ახალი ამბები

ადიგენში რელიგიური დაპირისპირების შესახებ დაზარალებული საუბრობს [აუდიო]

29 თებერვალი, 2016 • 1972
ადიგენში რელიგიური დაპირისპირების შესახებ დაზარალებული საუბრობს [აუდიო]

სოფელ ადიგენში მცხოვრები დავით შავაძე, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების დროს დაშავდა, ამბობს, რომ კონფლიქტი მართლმადიდებელ სამღვდელოებასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა დაიწყეს.

დავით შავაძე იხსენებს, რომ 29 თებერვალს, 18 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფლის მცხოვრებლები შეკრიბა, რათა ემსჯელათ მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხზე. კრებას მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა.

დავით შავაძის თქმით, მუსლიმებისთვის აკრძალულია სხვა სარწმუნოების ადამიანების საფლავების გვერდით  დასაფლავება.

იგი ამბობს, რომ 20 მუსლიმი ოჯახი, რომელიც სოფელში ცხოვრობს, გასულ წლებში არიან დასახლებული და აქამდე მათ სასაფლაოს საჭიროება არ ჰქონიათ. რაც შეეხება სოფლის მართლამდიდებელ მოსახლეობას, მათაც ასევე სჭრიდებათ ტერიტორია სასაფლაოსთვის.

დავით შავაძის განმარტებით, სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ გამოყოფდნენ ტერიტორიას, სადაც ერთად იქნებოდა მუსლიმური და ქრისტიანული სასაფლაო, ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი ღობით იქნებოდა გაყოფილი.

ამის შემდეგ, შავაძის განმარტებით, 2 მანქანით მივიდნენ ადამიანები, რომლებიც მუსლიმებს დაუპირისპირდნენ. მისი თქმით, იქ იმყოფებოდნენ გამგებელი და მისი მოადგილე.

ჩხუბისა და სიტყვიერი შეურახყოფის შემდეგ დავით შავაძეს თვალი აქვს ჩალურჯებული. მისი ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ასევე დაშავდნენ რიონ და ავთანდილ იაკობაძეეები.

თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც ჩხუბი დასრულებული იყო. ამის შემდეგ გამგებელმა გადაწყვიტა, რომ კრება დაშლილიყო და საკითხი სხვა დროს განეხილათ.

“უმცირესობაში ვართ ჩვენ. ვიჩაგრებით”, – ამბობს შავაძე და დასძენს, რომ სოფლის ყველა მართლმადიდებელი მცხოვრები სასაფლაოს გამოყოფის წინააღმდეგი არაა. იგი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებმაც კონფლიქტი გააღვივეს, მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან არიან დაკავშირებული.

შსს აცხადებს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ დაუწყია. მუსლიმებსა და მართმადიდებლებს შორის დაპირისპირების შესახებ “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა ინფორმაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი