ახალი ამბები

გია თორთლაძე:”ნინო ბურჯანაძე და “ქართული პარტია” რუსეთიდან ფინანსდებიან

19 მაისი, 2011 • • 1272
გია თორთლაძე:”ნინო ბურჯანაძე და “ქართული პარტია” რუსეთიდან ფინანსდებიან

საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა გია თორთლაძემ „სახალხო კრებას“  და „ქართულ პარტიას“ რუსეთიდან ფინასების მიღება დასდო ბრალად. თუმცა, მან ამის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენეტები ვერ წარმოადგინა.

ფრაქცია “ძლიერი საქართველოს”  თავმჯდომარემ, გია თორთლაძემ დღეს itv-ს მედიაკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, სადაც ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს რუსეთის ინტერესების გატარებაში დასდო ბრალი.

„ნინო ბურჯანაძე რუსეთში ხვდება ოკუპანეტებს – იმ ადამიანებს, რომლებმაც გასცეს განკარგულება, დაებომბათ საქართველო, აღმოსავლეთიდან დაწყებული დასავლეთით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, რუსეთში ქართველი პოლიტიკოსები რომ ჩადიან, ბუნებრივია, ისინი იქ ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ, გარდა ერთი რამისა – მხოლოდ შეუძლიათ მისცენ პირობა, რომ დაფინანსების შემთხვევაში მოაწყობენ აქციებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიცავენ მათ ინტერესებს.“ პარლამენტარის თქმით, არც ერთ ქვეყანაში და მითუმეტეს, საქართველოში, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არა აქვს იმდენი ძალა და გავლენა, რომ სხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები გააუმჯობესოს. „მარტივ ენაზე ეს არის სამშობლოს ღალატი, ამას ჰქვია სეპარატისტული მოლაპარაკებები და მას სხვა სახელი არ გააჩნია,“ – განაცხადა გია თორთლაძემ.

ოპოზიციონერი პარლამენტარის თქმით, რუსეთი ქართულ პარტიებში ყოველთვის ეძებდა ძლიერ დასაყრდენს და ამისთვის ფინასნსური რესურსის ჩადებასაც არ ერიდობოდა. იგი ამას სამომავლოდაც გააგრძელებს.

„როგორც წესი, მერე ეს პარტია არ ამართლებს. ასე დაემართა ნოღიდელის პარტიასაც.  სხვა პარტიებსაც დამართნიათ ასეთი რამ. ისინი მოსკოვიდან უკვე აღარ ფინანსდებიან და რუსეთი ეძებს ახალ და ახალ ძალებს,“ – თქვა გია თორთლაძემ. მისი აზრით, რუსეთი, გარდა ხელისუფლებაში მოსვლისა, ფულს არეულობებშიც ჩადებს. პოლიტიკოსის აზრით, რუსეთისთვის მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა „პროგრამა მაქსიმუმია“ და ეს ქვეყანა საქართველოში არეულობის შექმნითაც დაკმაყოფილდება.

„არეულობაში მე ვგულისხმობ  გადაკეტილ ქუჩებს, რომლებიც შეიძლება იყოს გადაკეტილი 3 თვე. რუსეთი ფულს ასევე ჩადებს იმ საკნებშიც, ქუჩებში რომ იდგა. ეს ერთგვარი სახის დესტაბილიზაციაა იმიტომ, რომ ახალი ინვესტორი ფიქრობს, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში ფულის ჩადება, ძველი ინვესტორი კი ფიქრობს, ხომ არ შეამციროს თავისი ბიზნესი. როცა ქვეყანაში 2–3 –თვიანი მიტინგები იმართება, ეს ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ მუშაობს. რუსეთი ამაშიც გადაიხდის ფულს და ნუ ვიფიქრებთ, რომ რუსეთს მხოლოდ რევოლუცია აინტრესებს – ეს მისთვის პროგრამა მაქსიმუმია.”

 

ნეტგაზეთმა გია თორთლაძეს ჰკითხა:

„თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული დოკუმენეტები და მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რუსეთიდან რა ოდენობის თანხა რა გზიით მიიღო ნინო ბურჯანაძემ, „ქართულმა პარტიამ“, ან სხვა ნებისმიერმა პოლიტიკურმა მოძრაობამ საქართველოში?

„საბუთი იმისა, რომ ახლა ფულს აძლევენ და კადრები იყოს გადაღებული, როგორ გადასცემენ ხელიდან ხელში ფულს, ასეთ საბუთს ვერსად ვერ უპოვით ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას ვერც საქართველოში და ვერც მის ფარგლებს გარეთ, თუ ეს ოფიციალური არ არის და ოფიციალური გადარიცხვა არ არის,“ – გვიპასუხა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა „–მე მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს იმისა, რომ ვერც ერთ კითხვაზე ვერც ქალბატონმა ბურჯანაძემ და ვერც იმ სხვა პარტიებმა, რომლებიც რუსეთში დადიან, ვერ გასცეს პასუხი, ვერ აჩვენეს, საიდან არის ეს ფული. ამბობენ, რომ ეს არის ხალხის ფული. ხალხის ფული არსად არ არის დაფიქსირებული, არც ანგარიშებზე არის შენატანი, არც კონკრეტული ადამიანები ადასტურებენ, რომ ჩვენ შევიტანეთ  ფულიო. ეს ფული ჰაერისგან არ ჩნდება.  კიდევ ერთ განცხადებას გაგახსენებთ, ლავროვის განცხადებას.“

ამის შემდეგ გია თორთლაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება გაიხსენა, სადაც, პარლამენტარის თქმით, ის ამბობს: „ჩვენ ყველანაირად, მათ შორის მატერიალურადაც დავეხმარებით ოპოზიციურ პარტიებს.“  თორთლაძემ ასევე თქვა, რომ ქართველი ოპოზიციონერები რუსული ფულის მოპოვებაში ერთმანეთს ეცილებიან და ამის საილუსტრაციოდ სოზარ სუბარის ბრალდებები გაიხსენა ირაკლი ალასანიას მიმართ.

რამდენიმე დღის წინ ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „რესპუბლიკელების“ ლიდერს, დავით უსუფაშილს უთხრა, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ირაკლი ალასანია სერგეი ლავროვს დაფინანსების საკითხის გასარკვევად შეხვდა. ამ განცხადებას ორივე პოლიტიკური ძალის მხრიდან ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

გია თორთლაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციური „რვიანისა“ და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსის აზრით, ეს მოლაპარაკებები უშედეგოა, „რადგან „რვიანში“ ისეთი პოლიტიკური ძალები არიან შესული, რომლებმაც მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა თქვან, რომ მოლაპარაკება არ შედგა, არადა, რეალურად სხვანაირად იქნება.“

ოპოზიციონერ პარლამეტარს მიაჩნია, რომ საქართველში დაგეგმილი აქციები შესაძლოა, სამშვიდობო, ან ძალადობრივი სცენარით განხორციელდეს. თორთლაძე არ გამორიცხავს, რომ 1991–92 წლის მოვლენები განმეორდეს, რადგან „1990–იანი წლების დასაწყისში, როცა ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით დაამხეს, დღესაც მონაწილეობენ  პოლიტიკურ პროცესებში და ბევრი მათგანი რადიკალურ ოპოზიციას განეკუთვნება,“ –მიიჩნევს გია თორთლაძე.

ნეტგაზეთმა მას სთხოვა დაესახელებინა იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების სახელები, რომლებსაც გულისხმობდა.

„ – გვარებიც გაინტერესებთ? მე პარტიებსაც გეტყვით, თუ გნებავთ. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“. იარაღს არ ისროდნენ, მაგრამ იდეოლოგები კი იყვნენ გადატრიალებისა. მაშინდელი ოპოზიცია კი ტაშს უკრავდა იმას, რაც მოხდა ქვეყანაში.  კონკრეტულ ადამიანებსაც გაგახსენებთ, თუ გნებავთ. ისინი პოლიტიკურ პარტიებში არიან  და  უბრალოდ, არ მგონია, საჭირო იყოს ახლა გვარების ჩამოთვლა.  თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, ვინ მონაწილეობდა იმ ამბებში. მაშინდელი პოლიტიკური პარტიებიც  და ის ხალხიც, ვინც გადატრიალების მერე  დაჯდა სახელმწიფო საბჭოში. გადატრიალების შემდეგ, შევარდნაძის ჩამსოვლიდან პირველივე დღეს, როცა შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, კონკრეტული პარტიები შევიდნენ და კონკრეტული ადამიანები აღმოჩნდნენ იმ საბჭოში. მათ გაამართლეს და უფრო მეტიც, ისინი დადგნენ გადატრიალების გვერდზე. ასეთი ადამიანები არსებობენ და მე უბრალოდ, გვარების ჩამოთვლას მოვერიდები. თუმცა, ერთ–ერთ მათგანს, ყველაზე აქტიურს – გოგა ხაინდრავას გაგახსენებთ და ბევრნი არიან ასეთები,“ – გვიპასუხა გია თორთლაძემ. მან საუბრის დასასრულს ქართული პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებიც შეაფასა: „თუ ის[ირაკლი ოქრუაშილი] ამბობს, რომ მას რამდენიმე საათში შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, ეს ნიშნავს, რომ რუსულ რესურსზე და რუსულ არმიაზეა საუბარი, სხვას ამის გაკეთება არ ძალუძს.“

ნეტგაზეთი მოგვიანებით შემოგთავაზებთ ქართული ოპოზიციური პარტიების პასუხს გია თორთლაძის ბრალდებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი