ახალი ამბები

ინციდენტი ზუგდიდში

13 მაისი, 2011 • • 1152
ინციდენტი ზუგდიდში

„არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს  იარაღის მუქარით სიმღერას აიძულებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“ – იუწყება ზუგდიდში დაფუძნებული ინტერნეტგამოცემა Livepress.ge წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ოთხშაბათს საღამოს მოხდა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჭითაწყალში მდებარე ეკლესიის ეზოში.

„ხვიჩა ეკლესიაში შეშინებული შემოვარდა, იძახდა, იარაღით მემუქრებოდნენ, იმღერე, თორემ მოგკლავთო“ –განუცხადა  Livepress.ge –ს ეკლესიის მესანთლე  ნანი კუკავამ.

ინტერნეტგამოცემის  წყაროს ცნობით,  ეკლესიიდან გამოსული მღვდელი ანდრია ლიპარტიამ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რომლის შემდეგაც  ეკლესიიის ეზოში სროლის ხმა გაისმა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, აღიძრა თუ არა საქმე. ნეტგაზეთი შსს პრესსამსახურის უფროსს შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის და საკითხის გარკვევას დაგვპირდა.  შსს-სგან ინფორმაციის მიღებისთანავე ნეტგაზეთი მას მოგაწვდით.

 

Livepress.ge აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს თენგიზ გუნავას დაუკავშირდა, რომელმაც შეკითხვის მოსმენისთანავე ტელეფონი გათიშა. შეკითხვას არ უპასუხა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა რუსლან შომახიამაც.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი