ახალი ამბები

“რვიანი” ხელისუფლებას ვადას მაისის ბოლომდე აძლევს

12 მაისი, 2011 • • 1261
“რვიანი” ხელისუფლებას ვადას მაისის ბოლომდე აძლევს

ოპოზიცური “რვიანი” მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს უღირსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ხელი შეუწყოს საარჩვნო საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დადგენილი წესებით, დადგენილ ვადებში. ოპოზიციური “რვიანის” წარმომადგენლებმა ეს განცხადება დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

ზვიად ძიძიგურის თქმით, ისინი ხელისუფლებისგან შეთავაზებულ წინადადებებზე წერილობით პასუხს მაისის ბოლოსთვის ელიან, რადგან პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქარაძესთან აღნიშნულ დროზე მოლაპარაკებების დაწყებისას შეთანხმდნენ. ოპოზიციური “რვიანი” ხელისუფლების პასუხს პირველ რიგში ამომრჩეველთა აღრიცხვასა და საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ელოდება.

დადგენილ ვადებში ხელისუფლებისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური “რვიანი” მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას მთლიანად საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს.

“ჩვენ ამ გარემოების გათვალისწინებით და ყველა კონსტიტუციური საშუალების გამოყენებით გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად,” – ნათქვამია “რვიანის” ერთობლივ განცხადებაში. ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ, მათი აზრით, ხელისუფლება საქართველოში არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ზვიად ძიიძგურმა კი განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკებების გაჭიანურებით ხელისუფლება “რევოლუციურ პარტიებს” დამატებით არგუმენტებს აძლევს, რათა მათ კიდევ ერთხელ თქვან, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს და რევოლუცია უნდა მოხდეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მოლაპარაკებების დასრულების საბოლოო თარიღმა მაისის ბოლოდან კიდევ გადაიწიოს, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ უპასუხა, რომ ხელისუფლებას მაისის ბოლომდე “დრო თავზესაყრელად აქვს” და ძირითადი გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ნება და რამდენიმე დღე სჭირდება.

ოპოზიცურ “რვიანს” მიაჩნია, რომ “მძიმე ვითარებაშია აღმოჩენილი მმართველი რეჟიმი და ის, ოპოზიციური “რვიანის” სამართლიანი მოთხოვნებისგან თავის დასახსნელად, ხელს უწყობს მოსახლეობის არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვივებას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას.”

ოპოზიციური “რვიანი” ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს, თუმცა მხარეებს ჯერეჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. “რვიანის” განცხადებით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ისინი ბრძოლას კონსტიტუციური მეთოდებით გააგრძელებენ, თუმცა ბრძოლის კონკრეტულ გზებზე მაისის ბოლოს ისაუბრებენ.

“რვიანის” შემადგენლობაში ამჟამად რვა ოპოზიციური პარტია ირიცხება: ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ქრისტიან-დემოკრატები, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და კონსერვატიული პარტია.

 

ამავე თემაზე:

ოპოზიციის ორი გზა და ერთი მიზანი

რას სთავაზობს ოპოზიციური “რვიანი” ხელისუფლებას

ოპოზიციური „რვიანი“: კომპრომისი გამორიცხულია

ოპოზიციური „რვიანი“ კონტრშეტევისთვის ემზადება

„საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება დროის გასაჭიანურებლად იყენებს“

არჩევნების ბიომეტრია

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიის შეხვედრის დეტალები

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი