ახალი ამბები

რა შედეგით დასრულდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები

4 მაისი, 2011 • • 1166
რა შედეგით დასრულდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები დილიდან ავრცელებენ. მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის აპრილის ბოლოს შვეიცარიაში მიმდინარეობდა.

ლენტა.რუ-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას სირთულეები საქართველოს მოთხოვნის გამო შეიქმნა. საქართველო რუსეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესებას ითხოვს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. თუმცა გაზეთი “კომერსანტი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები ერთობლივი საბაჟო კონტროლის შესაძლო მექანიზმებს განიხილავენ, რაც ქართველი მებაჟეების საბაჟოზე ფიზიკურ ყოფნას გამორიცხავ. უბრალოდ, რუსული მხარე საქართველოს ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში მიაწვდის. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებზე ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები „წარმატებით მიმდინარეობს და ის წახალისებული იქნა ორივე მხრიდან.“

„დეტალების თაობაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, იმდენად, რამდენადაც მხარეებს შორის არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ დეტალები ამ ეტაპზე არ იქნას გამჟღავნებული. თუმცა უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ნაბიჯია ის, რომ დაიწყო ძალიან სერიოზული კონკრეტული წინადადებების განხილვა შინაარსობრივ საკითხებზე, რაც, თავისთავად, ფორმალურ საფეხურს გასცდა,“- განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე ინფორმაციით, მაისში გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსა და რუსეთის ისევ იგივე წარმომადგენლები ისხდებიან და კვლავ შვეიცარიაში  ჩატარდება.

ორ ქვეყანას შორის მოლპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე 2011 წლის მარტში დაიწყო. რუსეთი ორგანიზაციაში გაწევრიანებას უკვე 17 წელია ცდილობს და მას ამისთვის ვმო-ს ყველა წევრის – 153 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. რუსეთს ამჟამად, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყნის თანხმობა აქვს, საქართველოს კი მის მიმართ აქვს მოთხოვნები, რომლის შესრულების გარეშეც უკვე წლებია, თანხმობას არ აძლევს.

 

ამავე თემაზე:

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების შესახებ

რუსეთი WTO-ში მხოლოდ პოლიტიკის გავლით


მასალების გადაბეჭდვის წესი