ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ–ს ვიზების ხანგრძლივობა იზრდება

4 მაისი, 2011 • 1205
საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ–ს ვიზების ხანგრძლივობა იზრდება

აშშ-ს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კატეგორიის აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტურისტული და სამუშაო (B1/B2), ასევე ტრანზიტული (C1/D) მრავალჯერადი ვიზების ხანგრძლივობა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გაიზრდება. აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდა შეეხება A, F, G, H, J, L, M, O, P, Q, R კატეგორიებსაც, რომლებიც არსებული მრავალჯერადი 12-თვიანი ვიზებიდან 60 თვემდე გახანგრძლივდება. რაც შეეხება B, C, D კატეგორიის მრავალჯერად ვიზებს, მათი მოქმედების ვადა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გახანგრძლივდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება 15 მარტს ვაშინგტონში გამართული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის და, ამავდროულად, სტიმულს მიანიჭებს სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ კავშირ-ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი