე საერთოდ, გამაგებინეთ! მაგის ადგილას ხმას ამოვიღებდი? სირცხვილის ნატამალიც არა აქვს, რომ გამოდის და რაღაცას ამბობს?” – გვიპასუხა ნონა გაფრინდაშილმა.

“სახალხო კრებას” 21 მაისისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები აქვს დაგეგმილი, აქციის მიზნად კი ხელისუფლების შეცვლა სახელდება.

ამავე თემაზე: გია თორთლაძე:”ნინო ბურჯანაძე და “ქართული პარტია” რუსეთიდან ფინანსდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი