ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი:”აშშ-ს საელჩოსთან დღეს შესაძლოა ამერიკის დროშა დაიწვას”

16 მაისი, 2011 • • 1165
ეროსი კიწმარიშვილი:”აშშ-ს საელჩოსთან დღეს შესაძლოა ამერიკის დროშა დაიწვას”

ეროსი კიწმარიშვილი ©  თაზო კუპრეიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი © თაზო კუპრეიშვილი

“ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის თქმით, დღეს აშშ-ს საელჩოსთან ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ს დროშის დაწვა. „ქართული პარტიის“ ლიდერის თქმით პროტესტის მსგავს მეთოდებს პარტია არ მიმართავს და ყოველი ასეთი ქმედება „ხელისუფლების პროვოკაცია იქნება.“

დღეს, აშშ-ს საელჩოსთან გასამართ აქციამდე 2 საათით ადრე, „ქართული პარტია“ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, აშშ-მ შეწყვიტოს სააკაშვილის მხარდაჭერა და მხარი დაუჭიროს საქართველოს.

მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი ჟურნალისტებს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, მიმართვა ინგლისურ ენაზეც ითარგმნა და ბარაკ ობამას გაუგზავნიან.

მიმართვის ტექსტის მიხედვით, „ქართული პარტია“ ადასტურებს, რომ „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან მეგობრობა და პარტნიორობა, თუმცა, ნამდვილი და საიმედო პარტნიორობა ძალუძს მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანას და არა საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ყველაფერს იკადრებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.“

აშშ-ს პრეზიდენტისთვის განკუთვნილ მიმართვაში „ქართული პარტია“ წერს, რომ სააკაშილის ხელისუფლებისთვის ჭეშმარიტი დემოკრატია მიუღებელია და ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობროვას მხოლოდ მის სუროგატს სთავაზობს.

„ქართული პარტიის“ შეხედულებით, „ის სოციოლოგიური კვლევები, რომლებსაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები– NDI და IRI– საქართველოში ატარებენ, სამწუხაროდ, დამახინჯებულად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ სურათს, რასაც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშილი სხვადასხვა სპეკულაციებისა და მანიპულაციებისთვის იყენებს.“

ამავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სულ უფრო მეტ ხალხს უჭირს გაიგოს, თუ რატომ უჭერს აშშ-ს მთავრობა მხარს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რადგან მიხეილ სააკაშვილის „ყველა ღონისძიება მიმართულია საქართველოში თავისუფლების სულის ჩასაკლავად.“

ჟურნალისტებისთის ბარაკ ობამასთვის გასაგზავნი მიმართვის გაცნობის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ისინი აპროტესტებენ აშშ-ს მიერ სააკაშვილის მხარდაჭერას და აქცია აშშ-ს საელჩოსთან სწორედ ამ მიზნით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი