ახალი ამბები

კვაჭანტირაძის ცნობით, საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაცია ხვალ გამოქვეყნდება

1 მარტი, 2016 • 1487
კვაჭანტირაძის ცნობით, საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაცია ხვალ გამოქვეყნდება

ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რეკომენდაციით მომდევნო კვირაში წარსდგება. შესაბამის ინფორმაციას კვაჭანტირაძე ფეისბუკზე აქვეყნებს:

“მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ხვალ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად. გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღგმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა. დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას”, – წერს კვაჭანტირაძე.

მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუ…

Posted by Zviad Kvatchantiradze on Tuesday, March 1, 2016

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური ნაწილი საქართველომ და უკრაინამ გასული წლის დეკემბერში დახურეს. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

პირველი ეტაპი: ევროკომისია იწყებს მინისტრთა საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 (რომელიც პირობითად ორ ნაწილად ჰყოფს არაევროკავშირის ქვეყნებს. პირველ ჯგუფში შედიან ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც ესაჭიროებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად, მეორეში კი ისინი, ვისთვისაც მსგავსი მოთხოვნა არ არის. საქართველო ამ ეტაპზე პირველ ჯგუფში შედის) შესატანი ცვლილების მომზადების შიდა პროცედურას და საკითხს ათანხმებს შენგენის ზონის მონაწილე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

მეორე ეტაპი: ცვლილებები ითარგმნება ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე;

მესამე ეტაპი: 28 ევროკომისარი განიხილავს ცვლილებებს და მხარს უჭერს მას.

მეოთხე ეტაპი: ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, კენჭი უყაროს საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 ცვლილების შეტანის საკითხს და საქართველოს.

მეხუთე ეტაპი: ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მეექვსე ეტაპი: მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას):
საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

მეშვიდე ეტაპი: გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

მერვე ეტაპი: გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი