ახალი ამბები

“TV პირველის” ინფორმაციით, ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება

29 თებერვალი, 2016 • 1933
“TV პირველის” ინფორმაციით, ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნოს სიის პირველი ნომერი იქნება. ეს ინფორმაცია მაყურებელს “პირველის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გააცნო.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ენმ-ს სიის ათეულში იქნებიან ადვოკატები- ოთო კახიძე და ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი და, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, ჯერ კიდევ ყოყმანობს.

“დღეისათვის ესეც და სხვა საკითხებიც გაკრვეული არ არის”, – ამბობს დეპუტატი სერგო რატიანი ზემოხსენებული ინფორმაციის საპასუხოდ.

“დღეს ვერაფერს დავადასტურებთ. დღეს ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებთ. ის, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არის მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს პირველი ათეული და საერთოდ სია… სია რომ მეტწილად განახლებული უნდა იყოს იმ ადმაიანებით, რომლებსაც, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ, ეს იქნება ძალიან ცხადი”, – აცხადებს ტელევიზიასთან საუბრისას ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

“სანდრა რულოვსი ჩვენი დიდი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. ის არის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის არის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სამოქალაქო, სოციალურ აქტივობაში”, – განმარტავს რატიანი.

იურისტ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, “TV პირველის” მიერ გავრცელებული ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელშიც თვითონაც ფიგურირებს, “როგორც ჩანს, ინგა გრიგოლიას ვარაუდია”.

თუმცა ბიბილაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს,  წარსდგება თუ არა ენმ საზოგადოების წინაშე სიაში დასახელებული ათეულით.

“მე როგორც ვხვდები, ეს ინგას [გრიგოლიას] ვერსიაა. ასეთი ვერსიები მეც გამიგია, მაგრამ უშუალოდ პარტიის სიასთან არავითარი კავშირი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის სია ჯერ არ შედგენილა. სია შედგება და საზოგადოებას შესაბამის ვადებში წარედგინება.

[საარჩევნო სიასთან დაკავშირებით] საუბრები, ბუნებრივია, ნებისმიერ [პარტიულ] ორგანიზაციაში მიმდინარეობს, მაგრამ ჩამოყალიბებული სახით ჯერ არაფერი არსებობს. მე გარწმუნებთ, რომ ძალიან კარგი, კომპეტენტური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული იქნება სია შესაბამის ვადაში”, – ამბობს ბიბილაშვილი.

ბიბილაშვილის თქმით, მისი განცხადებები ამ შემთხვევაში მხოლოდ მას ეხება, რადგან სხვების სახელით ვერ ისაუბრებს:

“მოგეხსენებათ, [ენმ-ს] პოლიტსაბჭოში მეც ვარ, რაღაც ინფორმაცია მაქვს… რაღაც საუბრები არის, მაგრამ ეს საუბრები წინასაარჩევნო წლისთვის უჩვეულო არაა, მაგრამ ეს სია, რიგითობა გნებავთ თუ შემადგენლობა, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. შეიტყობთ შესაბამის ვადაში”, – ამბობს ბიბილაშვილი.

ნეტგაზეთი ცდილობს ტელეკომპანია “პირველის” მიერ ენმ-ს სიის ათეულის წევრებად დასახელებულ ადამიანებთან დაკავშირებას და მათ კომენტარებსაც შემოგთავაზებთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი