ახალი ამბები

ტყემალაძე: თუ თოფაძე დატოვებს კოალიციას, პარტიაც დატოვებს

2 მარტი, 2016 • 1356
ტყემალაძე: თუ თოფაძე დატოვებს კოალიციას, პარტიაც დატოვებს

“მრეწველთა” პარტიის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, თუ გოგი თოფაძე კოალიცია “ქართულ ოცნებას” დატოვებს, მაშინ “მრეწველებიც” გავლენ კოალიციიდან. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“გოგი თოფაძე არაფერს არ ადატოვებს, თუ პარტია დატოვებს, გოგი თოფაძეც მასთან ერთად დატოვებს, თუ თოფაძე დატოვებს, პარტიაც მასთან ერთად დატოვებს. ყველამ კარგად იცის, დაპირისპირება რამაც გამოიწვია, იმ უტაქტო განცხადებამ, რაც თავდაცვის მინისტრმა გააკეთა გოგი თოფაძის მიმართ,”- აღნიშნა ტყემალაძემ.

1 მარტს  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გოგი თოფაძის ინიცირებული კანონპროექტი  “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით განიხილეს.

სწორედ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაფიქრდება გოგი თოფაძე პარლამენტის დატოვების თაობაზე, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ განაცხადა.

გოგი თოფაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ამ კანონის გარდა პარლამენტში სხვა კანონებზეც მუშაობს. მისივე სიტყვებით, პარლამენტის დატოვებას ვერავინ დააძალებს:

“ამ კანონს რომ მივიღებთ, რამოდენიმე კანონი მზადდება ჩვენი გუნდის მიერ ქიმიურ დანამატებზეც, იწამლება ხალხი და ძალიან ცუდი კონტროლია სურსათის უვნებლობის საკითხში.  ამას რომ გავიტანთ, მერე უკვე ალბათ გადავიფიქრებ კიდეც.  მე ვერავინ დამაძალებს, ვრჩები პარლამენტში და ვიქნები, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი