ახალი ამბებისაზოგადოება

სამინისტრო დევნილების შერჩევას და მათთვის იპოთეკური სესხების დაფარვას გეგმავს

29 თებერვალი, 2016 • 1289
სამინისტრო დევნილების შერჩევას და მათთვის იპოთეკური სესხების დაფარვას გეგმავს

დევნილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილებს, ვისაც სახლის ან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური სესხები აქვთ, სრულად ან ნაწილობრივ დაუფარავენ.

“შერჩევის კრიტერიუმი სოციალური ნიშანი არ იქნება”,- ამის შესახებ დღეს, 29 თებერვალს მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა კითხვაზე, როგორ შეირჩევიან ის ოჯახები, ვისაც სესხებს დაუფარავენ.

როგორც რეხვიაშვილი ამბობს, ესენი შეიძლება იყვნენ დასაქმებული ადამიანები, მათ შორის საჯარო სექტორში, ვისაც აქვთ შემოსავალი, აქვთ გარკვეული დანაზოგიც.

იმ შემთხვევაში, თუ სესხის ოდენობა 20 ათასი ლარი ან ნაკლებია, შერჩეულ ბენეფიციარებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს მას, უფრო მეტი თანხის შემთხვევაში – სესხის დიდ ნაწილს.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პროექტი მესამედ ცხადდება. მეორე ეტაპის ფარგლებში, ოფიციალური ცნობით, სამინისტრომ იპოთეკური სესხი 23 დევნილ ოჯახს დაუფარა. პროექტის პირველ ეტაპზე კი – 49 ოჯახს.

პროექტისთვის, როგორც შოთა რეხვიაშვილი ამბობს, 2015 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო მილიონი ლარი. ფულის იგივე რაოდენობაა განსაზღვრული წელსაც.

2016 წლისთვის განაცხადების მიღება 1 მარტიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი