ახალი ამბები

გამგეობის დაპირებით, სოფელ ადიგენში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწას გამოყოფენ

2 მარტი, 2016 • 1674
გამგეობის დაპირებით, სოფელ ადიგენში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწას გამოყოფენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად, მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწა გადაეცემათ და ქრისტიანული საფლავებისგან ღობით გამოიყოფა.

სამცხე-ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ სოფელ ადიგენში, მოქმედი სასაფლაოს გვერდით მუსლიმური სასაფლაოსთვის ადგილს გამოყოფენ.

2 მარტს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ-რწმუნებული, სრულიად საქართველოს მუფთი, ადიგენის მუსლიმური და მართლმადიდებელი მოსახლეობა, გამგებელი, ჭულეს მონასტრის წინამძღვარი.

ვაშაყმაძის თქმით, არსებული სასაფლაოს გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც კერძო საკუთრებაშია, შეისყიდის მუნიციპალიტეტი და სასაფლაოს მოაწყობს.

“ტერიტორია იმიჯნება ისე, რომ ორივეს აქვს ცალ-ცალკე შესასვლელი. შეძლებენ თავისუფლად დაკრძალონ მოცვალებული და არ მიაყენონ შეურაცხყოფა არც ერთი რელიგიის წარმომადგენელს. დავთანხმდით იმას, რომ ცალ-ცალკე გამოჯნული ღობით, შესასვლელი-გასასვლელით და ყველამ თავისი რიტუალი შეასრულოს” – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

მისი თქმით, სასაფლაოს დათვალიერებას წინ უძღოდა შეხვედრა, რომელზეც ისაუბრეს მეჩეთის შესაძლო აშენების შესახებაც, რაზეც მხოლოდ მართლმადიდებელი მოსახლეობა აპელირებდა.

ვაშაყმაძის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მეჩეთის აშენებას მუსლიმი მოქალაქეები სოფელ ადიგენში არ აპირებენ. ისინი ითხოვენ, რომ მუნიციპალიტეტმა მიწის ნაკვეთი დროულად შეისყიდოს.

სოფელ ადიგენში მუსლიმი და მართლმადიდებელი მოქალაქეები ერთმანეთს 29 თებერვალს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მუსლიმური სასაფლაოს გამოყოფაა, რასაც ქრისტიანები ეწინაარმდეგებოდნენ იმ მოტივით, რომ სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შემდეგ მუსლიმები მეჩეთს ააშენებდნენ.

საქმეზე შსს გამოძიებას 156-ე მუხლის მიხედვით აწარმოებს, რაც დევნას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი