ოპოზიცია ურთიერთთავდასხმებზე გადავიდა

ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლების შეცვლას რევოლუციით გეგმავს, მეორე ნაწილი – არჩევნების გზით. ხელისუფლება მეორე ნაწილთან, იგივე «რვიანთან», შეწყვეტილი თანამშრომლობის აღდგენას არ ჩქარობს, პირველ ნაწილს კი – «ქართულ პარტიასა» და «სახალხო კრებას» – ხელისუფლებაცა და «რვიანიც» «რუსული სცენარით» მოქმედებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლების შეცვლას რევოლუციით გეგმავს, მეორე ნაწილი – არჩევნების გზით. ხელისუფლება მეორე ნაწილთან, იგივე «რვიანთან», შეწყვეტილი თანამშრომლობის აღდგენას არ ჩქარობს, პირველ ნაწილს კი – «ქართულ პარტიასა» და «სახალხო კრებას» – ხელისუფლებაცა და «რვიანიც» «რუსული სცენარით» მოქმედებაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, რუსეთთან ალიანსში «ქართული პარტიის» ლიდერმა სოზარ სუბარმა გუშინ «რვიანის» შემადგენელი სამი პარტია – «რესპუბლიკელები», «ახალი მემარჯვენეები», «თავისუფალი დემოკრატები» – დაადანაშაულა. სუბარის თქმით, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მათი ლიდერი ირაკლი ალასანია (ამ დროისთვის ეს სამი პარტია შედიოდა «ალიანსი საქართველოსთვის» შემადგენლობაში, რომლის ლიდერი იყო ალასანია და საწყის ეტაპზე ამავე ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი იყო თავად სოზარ სუბარიც) «შემთხვევით არ შეხვედრია» მიუნხენში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს – სერგეი ლავროვს.

«ამ შეხვედრას წინ უძღოდა სხვა შეხვედრები და ეს არ იყო დერეფანში შემთხვევით შეხვედრა. იყო სხვა მოლოდინი, არჩევნებში მხარდაჭერაზე მოლოდინი იყო», – განაცხადა სოზარ სუბარმა გუშინ ტელეკომპანია «კავკასიის» ეთერში «რესპუბლიკური პარტიის» ლიდერთან – დავით უსუფაშვილთან დებატებისას.

ამავე ეთერში სუბარმა «რვიანი» «ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან» ალიანსშიც დაადანაშაულა:

«ნაციონალების» და თქვენი განცხადებები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომაც არის შეიძლება, რატომაც ხართ შეკრულები».

სუბარის ბრალდებები უსუფაშვილის კომენტარს მოჰყვა, როდესაც მან «ქართული პარტიის» მიერ 16 მაისს აშშ–ს საელჩოსთან დაგეგმილი აქცია და ქვეყანაში რევოლუციის მოხდენის მცდელობა გააკრიტიკა:

«ამ რევოლუციის ლეგიტიმაციას თქვენ სად აპირებთ საერთაშორისო ასპარეზზე? ვინ გინდათ, რომ გიღიაროთ ეს რევოლუცია? რჩება ერთადერთი ძალა – რუსეთი», – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის ამ განცხადებას სოზარ სუბარის ზემოთ აღნიშნული ბრალდება მოჰყვა, ამ ბრალდებებს კი უსუფაშვილის კონტრბრალდებები სუბარის მიმართ, კერძოდ, წარსულის დეტალების გახსენება იმის თაობაზე, თუ როგორ და რატომ მიატოვა სუბარმა «ალიანსი» შუა ბრძოლაში და როგორ გახდა ლევან გაჩეჩილაძე (ამჟამად «ქართული პარტიის» ერთ–ერთი ლიდერი) «ალიანსის» წარუმატებლობის მიზეზი.

ურთიერთბრალდებების სერია ოპოზიციამ დღესაც გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში აღარ ისურვა მეტი კონკრეტიკის შეტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის მხარდაჭერას მოელოდა ალასანია და მისი გუნდი გასული წლის არჩევნებში რუსეთისგან.

«რესპუბლიკური პარტიისგან» – «ნაძირალა», «თავისუფალი დემოკრატებისგან» – «გაულაწუნე ბიჭი, რომელსაც ციციკორეც ვეღარ უშველის», «ახალი მემარჯვენეებისგნა» – «სამარცხვინო» – ასეთი შეფასებები მოჰყვა სოზარ სუბარის გუშინდელ გამოსვლას ბრალდების ადრესატებისგან.

სუბარის ბრალდებები დღეს «სახალხო კრების» ერთ–ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაიზიარა და აღნიშნა, რომ «შემთხვევით დერეფანში შეხვედრას 45-წუთიანი დიალოგი არ მოჰყვება».

ოპოზიციურ პარტიებს შორის გამწვავებულ დაპირისპირებას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია ხელისუფლებიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი